10.08.2023
"ზესტაფონი" "ბორჯომთან" შინ დამარცხდა
მიმდინარე წლის 10 აგვისტოს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის სტადიონებზე გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მეცამეტე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის არენაზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" საფეხბურთო კლუბ "ბორჯომს" უმასპინძლა...
ბორჯომელებთან მატჩის პირველი ნახევარი მასპინძლეთა უპირობო უპირატესობით წარიმართა - უკვე მატჩის დებიუტში გოლი უნდა გაეტანა მასპინძელთა ფორვარდ ზაალ ზუზაძეს, თუმცა სტუმართა მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ბურთის დამუშავებისას დრო დაკარგა და მომენტიც გააცუდა...
სამაგიეროდ, წარმატებული გამოდგა ზაალ ზუზაძის მეორე მცდელობა - შეხვედრის მე-18 წუთზე მოედნის ცენტრიდან ლაშა კუჭაშვილის ძალიან კარგი გადაცემის შემდეგ, შეტევის მარცხენა ფლანგიდან თამაშში გოგა ქვარცხავა ჩაერთო და თანაგუნდელი ფორვარდი გამოზომილი გადაცემით მოამარაგა, იქ კი ზუზაძემ ყველაფერი ცივსისხლიანად შეასრულა...
მალევე ანგარიშის ორამდე გაზრდა გიორგი სამხარაძეს მართებდა, თუმცა მისი თავური ბორჯომელთა კარს სულ რაღაც სანტიმეტრებში ჩაუარა. პირველი ტაიმის მიწურულს ზესტაფონელთა სწრაფი იერიშისას სტუმართა საჯარიმოში ისევ ზაალ ზუზაძე შეიჭრა და ოპონენტთის ფეხთან კონტაქტის შემდეგ მოედანზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. არბიტრმა თორნიკე ნაკაიძემ ეს მომენტი სიმულაციად შეაფასა და ზესტაფონელი ყვითელი ბარათით "დააჯილდოვა"...
უნდა ითქვას, რომ პირველი ტაიმის მიმდინარეობისას სტუმრებს მასპინძელთა კართან არაფერი ღირებული არ შეუქმნიათ, სამაგიეროდ მეორე ტაიმში მათი მეტოქის ნახევარზე პირველივე გადასვლა შედეგიანი აღმოჩნდა - 52-ე წუთზე, ზესტაფონელთა კიპერის არაზუსტი გადაცემის შემდეგ სტუმრებმა სწრაფი იერიში განახორციელეს და მიხეილ გაბაძემ ანგარიში გაათანაბრა...
მასპინძლები სულაც არ აპირებდნენ ქულების დაკარგვას და გაშვებული გოლის საპასუხოდ სახიფათო მომენტების მთელი წყება შესთავაზეს სტადიონზე შეკრებილ პუბლიკას. გოლი ჯერ უნდა გაეტანა გიორგი სამხარაძეს, რომლის კიდევ ერთი თავური კარში სასწაულებრივ არ შევარდა, შემდეგ სახიფათოდ ურტყავდნენ შალვა ცქიფურიშვილი და ლუკა დევდარიანი, ხუთიოდე მეტრიდან კარს ააცილა თორნიკე შალამბერიძემ, ნიკა ხელიძემ კი სულაც ძელს გაარტყა...
შემდეგ კი მოხდა ეპიზოდი, როდესაც ზესტაფონელები ოპონენტთა კარში თერთმეტმეტრიანის დანიშვნას კიდევ ერთხელ ელოდნენ, თუმცა არბიტრ თორნიკე ნაკაიძის სადღეისო გეგმებში ბორჯომელთა კარის მიმართულებით პენალტის დანიშვნა სულაც არ შედიოდა. ის, რომ მატჩზე მყოფმა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა შეხვედრის დასრულების შემდეგ არბიტრს შეცდომებზე მიუთითა, ზესტაფონელთათვის ბევრი ვერაფერი ნუგეში გამოდგა...
ყველაფერი კი ძალიან ლოგიკურად დასრულდა. ზედიზედ მეორე შეხვედრაში საგოლე მომენტების განიავების შემდეგ ზესტაფონელები ენდშპილში ისჯებიან - 90-ე წუთზე ვაკო ღონღაძემ"ბორჯომი" წინ გაიყვანა, ხოლო 95-ეზე სანდრო ჭანტურიშვილმა მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა. 1:3.
|
10.08.2023. ”ზესტაფონი” - ”ბორჯომი” 1-3 |
"ზესტაფონი": იგითხანიანი, ქვარცხავა (კლდიაშვილი, 64), დევდარიანი, მჟავანაძე (დეისაძე, 64), თავაძე, ანდრიაძე (შალამბერიძე, 78), სიგუა (ხელიძე, 64), სამხარაძე, ცქიფურიშვილი, კუჭაშვილი, ზუზაძე.
დაწვრილებით:
|
|