Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

17.05.2023

 

 

 

 

 

 

 

 

"მშრალი" ზავი იმერულ დერბიში

 

 

 

 

2023 წლის 17 მაისს გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით მეშვიდე ტურის შეხვედრები - ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის ტყიბულის სტადიონზე გამართულ დაპირისპირებაში ადგილობრივმა "მეშახტემ" საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" უმასპინძლა.

 

დღეს გამართულ იმერულ დერბის თან ახალ სეზონში ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის ტყიბულის სტადიონის რემონტის შემდგომი და ჩემპიონატის საზეიმო გახსნის ცერემონიალები ახლდა. თავშივე უნდა ითქვას, რომ სტუმართა ახალგაზრდული კრებული მასპინძელთა ზეიმზე "პასიური მეთვალყურის" როლს არ დათანხმდა და მატჩის მიმდინარეობასა და მის საბოლოო შედეგზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა...

 

შეხვედრის პირველი ნახევარი ტყიბულელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა და ტაიმის შუაწელს მასპინძელთა გუნდს ზედიზედ ორ ეპიზოდში მართებდა ანგარიშში დაწინაურება - აქედან პირველი მომენტი ზესტაფონელთა კარის ძელის შეზანზარებით, ხოლო მეორე მარგველთა გოლკიპერის შოთა იგითხანიანისა და მცველის სანდრო სათირიშვილის თავგანწირული თამაშის წყალობით იქნა განეიტრალებული. უნდა ითქვას, რომ საკუთარი გუნდის გადარჩენის ეპიზოდში ამ ორიდან უკანასკნელმა დაზიანება მიიღო და სულაც შესაცვლელი გახდა...

 

მეორე ნახევარშიც მეტს მასპინძლები აქტიურობდნენ, ხოლო სტუმრები მეტწილად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვით იყვნენ დაკავებულნი. განსაკუთრებით დაცხა "ზესტაფონის" საჯარიმოში 75-ე წუთზე, როდესაც ზუგდიდელმა არბიტრმა ალიკა მესხმა სტუმართა კარის მიმართულებით მეტად უცნაური პენალტი დანიშნა, თუმცა ტყიბულელი ნიკო აბულაძის მიერ 11-მეტრიანი ნიშნულიდან დარტყმული დიდი მანძილით ასცდა შოთა იგითხანიანის კარს...

 

დარჩენილ დროში მასპინძლები ბევრს ეცადნენ, თუმცა "ზესტაფონის" გეგმებში დღეს გოლის გაშვება სულაც არ შედიოდა. შექების ღირსია მთელი სტუმართა გუნდი, განსაკუთრებით კი დაცვის ხაზის ფეხბურთელები და გუნდის გოლკიპერი, რომელთა თავდაუზოგავი ასპარეზობის შედეგად "ზესტაფონმა" მისთვის სასურველი "მშრალი" ანგარიში 0-0 შეინარჩუნა და დღეს საღამოს დაგეგმილ მასპინძელთა საზეიმო გეგმებში მცირედი კორექტივები შეიტანა...

 

17.05.2023. ”მეშახტე” (ტყიბული) - ”ზესტაფონი” 0-0

"ზესტაფონი": იგითხანიანი, დევდარიანი, კლდიაშვილი, ანდრიაძე, ცქიფურიშვილი (ადებოვალე, 72), უედრაოგო, ხვადაგიანი, სათირიშვილი (ნუცუბიძე, 26), ზუზაძე (მღარიშვილი, 90), გიგოლაშვილი, სამხარაძე.

დაწვრილებით:

 

შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 23 მაისს გამართავს - საქართველოს XXXV-ე ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მერვე ტურის შეხვედრაში მარგველები სართიჭალის საფეხბურთო კლუბ "შტურმს" უმასპინძლებენ. ქვემოქართლელებთან მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:30 საათზე დაიწყება...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023