02.09.2022
საშინაო მატჩი ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელთან
მიმდინარე წლის 2 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით მეთვრამეტე ტურის მატჩები. "ზესტაფონმა" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დუშეთის საფეხბურთო კლუბ "არაგვს" უმასპინძლა.
ჩვენ უკვე ვწერდით იმის თაობაზე, რომ კლუბში არსებული ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარში "ზესტაფონი" მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობით ასპარეზობს - 2022 წლის სეზონის პირველ წრეში მოასპარეზეთაგან გუნდში მხოლოდ გიორგი აბრამიშვილი, გიორგი სამხარაძე და დავით იონანიძე რჩებიან...
ასეთი მოცემულობის გათვალისწინებით, ზესტაფონელთათვის ორმაგად მძიმე გამოდგა დუშელებთან შეხვედრის პირველი წუთები - მატჩის დაწყებისთანავე ზემოიმერელთა კარის მიმართულებით დაინიშნა 11-მეტრიანი, რომელიც მე-2 წუთზე გოლად გამოცდილმა ვანო კურდღელაშვილმა აქცია, მე-5 წუთზე კი თავის ყოფილი გუნდის კარში გოლი არანაკლებ გამოცდილმა გურამ სამუშიამ გაიტანა და სტუმართა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.
ასეთი ურთულესი დასაწყისის მიუხედავად, ზესტაფონელებმა ფარხმალი არ დაყარეს და ჩემპიონატის ფავორიტ სტუმრებს საშინაო არენაზე ფიცხელი ბრძოლა გაუმართეს. 41-ე წუთზე კი მასპინძლებმა ანგარიშში სხვაობის სულაც მინიმუმამდე შემცირება შეძლეს - ეროვნულ ლიგა 3-ში გატანილი სადებიუტო გოლით თავი 16 წლის საბა აბრამიშვილმა გამოიჩინა.
შეხვედრის პირველი ნახევრის უკანასკნელ 45-ე წუთზე ზემოიმერული გუნდის კარში კიდევ ერთი 11-მეტრიანი საჯარიმო დაინიშნა - ამჯერად ნიშნულთან კიდევ ერთი გამოცდილი ფორვარდი გიორგი ჩელებაძე მივიდა და იმის მიუხედავად, რომ იმერელთა გოლკიპერმა გიორგი აბრამიშვილმა კუთხე გამოიცნო, ანგარიშში სხვაობა ისევ ორ ბურთამდე გაიზარდა...
ცალკე უნდა ითქვას ზესტაფონელთა კიპერის შესახებ - ამ ერთი კვირის წინ ერთ-ერთმა სპორტულმა გამოცემამ 20 წლის გიორგი აბრამიშვილი ეროვნული ლიგა 3-ს მე-17 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა, დუშელებთან ნაჩვენები თამაშის ხარისხით კი ის მე-18 ტურის საუკეთესოობაზეც უდავოდ აცხადებს პრეტეზიას...
რაც შეეხება დღევანდელი შეხვედრის მეორე ნახევარს, სწორედ ზემოიმერელთა მეკარის რამდენიმე სასწაული სეივისა და ზოგადად დამაჯერებელი ასპარეზობის წყალობით, ანგარიში აღარ შეცვლილა და საბოლოოდ, მატჩი სტუმართა გუნდის დამსახურებული გამარჯვებით, ანგარიშით 1-3 დასრულდა.
|
02.09.2022. ”ზესტაფონი” - ”არაგვი" (დუშეთი) 1-3 |
"ზესტაფონი": გ. აბრამიშვილი, შალამბერიძე, სათირიშვილი, ფოცხვერაშვილი, ლ. ფუტკარაძე, ცხადაძე, კლდიაშვილი, სამხარაძე, ჭელიძე (ქურცაძე, 89), გ. ფუტკარაძე (ს. აბრამიშვილი, 15), იონანიძე (წულაია, 82).
დაწვრილებით:
|
მომდევნო მატჩს „ზესტაფონი“ 8 სექტემბერს გასვლაზე გამართავს. ჩვენი გუნდი გორს ეწვევა და ადგილობრივ საფეხბურთო კლუბს დაუპირისპირდება. მატჩი სტადიონ "ქართლზე" გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება…
|