Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

07.07.2022

 

 

 

 

 

 

 

 

ზესტაფონელთა სათასო ბატალიათა ისტორია

 

 

 

 

 

7 ივლისს საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის XXXIII გათამაშებას გამოეთიშა - ბათუმის მახლობლად მდებარე ახალსოფელის სტადიონზე იმერლები ეროვნული ლიგა 4-ს წარმომადგენელ ხელვაჩაურის "მაჭახელასთან" დამარცხდნენ.

 

გეტყვით იმას, რომ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში ზესტაფონელები მე-16-ედ მონაწილეობდნენ. საინტერესოა, რომ წინა 15 გათამაშებაში მარგველებმა 5-ჯერ მოახერხეს თასის ფინალში გასვლა და ერთხელ, 2007-2008 წლების გათამაშებაში, თასის მფლობელებიც გახდნენ. რაც შეეხება დანარჩენ, შედარებით წარუმატებელ გათამაშებებს, თასზე ასპარეზობას ჩვენი გუნდი ერთჯერ ნახევარფინალურ, 2-ჯერ მეოთხედფინალურ და 7-ჯერ უფრო ადრეულ სტადიაზე გამოეთიშა...

 

სადღეისოდ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში გამართული აქვს 82 მატჩი, რომელთაგან 47 დასრულდა მარგველთა გამარჯვებით, 17 შეხვედრა დასრულდა ფრედ, 18-ჯერ კი ზესტაფონელები დამარცხდნენ. ბურთების სხვაობაა 150-71 ზემოიმერელთა სასარგებლოდ.

 

ყველაზე ხშირად თასის გათამაშებაში მარგველებს თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ უთამაშიათ - ამ გუნდების გზები თასის 4 გათამაშებაში გადაკვეთილა და სადღეისოდ 8 შეხვედრას ითვლის. ასევე 4 დაპირისპირებას ითვლის იმერელთა სათასო დაპირისპირებათა ისტორია ბათუმის "დინამოსთან", იმ განსხვავებით, რომ ამ გუნდებს ერთმანეთში 6 მატჩი აქვთ ჩატარებული. თასის 3 გათამაშებაში შემდგარა ზესტაფონელთა "დუელები" რუსთაველებთან (6 მატჩი), თბილისურ "ამერთან", "ვიტ-ჯორჯიასთან" და ქუთაისის "ტორპედოსთან" (5-5 მატჩი).

 

აუცილებლად უნდა ითქვას სათასო შეხვედრებში ზესტაფონელთა საუკეთესო ბომბარდირთა შესახებ - საუკეთესო შედეგის მფლობელი სადღეისოდ გახლავთ ზურაბ იონანიძე, რომლის ანგარიშზეც მარგველთა მეტოქეთა კარში გატანილი 14 გოლია. მას სულ მცირედით ჩამორჩება გოგი ფიფია, რომლის პირადი მონაგარი 12 გოლს შეადგენს. 9 გოლის ავტორი გახლავთ ბექა გოცირიძე, ხოლო ჯაბა დვალს იმერელთა მეტოქეთა კარის ბადე 7-ჯერ აქვს შერხეული.

 

რაც შეეხება ხელვაჩაურის "მაჭახელასთან" გამართულ შეხვედრას, ის აჭარელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4-0 დასრულდა...

 

16.05.2008. სწორედ ამ დღეს "ზესტაფონი" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნულ თასს დაეუფლა
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2022