01.03.2023
”ზესტაფონმა” ახალი სეზონისათვის მზადება დაიწყო
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXXV ეროვნული ჩემპიონატის სტარტისთვის მზადებას შეუდგა. ზემოიმერული გუნდი მშობლიურ ქალაქში 1 მარტს შეიკრიბა - ზამთრის არდადეგების შემდეგ გამართული პირველი ვარჯიში ზესტაფონში მდებარე საფეხბურთო ბაზაზე გაიმართა.
როგორც იცით, 2023 წლის საფეხბურთო სეზონში ჩვენი კლუბის პირველი გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის ტურნირში იასპარეზებს. ტურნირის ჩატარების დამტკიცებული ფორმატის თანახმად, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" მეტოქეობას თბილისური გუნდები "ვარკეთილი", "მერანი-2", "საბურთალო-2", "ლოკომოტივი-2" და "ირაო", დუშეთის "არაგვი", "გორი", "ბორჯომი", ლანჩხუთის "გურია", ჩოხატაურის "ბახმარო", ტყიბულის "მეშახტე", ხელვაჩაურის "მაჭახელა", საჩხერის "ჩიხურა", სართიჭალის "შტურმი" და საფეხბურთო კლუბი "რუსთავი"გაუწევენ...
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბმა გუნდი უკვე შეკრიბა და ახალი სეზონისათვის მზადების პროცესი დაიწყო. მოსამზადებელი შეკრების გავლას მარგველთა დამრიგებელი მალხაზ ღონღაძე სწორედ ზესტაფონში, ჩვენი კლუბის სპორტული კომპლექსის მინდვრებზე გეგმავს...
გუნდში მორიგი ახალწვეულია - მიმდინარე სეზონში მარგველთა საკლუბო ფერებს 31 წლის გამოცდილი ნახევარმცველი შალვა ცქიფურიშვილი დაიცავს. ხანგრძლივი კარიერის მანძილზე შალვას თბილისის "ლოკომოტივის", თერჯოლის "საპოვნელას", "სამტრედიას", ზესტაფონის "მარგვეთისა" და ჩვენი კლუბის, ტყიბულის "მეშახტის", ვანის "სულორისა" და ჩოხატაურის "ბახმაროს" რიგებში უასპარეზია.
რაც შეეხება პირველ ვარჯიშს, მასში მონაწილეობა 29 ფეხბურთელმა მიიღო. კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება. დეტალურად კი ამ და სხვა სიახლეების შესახებ ჩვენი გვერდი მომდევნო პუბლიკაციებში მოგითხრობთ...
|