Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

03.07.2022

 

 

 

 

 

 

 

 

რთული მატჩი ფოთის "კოლხეთთან"

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 3 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მორიგი მატჩი გამართა - საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს მეთოთხმეტე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები ფოთს ესტუმრნენ და სტადიონ "ფაზისზე" ადგილობრივ "კოლხეთი-1913"-ს დაუპირისპირდნენ.

 

ორი სახელოვანი ქართული საფეხბურთო კლუბის შეხვედრის საწყისი წუთები თანაბარ და უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა - გუნდებმა ერთმანეთს საკმაოდ მაღალი ტემპი შესთავაზეს და ერთი მეორეს მოედნის არცერთ მეტრს არ უთმობდნენ...

 

ასეთ თამაშში პირველი საგოლე ეპიზოდი ზესტაფონელებმა შექმნეს. სტუმართა ძალიან ლამაზი შეტევის დასკვნით ფაზაში ზღვისპირელთა საჯარიმოში აღმოჩნდა იმერელთა 18 წლის ნახევარმცველი ზაზა წამალაშვილი, რომელმაც ბურთი ფოთელ მცველს თავზე ოსტატურად გადაუგდო, მეკარესთან პირისპირ დარჩა და "მრგვალი საგნის" კარის ბადეში გადაგზავნა სცადა. ფაქტობრივად უიმედო სიტუაციაში მასპინძლებს მხსნელად მეკარე ლუკა ნანავა მოევლინათ, რომელმაც სასწაული რეაქციის გამოვლენა და საკუთარი კარის გოლისაგან გადარჩენა შეძლო...

 

თამაში თანაბრად მიმდინარეობდა, თუმცა 25-ე წუთზე მასპინძლებმა მაინც მოახერხეს ანგარიშის გახსნა - შეტევის მარჯვენა ფლანგიდან განვითარებულ ზღვისპირელთა იერიშს სტუმართა დაცვის ხაზში ერთბაშად რამდენიმე შეცდომა მოყვა და დასარტყმელ პოზიციაზე ეულად დარჩენილმა თორნიკე მუმლაძემ ბოძებული შანსი მშვენივრად შეირგო. ტაიმიც "კოლხეთის" მინიმალური უპირატესობით, ანგარიშით 1-0 დასრულდა.

 

დაძაბულობა და სიმწვავე "ფაზისზე" გამართული დაპირისპირების არც მეორე ნახევარს დაკლებია - მოედნის თვითოეულ მონაკვეთზე მიმდინარეობდა ფიცხელი ბრძოლა და ასეთ თამაშში შეხვედრაში გამარჯვებულის ვინაობის ბედი კარგა ხანს გაურკვეველი ჩანდა და ფორტუნაც ნებისმიერ მხარეს შეიძლებოდა შემოტრიალებულიყო...

 

ასეთ გაურკვეველ ვითარებაში საბოლოოდ მაინც მასპინძლებს გაუმართლათ - 68-ე წუთზე ზემოიმერელთა საჯარიმოს სიახლოვეს დაშვებულ კიდევ ერთ უყურადღებობას მოყვა ერეკლე ჯიჯავაძის საკმაოდ უხერხული დარტყმა და იმერელთა გოლკიპერმა გიორგი აბრამიშვილმა, რომელმაც მთლიანობაში მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა, ამ ეპიზოდში თავის გუნდის გადარჩენა ვეღარ მოახერხა...


შეხვედრის დასკვნით ნაწილში მარგველებმა მასპინძელთა კართან ნამდვილი შტურმი მოაწყვეს - გოლის გატანის ძალიან კარგი შესაძლებლობები მიეცათ დავით მოსიძეს, დავით იონანიძესა და მახარე მაცაბერიძეს. თუმცა, როგორც ჩანს, ფოთელთა გოლკიპერის ლუკა ნანავას გეგმებში გოლის გაშვება ნამდვილად არ შედიოდა და მან საკუთარი კარის მშრალად შენახვა მაინც მოახერხა - ფოთელთა გამარჯვება ანგარიშით 2-0.

 

03.07.2022. ”კოლხეთი” (ფოთი) - ”ზესტაფონი" 2-0

"ზესტაფონი": აბრამიშვილი, კაკუშაძე, ნიკოლაძე, გაჩეჩილაძე, მოსიძე, საღარეიშვილი (სამხარაძე, 71), გოგიჩაიშვილი, წამალაშვილი (წიქარიშვილი, 59), ჭანტურია (მაცაბერიძე, 71), იონანიძე, ამბროლაძე.

დაწვრილებით:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2022