Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

03.08.2023

 

 

 

 

 

 

 

 

"ვერ გაიტან, გაგიტანენ!"

საზაფხულო პაუზის შემდეგ გამართული პირველი მატჩი

 

 

 

 

2023 წლის 3 აგვისტოს განახლდა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირი. საზაფხულო შესვენების შემდეგ პირველი შეხვედრა საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" სტუმრად გამართა - კასპის ცენტრალურ სტადიონზე ზემოიმერლები თბილისის საფეხბურთო კლუბ "ირაოს" დაუპირისპირდნენ.

 

სატურნირო ცხრილში მეზობლების უშუალო შეხვედრის პირველი წუთები თანაბარ ბრძოლაში გაილია. მით უფრო გულდასაწყვეტი იყო სტუმართათვის მასპინძელთა პირველივე მცდელობისას გაშვებული გოლი - მიმდინარეობდა მე-10 წუთი, როდესაც კუთხურის ნიშნულიდან ზესტაფონელთა საჯარიმოში ჩაწოდებულ მაღალ ბურთს კარის ბადეში ადგილი ლუკა ჯაფარიძემ მიუჩინა.

ამის შემდეგ შეხვედრა ისევ თანაბრად წარიმართა. ინიციატივას ხან ერთი მხარე ეუფლებოდა, ხანაც მეორე, თუმცა შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა. არადა, ტაიმის მიწურულს სტუმრებს გათანაბრების კარგი შესაძლებლობა მიეცათ - საჯარიმოს მისადგომებიდან შალვა ცქიფურიშვილის გასროლილი თბილისელთა მეკარემ უხერხულად მოიგერია და დამატებაზე მოთამაშე ერთბაშად 3 ზესტაფონელთან რომელიმეს რომ ემარჯვა, გოლი გარდაუვალი იქნებოდა...

 

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ. ზესტაფონელებმა "ირაოს" კართან რამდენიმე ისეთი მომენტი შექმნეს, რომელთაც აშკარად საგოლე ეთქმის, თუმცა პოტენციური ხიფათის გოლად გარდაქმნაში მათ ხელი ხან უზუსტობამ, ხან ძელმა, ხანაც თბილისელთა გოლკიპერისა და კაპიტნის ლუკა შეროზიას ბრწყინვალე რეაქციამ შეუშალათ...

 

"ვერ გაიტან, გაგიტანენ!" საბოლოოდ, ყველაფერი ამ დაუწერელი და პრაქტიკაში მრავალჯერ ამუშავებული საფეხბურთო წესის ამოქმედებით დასრულდა - 84-ე წუთზე მასპინძელთა უკრაინელმა ლეგიონერმა დმიტრი რეკიშმა ანგარიში ორამდე გაზარდა. მატჩის დარჩენილ წუთებში მასპინძლებმა ყველა ხერხით სცადეს მოეკლათ დრო, რაც მათ მშვენივრად მოახერხეს კიდეც - 2:0.

 

03.08.2023. ”ირაო” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 2-0

"ზესტაფონი": იგითხანიანი, თავაძე, გიგოლაშვილი, ქვარცხავა, ანდრიაძე, კლდიაშვილი (ნუცუბიძე, 35), სიგუა, სამხარაძე, კუჭაშვილი (ზუზაძე, 74), ცქიფურიშვილი, ხელიძე.

დაწვრილებით:

 

შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 10 აგვისტოს გამართავს - საქართველოს XXXV-ე ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მეცამეტე ტურის შეხვედრაში მარგველები საფეხბურთო კლუბ "ბორჯომს" უმასპინძლებენ. ეს მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023