Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

27.06.2022

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონმა" მოგების გემო გაიხსენა

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 27 ივნისს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, რიგით მეცამეტე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში "ზესტაფონმა" საფეხბურთო კლუბ "ბორჯომს" უმასპინძლა.

 

თბილისში ზედიზედ გამართულ ბოლო ორ შეხვედრაში განცდილი ფიასკოს შემდეგ, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონს სანახაობრივი თამაშითა და დამაჯერებელი გამარჯვებით დაუბრუნდა...

 

ბორჯომელებთან შეხვედრის დაწყებისთანავე ზემოიმერლებმა ინიციატივა ხელთ იგდეს და უკვე მე-6 წუთზე ანგარიშის გახსნა მოახერხეს - სტუმართა საჯარიმოს მისადგომებიდან პაატა ჭანტურიას გასროლა შედეგიანი აღმოჩნდა...

 

მე-16 წუთზე ზესტაფონელებმა სანიმუშო სწრაფი იერიში განახორციელეს და გიგა ამბროლაძის მიერ წამოწყებული და თორნიკე კაკუშაძის მიერ გაგრძელებული შეტევა დავით იონანიძის ზუსტი დარტყმით დაგვირვინდა...

 

25-ე წუთზე თავი უკვე გიგა ამბროლაძემაც გამოიჩინა - ბორჯომელთა საჯარიმოს მისადგომებიდან მისი გასროლილი სტუმართა ერთ-ერთ მცველს შეეხო და სტუმართა კარის დაუცველ კუთხეში შევარდა. 33-ე წუთზე "ბორჯომმა" ერთი ბურთი გაქვითა - გამოცდილმა ლევან შარიქაძემ თავის ყოფილი გუნდის კარის ბადე ოსტატურად შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ შეარხია.

 

ბორჯომელთა კართან სახიფათო მომენტებს მასპინძლები მეორე ტაიმშიც მრავლად ქმინდნენ, თუმცა კარის აღებით მხოლოდ ერთი ეპიზოდის დასრულება მოხერხდა - 62-ე წუთზე ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე დავით იონანიძემ მეტოქის საჯარიმოში შეაღწია და აუღებელიც დაარტყა...

 

მართალია, 66-ე წუთზე გიორგი ტყეშელაშვილმა მატჩის დასკვნით მონაკვეთს ერთგვარი ინტრიგა დაუბრუნა, თუმცა მარგველებმა საქმის ბოლომდე მიყვანაც და სატურნირო ცხრილში მორიგი სამი ქულის ჩაწერაც ცივსისხლიანად მოახერხეს. "ზესტაფონის" გამარჯვება ანგარიშით 4-2.

 

27.06.2022. ”ზესტაფონი” - ”ბორჯომი" 4-2

"ზესტაფონი": აბრამიშვილი, კაკუშაძე, ნიკოლაძე, გელაშვილი, მოსიძე, საღარეიშვილი (სამხარაძე, 80), გოგიჩაიშვილი, გაჩეჩილაძე (მაცაბერიძე, 69), ჭანტურია (წიქარიშვილი, 71), იონანიძე (წამალაშვილი, 80), ამბროლაძე.

დაწვრილებით:

 

მომდევნო მატჩს „ზესტაფონი“ 3 ივლისს გასვლაზე გამართავს. ჩვენი გუნდი ფოთს ეწვევა და ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ „კოლხეთს“ დაუპირისპირდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება…

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2022