Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

17.01.2023

 

 

 

 

 

 

 

 

"მეშახტე", "ზესტაფონი", "ჩიხურა": იმერული სამაია ლიგა 3-ში რჩება!

 

 

 

 

 

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმდინარე წლის 16 იანვარს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე საინტერესო საკითხი განიხილეს. ამ შემთხვევაში, ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს ლიგა 3-ის ამბები. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ:

 

"აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, სფფ-ის კლუბების ლიცენზირების და მონიტორინგის სამსახურმა აღმასკომს კლუბების ლიცენზირების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

 

2023 წლის ეროვნული ლიცენზიის მაძიებლად განიხილებოდა ეროვნული ლიგის, ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ლიგა 4-ის, ქალთა ლიგა 1-ის და ქალთა ლიგა 2-ის კლუბები/გუნდები.

 

სფფ-ის კლუბების ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად, "პრო" საკლუბო ლიცენზია მიიღო 15-მა კლუბმა, "ა" საკლუბო ლიცენზია მიიღო 18-მა კლუბმა, "ბ" საკლუბო ლიცენზია მიიღო 7-მა კლუბმა, ქალთა საკლუბო ლიცენზია მიიღო ლიცენზიის მაძიებელმა ყველა (10) კლუბმა/გუნდმა.

 

ლიგა 3-ში ასპარეზობისთვის საჭირო "ბ" საკლუბო ლიცენზიაზე უარი ეთქვათ შემდეგ კლუბებს: ზუგდიდის "დინამოს" - კლუბმა ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში გაასაჩივრა სფფ-ის კლუბების სააპელაციო ორგანოში, თუმცა ლიცენზირების გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში თანხის გადაუხდელობის გამო, აპელაციის ორგანომ საჩივარი არ განიხილა.

 

ლიცენზირების გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში კლუბს არ მიუმართავს სფფ-ის წესდებით განსაზღვრული არბიტრაჟისთვის და ძალაში დარჩა ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება. ასევე, "შევარდენი 1906-ს" და "თბილისი სიტის", აღნიშნულ კლუბებს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ".

 

მოკლედ, ლიგა 3-ს ემშვიდობებიან ზუგდიდის "დინამო", "შევარდენი 1906" და "თბილისი სიტი". ცხადია, უმალვე იმის კითხვა - რომელი გუნდები შეავსებენ იმ სამ ვაკანსიას, რომელიც წარმოიქმნა ლიგა 3-ში?

 

აქ ბევრი მარჩიელობა საჭირო არც იყო და უკვე გაოფიციალურდა კიდეც - ლიგა 3-ში იასპარეზებენ ის კლუბები, რომლებმაც ეს ლიგა გასული სეზონის შედეგების მიხედვით დატოვეს - "მეშახტე", "ზესტაფონი" და "ჩიხურა".

 

იმერეთის რეგიონის ეს სამი გუნდი უკვე შეტანილია ლიგა 3-ის 2023 წლის სეზონის სატურნირო ცხრილში, რომელიც ეროვნული ლიგის ოფიციალურ გვერდზე დევს.

 

სხვათა შორის, ამასწინათ, "ლელომ" უკვე ივარაუდა მოვლენათა ამგვარი განვითარება. იმერეთის ამ სამ ქალაქში გვარიანად გაიხარებენ. ეს ხომ საქართველოს უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო კერაა, რომელიც არ უნდა მოიშალოს!

 

სპორტული გაზეთი "ლელო"


საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2023