Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

25.08.2022

 

 

 

 

 

 

 

 

დრამატული მატჩი ვარკეთილელებთან

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 24 აგვისტოს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით მეჩვიდმეტე ტურის ერთი მატჩი. ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის სტადიონ "მარაკანაზე" გამართულ შეხვედრაში თბილისის "ვარკეთილმა" საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" უმასპინძლა.

 

ახალგაზრდული შემადგენლობით მოასპარეზე "ზესტაფონს" მორიგი ქულის აღებისა და კიდევ ერთი სენსაციის შემოთავაზებამდე სულ ოდნავ დააკლდა - ზუსტად 90 წუთის განმავლობაში სტუმრები თავგანწირვით იგერიებდნენ გავეშებული მასპინძლების იერიშებს და მხოლოდ მატჩის არბიტრის მანუჩარ კიკორიას მიერ ძირითადი დროისათვის კომპენსირებულ დროში იმერელთა კარში იქნა დანიშნული 11-მეტრიანი, რომელმაც საბოლოოდ გაარკვია დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებული ვინაობა ...

 

თბილისელები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, თუმცა პირველი ტაიმის მანძილზე სტუმართა კართან აშკარა საგოლე ეპიზოდი არ შექმნილა. მეტიც, ტაიმის მიწურულს ზესტაფონელ დავით იონანიძეს შეტევის დასრულებისას მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინა, პირველ ნახევარს სულაც იმერლები მოიგებდნენ...

 

მეორე ტაიმში კი მასპინძელთა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა - ვარკეთილელები ბევრს უტევდნენ, ხოლო ზესტაფონელთა დაცვა და მეკარე გიორგი აბრამიშვილი მედგრად დაუდგნენ მეტოქეს და ჯიუტად ახერხებდნენ საკუთარი კარის მშრალად შენახვას.

 

შეხვედრის ბედის განმსაზღვრელი სტუმართათვის ძალიან დასანანი ეპიზოდი, როგორც უკვე გითხარით, მატჩის მიწურულს მოხდა - იმერლებმა საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვიეს და გამოცდილმა ზაქარია ბასილაშვილმა თბილისურ გუნდს ესოდენ საჭირო და რთული გამარჯვება მოუტანა - 1-0.

 

შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 2 სექტემბერს გამართავს - საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მეთვრამეტე ტურის შეხვედრაში მარგველები დუშეთის "არაგვს" უმასპინძლებენ. მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება...

 

24.08.2022. ”ვარკეთილი” (თბილისი) - ”ზესტაფონი" 1-0

"ზესტაფონი": გ. აბრამიშვილი, შალამბერიძე, სათირიშვილი, ფოცხვერაშვილი, ლ. ფუტკარაძე, კლდიაშვილი, ს. აბრამიშვილი, (ქურცაძე, 83), სამხარაძე, ჭელიძე, გ. ფუტკარაძე (წულაია, 89), იონანიძე.

დაწვრილებით:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2022