15.09.2022
იმერლები ქულებს ისევ ენდშპილში კარგავენ
მიმდინარე წლის 15 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით მეოცე ტურის შეხვედრები. "ზესტაფონმა" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე თბილისის საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" მეორე გუნდს უმასპინძლა.
მორიგ საშინაო შეხვედრაში ზესტაფონელები მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერთა ჯგუფის კიდევ ერთ წარმომადგენელ საბურთალოელებს დაუპირისპირდნენ. ახალგაზრდა იმერლებმა სტუმრებს დიდი ბრძოლა გაუმართეს. მართალია, ინიციატივას ძირითადად "საბურთალო-2" ფლობდა, თუმცა შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ 0-0 დასრულდა.
მეორე ტაიმიც პირველის მსგავსი სცენარით წარიმართა და დიდხანს სტუმართა ყველა მცდელობას თავგანწირვით მოთამაშე მასპინძლები კარგად უმკლავდებოდნენ. ერთადერთი და დღევანდელი დაპირისპირების ბედის გადამწყვეტი გოლი კი ისევ მატჩის მიწურულს, კერძოდ 88-ე წუთზე გავიდა - საბურთალოელთა მორიგი შეტევა გიორგი თავყელიშვილის ზუსტი თავურით დასრულდა - 0-1.
უახლოეს დღეებში საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატში ორკვირიანი სანაკრებო პაუზა გამოცხადდება. შემდეგ მატჩს ჩვენი გუნდი 30 სექტემბერს გასვლაზე გამართავს - „ზესტაფონი“ ჩოხატაურს ეწვევა და ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "ბახმაროს" დაუპირისპირდება…
|
15.09.2022. ”ზესტაფონი” - ”საბურთალო-2" (თბილისი) 0-1 |
"ზესტაფონი": გ. აბრამიშვილი, შალამბერიძე, სათირიშვილი, ფოცხვერაშვილი, ლ. ფუტკარაძე, ცხადაძე, კლდიაშვილი, სამხარაძე, ჭელიძე, გ. ფუტკარაძე (წულაია, 90), იონანიძე (ქურცაძე, 90).
დაწვრილებით:
|
|