კვირას, 3 ივლისს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული საფეხბურთო პირველობის მორიგ მატჩს გამართავს - საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს მეთოთხმეტე ტურში იმერლები ფოთის "ფაზისის" სტადიონზე ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”კოლხეთს” ესტუმრებიან.
სულ, 2004-დან 2015 წლამდე, ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის შეხვედრებში, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და ფოთის "კოლხეთს" ერთმანეთში 18-ჯერ უასპარეზიათ. აქედან 11 შეხვედრაში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა, 3 დასრულდა ფრედ, 4 კი მოიგეს ზღვისპირელებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაშიც იმერელი ფეხბურთელები შთამბეჭდავ უპირატესობას ფლობენ - 30:16.
დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაში კოლხთა და მარგველთა გზები მხოლოდ ერთხელ გადაიკვეთა - 2011-2012 წლების გათამაშების მერვედფინალის პირველ მატჩში ჯაბა დვალის დუბლის წყალობით მოპოვებულ მინიმალურ გამარჯვებას (2-1) იმერლებმა სტუმრად (მატჩი ლანჩხუთში გაიმართა) უგოლო ფრე შემატეს.
აღნიშვნის ღირსია ის, რომ ზესტაფონელთაგან ფოთელთა კარში სხვაზე ხშირად ზურაბ იონანიძესა და რატი წინამძღვრიშვილს გაუტანიათ - მათ ანგარიშზე 4-4 გოლია. 3-3-ჯერ მეტოქის კარის ბადე შეურხევიათ თორნიკე აფციაურსა და თორნიკე გორგიაშვილს. ჯაბა დვალს კი "კოლხეთის" კარი 2-ჯერ (ხოლო სათასო მატჩების ჩათვლით - 4-ჯერ) აქვს აღებული...
ზემოიმერლებსა და უძველესი ქართული საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლებს ერთმანეთში გაუმართავთ სპარინგ-მატჩებიც, თუმცა მათ შესახებ თხრობით ჩვენს მკითხველს აღარ დავღლით. დასასრულს ვიტყვით იმას, რომ კვირას გასამართი მატჩი ამ 2 კლუბის დაპირისპირებათა ისტორიაში იქნება პირველი, რომელიც არ იმართება ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ტურნირში...
როგორც უკვე მოგახსენეთ, ფოთის "კოლხეთთან" 3 ივლისს ფოთის სტადიონ "ფაზისზე" გასამართი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება...
"ზესტაფონი" - "კოლხეთის" მატჩები 2010-2012 წლების სეზონებში