22.02.2023
გიორგი აბრამიშვილი კარიერას ქობულეთის "შუქურაში" გააგრძელებს
ამ რამდენიმე კვირის წინ ჩვენი გვერდი იუწყებოდა იმის შესახებ, რომ კარსმომდგარ სეზონში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რიგებში 20 წლის გოლკიპერი გიორგი აბრამიშვილი იასპარეზებდა. იმერულ კლუბსა და ფეხბურთელს შორის შედგა წინასწარი შეთანხმება თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების თაობაზე.
საქვეყნოდ ცნობილია ამბავია, რომ საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ყოველთვის უწყობდა და უწყობს ხელს ფეხბურთელთა კარიერული პროგრესისა და პროფესიონალური ზრდის შესაძლებლობას. და ახლაც, როდესაც ახალგაზრდა პერსპექტიულმა მეკარემ მიიღო შეთავაზება CrystalBet ეროვნული ლიგა 1-ის წარმომადგენელ ქობულეთის "შუქურაში" ასპარეზობის გაგრძელების შესახებ, ჩვენმა კლუბმა გაითვალისწინა ფეხბურთელის ინტერესები და მას ქართული საკლუბო ფეხბურთის ელიტარულ დივიზიონში კარიერის გაგრძელებაში ხელი შეუწყო.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნულ ჩემპიონატს იძულებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც ეროვნული პირველობის დაბალ ლიგაში მოასპარეზე კლუბის ფეხბურთელი კარიერას პირდაპირ უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენელ კოლექტივში გააგრძელებს. ახლო წარსულში "ზესტაფონის" გავლით იგივე გზა თორნიკე ახვლედიანმა და შოთა შეყილაძემ გაიარეს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩვენი კლუბის აღზრდილები თორნიკე ჭურაძე, სულხან სვიანაძე და ნიკა ჭუმბურიძე ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებში ასპარეზობენ. ამასთან ერთად, იმერულ კლუბში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ეროვნული პირველობის ზედა ორი ეშელონის გუნდებში გადავიდნენ ბესარიონ ფერაძე, ავთანდილ სირაძე, ჯუმბერ ხმელიძე, ლაშა ნანობაშვილი და ლაშა ოზბეთელაშვილი...
დაბოლოს, მადლობას ვუხდით გიორგი აბრამიშვილს გაწეული სამსახურისათვის და წარმატებებს ვუსურვებთ მას სამომავლო კარიერაში!!!
|