Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

23.05.2023

 

 

 

 

 

 

 

 

დასანანი პირველი საშინაო მარცხი

 

 

 

 

მიმდინარე წლის 23 მაისს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის სტადიონებზე გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მერვე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის არენაზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ლიგა 3-ს ერთ-ერთ ლიდერს, სართიჭალის "შტურმს" უმასპინძლა...

 

ქვემოქართლელებთან მატჩის წინ მასპინძლებს ისევ სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნათ - სხვადასხვა მიზეზის გამო იმერლებს ლაშა კუჭაშვილი, ზურაბ სადაღაშვილი, ლუკა შენგელია, ლუკა ფუტკარაძე, შალვა ცქიფურიშვილი და გიორგი ხუჯაძე დააკლდნენ. ამის მიუხედავად, ახალგაზრდული იმერული გუნდი მოედანზე შემართებით გავიდა და დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მწვანე მინდორზე ნამდვილი ბრძოლა გააჩაღა...

 

მატჩის სადებიუტო ნაწილი სტუმართა ინიციატივით წარიმართა, თუმცა მასპინძელთა კარის მიმართულებით დარტყმის განხორციელებმა მათ მხოლოდ მე-16 წუთზე მოახერხეს და ზურაბ გოლუბიანმა "შტურმი" მცირე რიკოშეტის დახმარებით დააწინაურა. ამის შემდეგ კი უპირატესობას უკვე მასპინძლები დაეუფლნენ და ტაიმის ბოლომდე მათ, სულ მცირე, სამ ეპიზოდში ანგარიშის გათანაბრება მართებდათ...

 

ზედიზედ ორ ეპიზოდში ზესტაფონელთა ბურკინაფასოელი ლეგიონერის მოჰამედ უადრაოგოს ინდივიდუალური გაბრწინებისა და დასარტყმელ პოზიციაზე გასვლის შემდეგ გარდაბნელთა გადარჩენა გუნდის გოლკიპერ მამია ტაბეშაძეს მოუხდა, უშუალოდ შესვენების წინ კი მასპინძელმა ლუკა დევდარიანმა "შტურმის" კარის ხარიხა უძლიერესი დარტყმის შემდეგ შეაზანზარა.

 

მეორე ნახევრის დასაწყისი ისევ დაძაბულად, შეურიგებელი ბრძოლის აკომპანემენტით წარიმართა - ზესტაფონელები სტუმართა კარის გასაღების ძიებით იყვნენ დაკავებულნი, სტუმრები კი სწრაფი, თუმც გარკვეულ დრომდე ხიფათის ნაკლებად შემცველი კონტრაქციებით პასუხობდნენ მასპინძლებს...

 

69-ე წუთზე კი ქვემოქართლელთა რიგებში უდავოდ საუკეთესო ზურაბ გოლუბიანმა მოედნის ცენტრიდან საკმაოდ სწრაფი რეიდი განახორციელა და ეს რეიდი უზუსტესი დარტყმით თავადვე დააგვირგვინა. მასპინძელთა გუნდისთვის განსაკუთრებით გულდასაწყვეტი ის გახლდათ, რომ ორი გოლის გატანა სტუმრებმა მასპინძლეთა კარის ჩარჩოში განხორციელებული ამდენივე დარტყმის შედეგად მოახერხეს...

 

ზესტაფონელები არ ნებდებოდნენ და 73-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს - ზემოთნახსენები მოჰამედ უადრაოგოსა და ზესტაფონელთა კიდევ ერთი ლეგიონერის კარგი ურთიერთმოქმედების შედეგად, ამ უკანასკნელმა დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა თანაგუნდელი ზაალ ზუზაძე, რომელმაც ბურთს სტუმართა კარის ბადეში ცივსისხლიანად მიუჩინა ადგილი.

 

დღევანდელი შეხვედრის დასკვნით ნაწილში თამაში გაიხსნა და გუნდებმა სახიფათო მომენტების შექმნასაც მოუხშირეს. ამის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და ზესტაფონელბმა მიმდინარე სეზონში პირველი საშინაო მარცხი განიცადეს - 1:2. რაც შეეხება "შურმს" დღევადელი გამარჯვებით ქვემოქართლური გუნდი სატურნირო ცხრილის სათავაეში მოექცა...

 

23.05.2023. ”ზესტაფონი” - ”შტურმი” (სართიჭალა) 1-2

"ზესტაფონი": იგითხანიანი, დევდარიანი, ნუცუბიძე, კლდიაშვილი (ადებოვალე, 68), ანდრიაძე, უედრაოგო, ხვადაგიანი, სათირიშვილი (მღარიშვილი, 78), გიგოლაშვილი, სამხარაძე, ზუზაძე (ჭელიძე, 90).

დაწვრილებით:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023