”ზესტაფონი” სეზონის განახლებისათვის მზადებას განაგრძობს. 6 ივლისს ჩვენმა გუნდმა საზაფხულო პაუზის შემდგომ პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე მარგველებმა ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის წარმომადგენელ საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლეს.
"ზესტაფონმა" მატჩი ექსპერიმენტალური შემადგენლობით ჩაატარა. მასპინძელთა სამწვრთნელო შტაბმა თავის გამოჩენის საშუალება ერთბაშად 21 ფეხბურთელს მისცა - "ჩიხურასთან" შეხვედრაში ჩვენი გუნდის მაისურით გასინჯვაზე მყოფი ფეხბურთელების მთელმა ჯგუფმა იასპარეზა.
მატჩი საინტერესოდ, ორმხრივ იერიშებში წარიმართა. ანგარიშში ხან მასპინძლები წინაურდებოდნენ, ხანაც სტუმრები, საბოლოოდ კი საკმაოდ შედეგიანი დღევანდელი მატჩი ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი ზესტაფონელთა უპირატესობით 2:1 დასრულდა (გატანილი გოლებით მასპინძელთა რიგებში თავი ნიკა ხელიძემ და შალვა ცქიფურიშვილმა გამოიჩინეს). შესვენების შემდეგ კი "ჩიხურამ" ჯერ ანგარიშის გათანაბრება, შემდეგ კი სულაც დაწინაურება მოახერხა. თუმცა, მატჩის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე ანგარიშში თანაფარდობა კიდევ ერთხელ გიორგი კლდიაშვილმა აღადგინა - 3:3.