თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის“ საფეხბურთო კომლექსს ილია კოკაიას სახელი მიენიჭა
თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის“ საფეხბურთო ბაზას ილია კოკაიას სახელი მიენიჭა – საზეიმო ღონისძიებას უამრავი სტუმარი ესწრებოდა, „ზესტაფონის“ ადმინისტრაციის ყოფილი წევრები, ყოფილი მოთამაშეები, ვეტერანები, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები.
3 ოქტომბერს ილია კოკაიას დაბადების დღეა – საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ დამფუძნებელსა და შეუცვლელ პრეზიდენტს 66 წელი შეუსრულდებოდა. ილია კოკაია 2021 წლის 23 ნოემბერს მწვერვალ დედაენაზე ტრაგიკულად დაიღუპა, რაც ქართული ფეხბურთისთვის დიდი დანაკლისი აღმოჩნდა. წარმატებულმა ბიზნესმენმა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ბევრი გააკეთა. მან შეძლო რეგიონული ლიგის გუნდი საქართველოში საუკეთესოდ გადაექცია, სადაც ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრები თამაშობდნენ და ყველა მთავარი ჯილდოს მფლობელები გახდნენ – ჩემპიონობის, თასის და სუპერთასის.
მან საფეხბურთო კლუბის ბაზა ჯერ ზესტაფონში ააშენა, შემდეგ კი თბილისში. „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზა 2014 წელს ამოქმედდა. თანამედროვე ტექნოლოგიების უმაღლესი ხარისხის სტანდარტული ზომის ორი საფეხბურთო მოედანი დაიგო. საქართველოს ეროვნული ნაკრები, ვლადიმირ ვაისის და ვილი სანიოლის პერიოდში რამდენიმე წელია საშინაო შეკრებებს სწორედ საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“კომპლექსის მოედნებზე ატარებს.
ჩვენს ქვეყანაში უეფა-ს ეგიდით ბოლო წლებში გამართული U21, U19 და U17 ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ყველა შესარჩევი ტურნირის მონაწილე გუნდები სწორედ თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ზესტაფონელთა ბაზის მინდვრებზე ვარჯიშობენ. 2017 წლის ივნისში საქართველოში გამართული რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო თასის მატჩებისათვის ემზადებოდნენ ამ ტურნირის მონაწილე ირლანდიისა და ახალი ზელანდიის გუნდები.
2018 წლიდან სპორტულმა ცენტრმა ორგანიზაცია „თავისუფალი ფეხბურთის“ (ლევან სეთურიძე, პავლე სარდანაძე) ინიციატივით ევროპული ფეხბურთის გრანდების, მილანის „ინტერის“, ტურინის „იუვენტუსისა“ და მადრიდის „რეალის“ საზაფხულო კემპებს უმასპინძლა. 2019 წლის მარტიდან მოყოლებული თბილისის ზღვის ბაზაზე ეროვნული ლიგის მატჩებიც იმართება.
დღესდღეობით ბაზაზე უკვე მოქმედებს ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც გუნდებისა და მსაჯების აბანო-გასახდელების გარდა, დელეგატთა, სამედიცინო პერსონალის, საპროცედურო ოთახები, სატრენაჟორო დარბაზი და მედია-კაფე გახლავთ განთავსებული. ამასთან, მოეწყო მცირე ზომის ტრიბუნა, რომელზეც 300-მდე მაყურებლის განთავსებაა შესაძლებელი.