Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

04.10.2022

 

 

 

 

 

 

 

 

"ლელოს" პუბლიკაცია

ამიერიდან, ასე იქნება: "ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრი"!

 

 

 

 

 

არცთუ დიდი ხნის წინ ქართულმა ფეხბურთმა ილია კოკაია დაკარგა - მისი ერთ-ერთი საყრდენი. ის ტრაგიკულად დაიღუპა მაშინ, როცა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ მწვერვალზე ფეხი დაუცდა, დიდი სიმაღლიდან გადმოვარდა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო...

 

მომხდარმა ერთხელაც ცხადყო ისედაც მრავალგზის გამოცდილი ჭეშმარიტება, რომ ამქვეყნად ყველაფერი წამიერია. ილია კოკაიამ სხვადასხვა დროს არაერთი მწვერვალი დაიპყრო, მათ შორის, ჯომოლუნგმაც, თუმცა... ბედის ირონიით, იქ დაუცდა ფეხი, სადაც ამას არავინ ელოდა...

 

ყველამ ვიცით - ეს უზომოდ ენერგიული, დაუცხრომელი კაცი ბოლო წლებში მთამსვლელობით გახლდათ გატაცებული. ისიც ვიცით, რომ ბოლო დროს, ბევრი სუბიექტური და ცოტაც ობიექტური მიზეზის გამო, საშუალება არ ჰქონდა, საფეხბურთო მწვერვალები დაეპყრო. ასე გვგონია: ის იმადაც შეეჩვია მთას, რომ ბოლოხანს იმ ადრენალინს ვეღარ იღებდა, რასაც ადრე ფეხბურთი ძლევდა...

 

კოკაიას სახელთანაა დაკავშირებული საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ყველა დიდი წარმატება - საქართველოს ორგზის ჩემპიონობა, თასსა და სუპერთასზე გამარჯვება, ევროთასებზე ჩატარებული დასამახსოვრებელი მატჩები... ყველაფერი ის, რის გამოც "ზესტაფონს" გამორჩეული ადგილი ეკავა ქართველი ქომაგის გულში.

 

კოკაია მხოლოდ კლუბის მფლობელი როდი იყო. ის წარმატებული ბიზნესმენი და ფიფას ლიცენზირებული აგენტიც გახლდათ. თავის დროზე, სანამ "ზესტაფონი" დაარსდებოდა, რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს გვარიანად დაეხმარა სასურველი კლუბის მოძიებაში...

 

მოგეხსენებათ, თავის დროზე "ზესტაფონი" ისე გააქრეს ქართული საფეხბურთო რუკიდან, გუნდი უმაღლესი ლიგიდანაც არ გავარდნილა. კოკაიას მეოხებით იყო, გუნდი თავიდან რომ დაიბადა. ერთხელაც შეუყვა წარმატებისკენ სავალ გზას, მაგრამ...

ახლა ცოტა ხნით შევცვალოთ ჩვენი წერილის ვექტორი და ვთქვათ, რომ კოკაია არ იყო ლოკალური მიზნებისა და ამოცანების კაცი. მას ქართული ფეხბურთი უზომოდ უყვარდა და მისი უკეთესი ხვალინდელი დღისთვის იღვწოდა.

 

ზესტაფონში არსებული ბაზა, თბილისის ზღვის ბაზა და იქვე საფეხბურთო აკადემია - ეს არასრული ჩამონათვალია მის მიერ განხორციელებული პროექტებისა. ის არასოდეს ყოფილა საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი კაცი. სხვადასხვა დროს, არცთუ შორეულ წარსულში, არაერთხელ შეუშველებია ხელი საქართველოს ნაკრებისთვის, სხვა ქართული კლუბებისთვის...

 

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას - საქართველოს ერთ რიგით ქალაქში ილია კოკაიამ დაწერა ამ ქალაქისთვის სრულიად უცხო, ხანგრძლივი და ორნაწილიანი საფეხბურთო ისტორია. ისტორია, რომელმაც ამ ქალაქს ბევრი რამით არგო - უამრავი ბავშვი ააცილა ქუჩას, ბევრი ადამიანი დააბრუნა შინ და დაანახა, რომ ამ ქალაქშიც შეიძლება კარგის საქმის კეთება.

 

...3 ოქტომბერს ილია კოკაიას 66 წელი შეუსრულდებოდა. ამასთან დაკავშირებით, თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე გაიმართა ძალიან საინტერესო ღონისძიება, რომელიც სწორედ ხსენებულ თარიღს მიეძღვნა.

 

მოკლედ, ამიერიდან - საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზას "ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრი" დაერქმევა. რაც შეეხება უშუალოდ ღონისძიებას, მას ქართული საფეხბურთო თემის არაერთი წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის, ბევრი იყო ისეთი, ვინც სხვადასხვა დროს კოკიასთან თანამშრომლობდა, "ზესტაფონში" თამაშობდა, ან გუნდს წვრთნიდა - გიორგი ჭიაბრიშვილი, კახა ჩხეტიანი, მიხეილ ხუციშვილი, თამაზ ბოკერია, სოსო გრიშიკაშვილი, ვლადიმერ გუცაევი და სხვები.

 

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები - გენერალური მდივანი დავით მუჯირი, ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე... დედაქალაქში საგანგებოდ ჩავიდნენ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივრები...

 

ილია კოკაიას საფეხბურთო ცენტრში მოეწყო "ზესტაფონის" მუზეუმი, რომელშიც დაიდო ბინა კლუბის მიერ მოპოვებული ჯილდოების ასლებმა. როგორც იცით, საფეხბურთო ცენტრში ფუნქციონირებს "ზესტაფონის" საფეხბურთო აკადემიაც, რომელმაც უკვე დაიმკვიდრა თავისი ნიშა ქართულ ფეხბურთში.

 

გარდა ამისა, როგორც შევიტყვეთ, არის ჩანაფიქრი, რომლის მიხედვითაც უნდა დასრულდეს ზესტაფონში მდებარე საკლუბო ბაზის მშენებლოდა, უპირველეს ყოვლისა, სასტუმრო ნაგებობა და თბილისის დარად, ზესტაფონშიც უნდა დაფუძნდეს საკლუბო აკადემია.

 

ღონისძიებას დიდ ეკრანზე ლაიტმოტივად გასდევდა კოკაიას ცხოვრების გამორჩეული მოვლენების ამსახველი კადრები. საღამოს ჩვეული ოსტატობით უძღვებოდა ჩვენი კოლეგა, სპორტული ჟურნალისტი ლაშა დვალიშვილი. საზოგადოებას სიტყვით მიმართეს "ზესტაფონის" გენერალურმა დირექტორმა ჯაბა დვალმა და სპორტულმა დირექტორმა სერგო ფუტკარაძემ.

 

გვჯერა, "ზესტაფონი" მალე დაიბრუნებს კუთვნილ ადგილს ქართულ საფეხბურთო სამყაროში - კლუბი, რომლის უდიდესი მოამაგეც გახლდათ ილია კოკაია...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2022