Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

10.06.2023

 

 

 

 

 

 

 

 

პრინციპული მატჩი აჭარაში

 

 

 

 

2023 წლის 10 ივნისს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით მეთერთმეტე ტურის შეხვედრები - ბათუმის მახლობლად მდებარე ახალსოფლის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში ხელვაჩაურის "მაჭახელამ" საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" უმასპინძლა.

 

აჭარულ-იმერული დაპირისპირების მონაწილე მხარეთათვის დღევანდელი შეხვედრის შედეგს ძალიან დიდი, პრინციპული ხასიათი ჰქონდა - მასზე ხომ საზაფხულო პაუზისათვის სატურნირო ცხრილში გუნდების განლაგება იყო დამოკიდებული. რა გასაკვირია, რომ "მაჭახელაც" და "ზესტაფონიც" საქმეს სრული სერიოზულობით მოეკიდნენ და საკმაოდ ნორმალურ კონდიციებში მყოფი ახალსოფლის სტადიონის მწვანე საფარზე დიდი ბრძოლა გაჩაღდა...

 

შეხვედრის პირველ წუთებში უფრო მეტად ხელვაჩაურელი ფეხბურთელები აქტიურობდნენ და ამან ნაყოფი მე-15 წუთზე მოუტანა მასპინძლებს - ზემოიმერელთა კართან კუთხურიდან ბურთის ჩამოწოდების შემდეგ ყველას გელა გოგიტიძემ დაასწრო და ზუსტი დარტყმით სტუმართა კარის ბადე შეარხია.

 

გაშვებული გოლის შემდეგ უკვე ზესტაფონელები გამოცოცხლდნენ და უკვე 24-ე წუთზე ზაალ ზუზაძემ, ოსტატურად გასცდა რა მასპინძელთა მცველებსა და გოლკიპერს, ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. ამის შემდეგ კი თამაში ოდნავ დამშვიდდა და პირველი ტაიმიც სწორედ საყაიმო ანგარიშით 1-1 დასრულდა.

 

შეხვედრის მეორე ნახევარი თითქოს თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა 70-ე წუთზე სტუმართა საჯარიმო მოედნის სიახლოვეს დაინიშნა სტანდარტი და მასპინძელთა მიერ ჩაკიდებულ მაღალ ბურთს სტუმართა კარში ისევ გელა გოგიტიძემ მიუჩინა ადგილი...

 

ზესტაფონელებმა თამაშის გადასარჩენად გაიწიეს, თუმცა მასპინძელთა სწრაფი კონტრშეტევა გაეპარათ და 75-ე წუთზე მათე ქომეთიანმა ანგარიშში სხვაობა ორ ბურთმდე გაზარდა. დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და მატჩი აჭარელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა.

 

10.06.2023. ”მაჭახელა” (ხელვაჩაური) - ”ზესტაფონი” 3-1

"ზესტაფონი": იგითხანიანი, დევდარიანი, ნუცუბიძე, ანდრიაძე (ადებოვალე, 73), ცქიფურიშვილი (შალამბერიძე, 89), უედრაოგო (კლდიაშვილი, 46), ხვადაგიანი (სადაღაშვილი, 80), სათირიშვილი, ზუზაძე, გიგოლაშვილი, სამხარაძე.

დაწვრილებით:

 

აჭარაში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გუნდები საზაფხულო პაუზაზე გადიან... მომდევნო შეხვედრას "ზესტაფონი" უკვე 3 აგვისტოს გამართავს - ამ დღეს, საქართველოს XXXV-ე ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მეთორმეტე ტურის შეხვედრაში, მარგველები თბილისის საფეხბურთო კლუბ "ირაოს" კასპში ესტუმრებიან...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023