12.05.2023
"ზესტაფონი" თასის გათამაშებას გამოეთიშა
2023 წლის 12 მაისს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის XXXIV გათამაშებას გამოეთიშა - გარდაბნის ცენტრალურ სტადიონზე იმერლები ეროვნული ლიგა 4-ს წარმომადგენელ ადგილობრივ საფეხბურთო კლუბთან დამარცხდნენ...
გეტყვით იმას, რომ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში ზესტაფონელები მე-17-ედ მონაწილეობდნენ. საინტერესოა, რომ წინა 16 გათამაშებაში მარგველებმა 5-ჯერ მოახერხეს თასის ფინალში გასვლა და ერთხელ, 2007-2008 წლების გათამაშებაში, თასის მფლობელებიც გახდნენ. რაც შეეხება დანარჩენ, შედარებით წარუმატებელ გათამაშებებს, თასზე ასპარეზობას ჩვენი გუნდი ერთჯერ ნახევარფინალურ, 2-ჯერ მეოთხედფინალურ და 8-ჯერ უფრო ადრეულ სტადიაზე გამოეთიშა...
სადღეისოდ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში გამართული აქვს 83 მატჩი, რომელთაგან 47 დასრულდა მარგველთა გამარჯვებით, 17 შეხვედრა დასრულდა ფრედ, 19-ჯერ კი ზესტაფონელები დამარცხდნენ. ბურთების სხვაობაა 151-74 ზემოიმერელთა სასარგებლოდ.
ყველაზე ხშირად თასის გათამაშებაში მარგველებს თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ უთამაშიათ - ამ გუნდების გზები თასის 4 გათამაშებაში გადაკვეთილა და სადღეისოდ 8 შეხვედრას ითვლის. ასევე 4 დაპირისპირებას ითვლის იმერელთა სათასო დაპირისპირებათა ისტორია ბათუმის "დინამოსთან", იმ განსხვავებით, რომ ამ გუნდებს ერთმანეთში 6 მატჩი აქვთ ჩატარებული. თასის 3 გათამაშებაში შემდგარა ზესტაფონელთა "დუელები" რუსთაველებთან (6 მატჩი), თბილისურ "ამერთან", "ვიტ-ჯორჯიასთან" და ქუთაისის "ტორპედოსთან" (5-5 მატჩი).
აუცილებლად უნდა ითქვას სათასო შეხვედრებში ზესტაფონელთა საუკეთესო ბომბარდირთა შესახებ - საუკეთესო შედეგის მფლობელი სადღეისოდ გახლავთ ზურაბ იონანიძე, რომლის ანგარიშზეც მარგველთა მეტოქეთა კარში გატანილი 14 გოლია. მას სულ მცირედით ჩამორჩება გოგი ფიფია, რომლის პირადი მონაგარი 12 გოლს შეადგენს. 9 გოლის ავტორი გახლავთ ბექა გოცირიძე, ხოლო ჯაბა დვალს იმერელთა მეტოქეთა კარის ბადე 7-ჯერ აქვს შერხეული.
რაც შეეხება "გარდაბანთან" გამართულ შეხვედრას, ის ქვემოქართლელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა...
|
16.05.2008. სწორედ ამ დღეს "ზესტაფონი" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნულ თასს დაეუფლა |
|