Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

27.04.2023

 

 

 

 

 

 

 

 

ზესტაფონელთა კიდევ ერთი საშინაო ფრე

 

 

 

 

მიმდინარე წლის 27 აპრილს საქართველოს სხვადასხვა სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მეოთხე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის არენაზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" საფეხბურთო კლუბ "გორს" უმასპინძლა...

 

დღევანდელ შეხვედრას წინ ერთი სევდიანი ცერემონია უძღოდა - მატჩის დაწყებამდე მისმა მონაწილეებმა და "დავით აბაშიძეზე" შეკრებილმა პუბლიკამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ზესტაფონური ფეხბურთის ლეგენდარული ფეხბურთელის ნოდარ (ფერო) კიკნაძის ნათელ ხსოვნას...

 

თავად იმერულ-შიდაქართლური დაპირისპირება კი გუნდებმა ფრთხილად, ერთგვარი დაზვერვით დაიწყეს. თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა და მატჩის მონაწილე ორივე გუნდი ტერიტორიისა და ბურთის დაუფლებისათვის ფიცხელ ბრძოლაში იყო ჩაბმული. შედეგად, პირველი ნახევარი უგოლოდ 0-0 დასრულდა.

 

სამაგიეროდ, შესვენების შემდეგ თამაშის განახლებისთანავე "დავით აბაშიძეზე" შეკრებილმა ქომაგმა გაიხარა - 48-ე წუთზე, გორელთა კართან კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ, სტუმართა მცველებმა ბურთი საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან თავით გამოიტანეს, იქ კი ყველას ზესტაფონელმა სანდრო სათირიშვილმა დაასწრო, ერთი მოძრაობით ბურთი დაიმორჩილა, მეორეთი კი ის "გორის" კარის ბადეში გადაგზავნა. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი გოლი "ზესტაფონის" 19 წლის ნახევარმცველისთვის ეროვნულ ლიგა 3-ში გატანილი სადებიუტო გოლი გახლავთ...

 

სამწუხაროდ, მასპინძელთა ზეიმი დიდხანს არ გაგრძელებულა - 54-ე წუთზე კუთხური უკვე იმერელთა კართან დაინიშნა, ბურთი მასპინძელთა საჯარიმოში იქნა ჩაწოდებული, რასაც მეკარის ბაქანთან შექმნილი მცირე არეულობა და "ზესტაფონის" ერთ-ერთი მცველთან ფეხთან კონტაქტის შემდეგ "მრგვალმა საგანმა" კარის ხაზი გადაკვეთა...

 

დარჩენილ დროში ორივე მხარე ბევრს ეცადა, მატჩის დასკვნით ნაწილში კი მცირე სათამაშო უპირატესობას სულაც გორელები დაეუფლნენ, თუმცა განსაკუთრებული სახიფათო მომენტები ამას არ მოჰყოლია და საბოლოოდ, დღევანდელი მეტად საინტერესო და დაძაბული მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.

 

27.04.2023. ”ზესტაფონი” - ”გორი” 1-1

"ზესტაფონი": იგითხანიანი, ნუცუბიძე (უედრაოგო, 46), გიგოლაშვილი, სათირიშვილი, ლ. ფუტკარაძე, ხვადაგიანი, ანდრიაძე (შალამბერიძე, 90+3), სამხარაძე, კუჭაშვილი (კლდიაშვილი, 75), ცქიფურიშვილი (შენგელია, 81), ადებოვალე (ზუზაძე, 46).

დაწვრილებით:

 

მორიგ შეხვედრას "ზესტაფონი" 2 მაისს გამართავს - საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს მორიგი, მეხუთე ტურის შეხვედრაში ჩვენი გუნდი თბილისის საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" მეორე გუნდს დაუპირისპირდება. ეს მატჩი თბილისში, "ამერის" სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება…

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023