03.10.2022
დღეს ილია კოკაიას დაბადების დღეა
3 ოქტომბერს ილია კოკაიას დაბადების დღეა - დღეს მას 66 წელი შეუსრულდებოდა... სწორედ ამ თარიღს ფეხბურთის თემაზე მომუშავე ერთ-ერთმა fb-გვერდმა გამოაქვეყნა ძალიან თბილი წერილი, რომელიც ჩვენი კლუბის დამფუძნებლის პიროვნებასა და ქართულ ფეხბურთში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მიერ დატოვებულ კვალს მიეძღვნა...
ქართული კლუბების მონაწილეობით, ევროტურნირებზე ნანახი უამრავი მატჩიდან, ყოველთვის მკვეთრად მახსოვს ზესტაფონის თამაშები, რომელიც თავისი გამორჩეული სტილით, ფილოსოფიით და საქმისადმი მიდგომით დარჩა ჩვენი ფეხბურთის განუყოფელ ნაწილად და ამას ვერაფერი წაშლის.
ეს იყო გუნდი, რომელიც განვითარების გარდამავალი ეტაპის გავლის შემდეგ, ეროვნულ ლიგაში (რომელიც დღევანდელზე ბევრად ძლიერი იყო), ერთი ამოსუნთქვით იგებდა თამაშებს, თანაც მთავარ კონკურენტებთან, აუტსაიდერებთან კი საწვალებელიც არაფერი იყო, გვახსოვს დიდი ანგარიშით მოგებული არაერთი მატჩი, რაც მთავარია ლამაზ სტილში. გადაჭედილი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი ცალკე სანახაობას ქმნიდა. მიუხედავად ამ ქალაქის მცირე მასშტაბისა, ზესტაფონის გულშემატკივარმა ეროვნულ ჩემპიონატში სრულიად ახალი კულტურა დაამკვიდრა. ეს იყო გუნდის მხარდაჭერაზე და არა სხვების ლანძღვაზე ორიენტირებული შეძახილები, გულშემატკივრობა და წინ და უკან ასობით კილომეტრის გავლა.
კლუბს ჰქონდა იმ დროისთვის შესანიშნავი ინფრასტრუქტურა და დღემდე ერთადერთი გუნდია საქართველოში, რომელსაც ბაზა ორ სხვადასხვა ქალაქში (თბილისსა და ზესტაფონში) აქვს. სწორედ ზესტაფონის მფლობელობაში არსებულ ბაზაზე ვარჯიშობს ეროვნული ნაკრებიც, იქვე ტარდება სხვადასხვა ტურნირები, კემპები, საერთაშორისო ღონისძიებები.
ეს პოსტი განსხვაბებული გამოვიდა, სენტიმენტებით დატვირთული, რადგან დღეს ეროვნულ ლიგაში აღარც ეს გუნდია და აღარც მისი მფლობელი და მთავარი სულისჩამდგმელია ცოცხალი. 3 ოქტომბერს, თბილისის ზღვაზე მდებარე საფეხბურთო ცენტრს ილია კოკაიას სახელი ეწოდება, სიმბოლურია, რომ ეს კოკაიას 66-ე დაბადების დღეზე ხდება...
უკვე წამოვიდა თაობა, რომელსაც აღარც ზესტაფონის თამაში ახსოვს, ალბათ ილია კოკაიაც არ იცის ვინ არის და არც ამ გუნდის ინფრასტრუქტურა უნახავს, მაგრამ ის რაც ამ გუნდმა ქართველ გულშემატკივარს, ზესტაფონს და ზოგადად ამ მხარეს აჩუქა წარუშლელად დარჩება ყველას მეხსიერებაში, ვისაც ეს ყველაფერი უნახავს.
მადლობა ამ კლუბის შექმნისთვის ილია კოკაიას, დღეს მისნაირი ადამიანები განსაკუთრებით აკლია ქართულ ფეხბურთს. სამაგიეროდ კლუბები სავსეა ხალხით, რომელიც თავისივე დაფინანსებულ კლუბებში მხოლოდ გამორჩენაზე ფიქრობენ და არ ანაღვლებთ როგორი იქნება მათი ფეხბურთელების და გუნდის მომავალი.
fb-გვერდი "ხიზანას თავური"
|