მკითხველს ძალიან აინტერესებს, რა ხდება საქართველოს ორგზის ჩემპიონის, თასის მფლობელის და სუპერთასის ორგზის გამარჯვებულის, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბანაკში, რომელიც წლების განმავლობაში ღირსეულად იცავდა საქართველოს პრესტიჟს ევროასპარეზზე...
უკვე იცით, რომ მომავალ სეზონში მარგველები კვლავ ლიგა 3-ის ბინადრები იქნებიან. გუნდის შემადგენლობაში მთელი რიგი ცვლილებები მოხდა და დღევანდელ ჩვენს წერილში სწორედ ამაზე გვექნება აქცენტი...
კლუბის გენერალური დირექტორი ისევ ჯაბა დვალია - "ზესტაფონი" "ოქროს თაობის" გამორჩეული ფორვარდი და ევროტურნირებზე საქართველოს საუკეთესო ბომბარდირი, ეროვნული ჩემპიონატის "ასიანთა კლუბის" წევრი. მენეჯერის მძიმე ტვირთს კი სერგო ფუტკარაძე სწევს - კლუბის სიმბოლო, ვინც დაარსების დღიდან ბევრზე ბევრი გააკეთა "ზესტაფონისთვის" და სამომავლოდაც ბევრს გააკეთებს.
უცვლელი დარჩა გუნდის სამწვრთნელო შტაბი - "ზესტაფონს" ისევ მალხაზ ღონღაძე გაწვრთნის - ზესტაფონური ფეხბურთის ამაგდარი, ვინც გასულ, ურთულეს სეზონში, დიდი ძნელბედობის ჟამს, უწვერული ახალგაზრდებით შეძლო და სახე შეუნარჩუნა კლუბს.
მას ალექსანდრე ფუტკარაძე დაეხმარება, ადმინისტრატორის თანამდებობაზე კი მათე მუმლაძეა - პერსპექტიული, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ახალგაზრდა.
იმერული კლუბის შემადგენლობაში არაერთი ახალწვეულია. ჩვენც თანმიმდევრობით მივყვეთ. ტრავმის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა ცენტრალური მცველი გიორგი ხუჯაძე, ვინც სწორედ "ზესტაფონის" აღზრდილია. შემტევი ბესო ფერაძე, ხუჯაძის დარად, "ზესტაფონის" აღზრდილია. ბოლოს თბილისი "მერანის" ღირსებას იცავდა.
ძალიან საინტერესო მცველია ლუკა დევდარიანი. ეს ახალგაზრდა ფეხბურთელი კარგა ხნის განმავლობაში "საბურთალოში" ასპარეზობდა, ბოლოს კი ისიც თბილისის "მერანის" ღირსებას იცავდა.
ბოლო წლებში ჭიათურის "მაღაროელის" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ ახალგაზრდა, პერსპექტიული ნახევარმცველი ლაშა კუჭაშვილი. მომავალ სეზონში ისიც "ზესტაფონისთვის" გაირჯება.
გუნდის კარს მომავალ სეზონში ქუთაისის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი შოთა იგითხანიანი დაიცავს. იგითხანიანი სხვადასხვა დროს ასპარეზობდა "ტორპედოში", მარტვილის "მერანში" და ვანის "სულორში", ბოლოს კი იტალიაში მოსინჯა ძალა. ის "ტუტოკოიოსა" და "სანტა კროჩეს" ღირსებას იცავდა.
"ზესტაფონის" ნახევარდაცვას გაამაგრებს გამოცდილი ცენტრალური ნახევარმცველი შალვა ცქიფურიშვილი. მას სხვადასხვა დროს არაერთი კლუბის (ქუთაისის "ტორპედო", "სამტრედია", "საპოვნელა", "მარგვეთი", "მეშახტე", "სამეგრელო", "სულორი", "ბახმარო") ღირსება დაუცავს. წლების წინ ის უკვე თამაშობდა "ზესტაფონში".
გასულ სეზონში გუნდში მოასპარეზეთაგან "ზესტაფონში" დარჩნენ კაპიტანი გიორგი სამხარაძე და მცველი სანდრო სათირიშვილი. გარდა ამისა, "ზესტაფონის" ღირსებას დაიცავს მთელი რიგი ახალგაზრდა ფეხბურთელებისა, რომლებმაც გასულ სეზონში უკვე მიიღეს ლიგა 3-ში "საბრძოლო გამოცდილება".
ცალკე უნდა ვთქვათ გიორგი აბრამიშვილზე. ამ ნიჭიერმა ახალგაზრდა მეკარემ გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და ის კარიერას უმაღლესი ლიგის ბინადარ ქობულეთის "შუქურაში" გააგრძელებს. კლუბმა მას ხელი არ შეუშალა უფრო მაღალ დონეზე კარიერის გაგრძელებაში.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ეროვნულ ჩემპიონატს იძულებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, ეს მესამე შემთხვევაა, როცა ეროვნული პირველობის დაბალ ლიგაში მოასპარეზე კლუბის ფეხბურთელი კარიერას პირდაპირ ელიტაში გააგრძელებს. ახლო წარსულში "ზესტაფონის" გავლით იგივე გზა თორნიკე ახვლედიანმა და შოთა შეყილაძემაც გაიარეს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ იმერული კლუბის აღზრდილები - სულხან სვიანაძე, თორნიკე ჭურაძე და ნიკა ჭუმბურიძე ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებში ასპარეზობენ. ამასთან ერთად, იმერულ კლუბში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ეროვნული პირველობის ზედა ორი ეშელონის გუნდებში გადავიდნენ ბესარიონ ფერაძე, ავთანდილ სირაძე, ჯუმბერ ხმელიძე, ლაშა ნანობაშვილი და ლაშა ოზბეთელაშვილი...
"ზესტაფონი" ახალი სეზონისთვის მშობლიურ ქალაქის საკლუბო ბაზაზე ემზადება. სხვათა შორის, იქვე ილია კოკაიას რუდუნებით შექმნილ საფეხბურთო ცენტრში გადიან მზადებას ქუთაისის "ტორპედო" და წყალტუბოს "სამგურალი".
ამ დროისთვის "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბი რამდენიმე პოტენციურ ახალწვეულს აკვირდება. სიახლეები მარგველთა ბანაკში კიდევ იქნება და მათ შესახებ აუცილებლად გაცნობებთ.
და ბოლოს, ვთქვათ, რომ ლიგა 3-ის გათამაშების სასტარტო შეხვედრაში "ზესტაფონი" 5 აპრილს გასვლაზე დაუპირისპირდება საჩხერის "ჩიხურას". სიმბოლურია, რომ ამ შეხვედრაში ერთმანეთს ორი ტრადიციული იმერული კლუბი დაუპირისპირდება - გუნდები, რომელთაც წარმატებით უთამაშიათ როგორც შიდა, ისე საგარეო ასპარეზზე...