15.06.2022
"ზესტაფონი" ზღვის ბაზას სტუმრის რანგში ესტუმრა
მიმდინარე წლის 14 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მორიგი მატჩი გამართა - საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს მეთერთმეტე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები თბილისის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" მეორე გუნდს დედაქალაქში ესტუმრნენ.
დასაწყისში უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ გუშინდელი დაპირისპირება თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ჩვენი კლუბის ბაზაზე გაიმართა. საქმე იმაშია, რომ გაზაფხულიდან მოყოლებული, თბილისის საფეხბურთო კლუბ "დინამოს" "ზესტაფონის" თბილისური ბაზის ხარისხით ცნობილი ბუნებრივსაფარიანი მოედნები მეორე გუნდის საწვრთნელი პროცესის წარმოებისა და ოფიციალური მატჩების ჩასატარებლად აქვს ნაქირავები...
თავად მატჩი, იმის მიუხედავად, რომ მისი საწყისი მონაკვეთი იმერლებმა დამაჯერებლად ჩაატარეს, მათთვის საკმაოდ უიღბლო გამოდგა. სტუმრები ბურთსა და ტერიტორიას სრულად აკონტროლებდნენ და მასპინძელთა ნახევარზე მყარად იყვნენ გამაგრებულები, როდესაც მათ დინამოელთა სწრაფი კონტრიერიში გაეპარათ და დავით მოსიძემ მეტოქე საკუთარ საჯარიმოში წესის დარღვევით შეაჩერა. ეს ეპიზოდი 25-ე წუთზე მოხდა და ჯადული იობაშვილმა წინ თბილისელები გაიყვანა.
უკვე საპასუხო შეტევაში ანგარიში უნდა გათანაბრებულიყო, თუმცა გიგა ამბროლაძის დარტყმული სულ ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა. ტაიმის ბოლო წუთები ისევ ზესტაფონელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, თუმცა პირველ ნახევარში საინტერესო აღარაფერი მომხდარა...
მეორე ნახევრის დაწყებისთანავე ანგარიში ორამდე გაიზარდა - 47-ე წუთზე დინამოელებმა განახორციელეს სანიმუშო შეტევა, რომელიც თორნიკე მორჩილაძემ დააგვირგვინა. ზესტაფონელები არც ამის შემდეგ შეგუებიან მოვლენათა ასეთ განვითარებას და ანგარიშში სხვაობის მინიმუმამდე შემცირებასთან ახლოს ზედიზედ სამ ეპიზოდში იყვნენ, თუმცა დავით იონანიძის და გიორგი წიქარიშვილის დარტყმებს მასპინძლელთა გოლკიპერი გაუმკლავდა, ხოლო გიგა ამბროლაძის ფაქტიურად აუღებელი თავური, სამწუხაროდ, ისევ ოდნავ არაზუსტი გამოდგა...
თამაშის ასეთი სურათის გათვალისწინებით, სულაც არ იყო გასაკვირი ის ამბავი, რომ თბილისელები ზესტაფონელთა "გამოჭერას" სწრაფი კონტრაქციებით ცდილობდნენ და რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, შეხვედრის ბოლო, 90-ე წუთზე თავისას მიაღწიეს კიდეც - იმერელთა კიპერთან პირისპირ გასულ ნიკა სიხარულაშვილს გატანა არ გასჭირვებია. საბოლოოდ, მატჩი ნომინალურ მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3-0 დასრულდა.
|
14.06.2022. ”დინამო-2” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 3-0 |
"ზესტაფონი": ნუცუბიძე, კაკუშაძე, მოსიძე, ნიკოლაძე, გოცაძე, გაჩეჩილაძე (წიქარიშვილი, 54), საღარეიშვილი, გოგიჩაიშვილი (სამხარაძე, 65), ამბროლაძე, ჭანტურია (მაცაბერიძე, 75), იონანიძე.
დაწვრილებით:
|
19 ივნისს საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ კიდევ ერთ გასვლით შეხვედრას ჩაატარებს - ჩვენი გუნდის მეტოქე თბილისის „ირაო“ იქნება. ეს მატჩი საფეხბურთო კლუბ "სპაერის" სტადიონზე გაიმართება და 17:30 საათზე დაიწყება…
აქვე გთავაზობთ ვიდეომასალას, რომელიც თბილისის "დინამოს" პრეს-სამსახურის მიერაა მომზადებული |