19.08.2022
ფრე მეორე წრის სასტარტო შეხვედრაში
მიმდინარე წლის 19 აგვისტოს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მეორე წრის სასტარტო, რიგით მეთექვსმეტე ტურის დასკვნითი შეხვედრა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში "ზესტაფონმა" საჩხერის საფეხბურთო კლუბ "ჩიხურას" უმასპინძლა.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" არსებული ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, კლუბის მენეჯმენტის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ზემოიმერლები მიმდინარე სეზონს მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობით ჩაამთავრებენ - 2022 წლის სეზონის პირველ წრეში მოასპარეზეთაგან დღეს მოედანზე მხოლოდ გიორგი აბრამიშვილი, ირაკლი საღარეიშვილი, გიორგი სამხარაძე და დავით იონანიძე გავიდნენ...
ცალკე უნდა ითქვას ირაკლი საღარეიშვილის თაობაზე - ამ ფეხბურთელმა ახლახან მოთამაშის კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა თანაგუნდელთა თხოვნა გაითვალისწინა და დღეს ზესტაფონელთა რიგებში გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ჩაატარა. ჩვენ კი მას, როგორც თავდადებულ სპორტსმენსა და ღირსეულ პიროვნებას, გუნდისა და ჩვენი გულშემატკივრის სახელით მადლობას ვუძღვნით და წარმატებებს ვუსურვებთ!
ზემოთნახსენები ოთხეულის მხარდამხარ, საჩხერელთა წინააღმდეგ გამართულ დაპირისპირებაში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მოსულმა 300-მდე გულშემატკივარმა მასპინძელთა რიგებში 2003, 2004, 2005 და 2006 წლებში დაბადებულ ფეხბურთელთა მთელი ჯგუფი იხილა. ერთადერთი გამონაკლისი გახლდათ გამოცდილი მცველი ბიბი ფოცხვერაშვილი, რომელიც ჩვენი გუნდის ღირსებას ამ რამდენიმე წლის წინაც იცავდა...
იმის მიუხედავად, რომ პირველი წრის შედეგების გათვალისწინებით, საჩხერელები ლიგა 3-ს მიმდინარე ტურნირის გამოკვეთილი აუტსაიდერები არიან, დიდწილად ნორჩი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ მასპინძლებთან შეხვედრაში სტუმრები ფავორიტებად მოიაზრეობდნენ. ამის მიუხედავად, პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და თითქოს უგოლოდ უნდა დასრულებულიყო...
თუმცა, 41-ე წუთზე "ჩიხურამ" მაინც შეძლო ანგარიშში დაწინაურება - ზესტაფონელთა კართან ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ, მასპინძელთა დაცვის ხაზში მოხდა მცირე არეულობა, რომლითაც საჩხერელმა თედო მაჭარაშვილმა კარგად ისარგებლა. მასპინძლებს პირველსავე საპასუხო შეტევაში შეეძლოთ გათანაბრება, თუმცა სტუმართა გოლკიპერმა პავლე თოდაძემ ზესტაფონელი გიორგი კლდიაშვილის უძლიერესი დარტყმული სასწაულებრივ მოიგერია...
ფიცხელი ბრძოლა მოედანზე მეორე ნახევარშიც გაიმართა - ორივე გუნდი წარმატების მიღწევას ცდილობდა და მეტოქეს არაფერს უთმობდა. ასეთ თამაშში შედეგის მიღწევასთან უფრო ახლოს მაინც მასპინძლები იყვნენ - ირაკლი საღარეიშვილსა და დავით იონანიძეს გატანის კარგი შესაძლებლობები მიეცათ...
რამდენიმე მომენტის განიავების შემდეგ, 77-ე წუთზე "ზესტაფონმა" ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხა - შეტევის მარცხენა ფლანგიდან 16 წლის ტატო ცხადაძის მიერ წამოწყებული იერიში გააგრძელა გიორგი სამხარაძემ, რომელმაც, თავის მხრივ, გამოზომილი გადაცემით სტუმართა გოლკიპერთან პირისპირ დატოვა დავით იონანიძე და ამ უკანასკნელმა თავის საქმე ცივსისხლიანად გააკეთა...
დღევანდელი შეხვედრის დასკვნით ნაწილში ზესტაფონელები გამარჯვების მოპოვებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა კარგ დასარტყმელ პოზიციაზე დარჩენილი 16 წლის საბა წულაია დამაგვირგვინებელი დარტყმის შესრულებისას სიზუსტემ დააღალატა. საბოლოოდ, მასპინძლებმა ბევრი იშრომეს, ბევრიც იბრძოლეს და გარკვეულწილად სენსაციურ ფრესაც მიაღწიეს 1-1.
|
19.08.2022. ”ზესტაფონი” - ”ჩიხურა” (საჩხერე) 1-1 |
"ზესტაფონი": გ. აბრამიშვილი, შალამბერიძე, ლ. ფუტკარაძე, ფოცხვერაშვილი, კლდიაშვილი (ს. აბრამიშვილი, 90), სამხარაძე, საღარეიშვილი, სათირიშვილი (ქურცაძე, 90), გ. ფუტკარაძე (ცხადაძე, 46), ჭელიძე (წულაია, 73), იონანიძე.
დაწვრილებით:
|
|