08.10.2022
"ზესტაფონი" ხობის "კოლხეთთან" დამარცხდა
მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით ოცდამეორე ტურის ორი დასკვნითი შეხვედრა. "ზესტაფონმა" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ხობის საფეხბურთო კლუბ "კოლხეთს" უმასპინძლა.
მორიგ საშინაო შეხვედრაში იმერლები არაერთი გამოცდილი ფეხბურთელით დაკომპლექტებულ ხობის "კოლხეთს" დაუპირისპირდენენ. რად ღირს მხოლოდ ის გარემოება, რომ სტუმართა რიგებში დღესაც ასპარეზობს გოგა ფიფიამ, რომელსაც ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ბევრი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაუტარებია და მრავალი ტიტულიც მოუპოვებია...
ამის მიუხედავად, ახალგაზრდა იმერლებმა სტუმრები გვარიანად ანერვიულეს. ინიციატივას ძირითადად "კოლხეთი" ფლობდა, თუმცა პირველი ნახევარი თითქოს უგოლოდ უნდა დასრულებულიყო. მაგრამ 39-ე წუთზე სტუმართა მორიგი შეტევისას, ერთ-ერთმა ზესტაფონელმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და წესის დარღვევის გამო დანიშნული 11-მეტრიანი გოლად ლაშა მეფიშვილმა აქცია.
მეორე ტაიმში ზესტაფონელებმა რამდენიმეჯერ სცადეს "კოლხეთის" კარის სიახლოვეს თამაშის გამწვავება, თუმცა შედეგს ვერ მიაღწიეს. სამაგიეროდ, 59-ე წუთზე ხობელმა გიგა წურწუმიამ კიდევ ერთი გოლით დაამწუხრა მასპინძლები. მატჩის დასკვნით ნაწილში დასამახსოვრებელი აღარაფერი მომხდარა და "კოლხეთმა" საქმე გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა - 0-2.
შემდეგ მატჩს ჩვენი გუნდი 13 ოქტომბერს გასვლაზე გამართავს - „ზესტაფონი“ ტყიბულს ეწვევა და ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "მეშახტეს" დაუპირისპირდება…
|
08.10.2022. ”ზესტაფონი” - ”კოლხეთი" (ხობი) 0-2 |
"ზესტაფონი": გ. აბრამიშვილი, შალამბერიძე, სათირიშვილი, ლ. ფუტკარაძე, ცხადაძე, მღარიშვილი (ს. აბრამიშვილი, 46), კლდიაშვილი, სამხარაძე, ჭელიძე (ქურცაძე, 62), გ. ფუტკარაძე, იონანიძე (წულაია, 78).
დაწვრილებით:
|
|