Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

26.05.2022

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონი" თასის გათამაშებაში წარმატებით ჩაება

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 26 მაისს "ზესტაფონი" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში ჩაერთო - წყალტუბოში გამართულ მეორე ეტაპის შეხვედრაში ჩვენი გუნდი ლიგა 4-ის წარმომადგენელს, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ "სამგურალის" მეორე გუნდს ესტუმრა.

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამართულ ამ დაპირისპირებას წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონის ხელოვნურსაფარიანმა მოედანმა უმასპინძლა. პირველივე წუთებიდან გამოიკვეთა უფრო მაღალ ლიგაში მოასპარეზე ზესტაფონელთა უპირატესობა და რამდენიმე ხელსაყრელი ეპიზოდის განიავების შემდეგ, მე-19 წუთზე გიგა ამბროლაძემ კუთხურის ნიშნულიდან მახარე მაცაბერიძის მიერ ჩაწოდებულით კარგად ისარგებლა და ზუსტი თავურით წინ სტუმრები გაიყვანა...

 

მეორე ნახევარიც ზემოიმერელთა უპირატესობით დაიწყო, სტუმრები ბურთსა და ტერიტორიას აკონტროლებდნენ და ახალგაზრდა წყალტუბოელთა კართან მომენტებსაც ქმნიდნენ. 58-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაიზარდა - "სამგურალი-2"-ს საჯარიმოში დავით იონანიძის წაქცევის გამო დაინიშნა პენალტი, რომელიც თავად დაზარალებულმა გოლად მშვიდად აქცია.

 

ამ ეპიზოდიდან სულ რაღაც ორიოდე წუთში (60-ე წუთი) ზესტაფონელებმა კიდევ ერთხელ სახიფათოდ შეუტიეს მასპინძელთა კარს და ზაზა წამალაშვილის დროული გამჭოლი გადაცემის შემდეგ დავით იონანიძემ დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდის უპირატესობა დიდამდე 3-0 გაზარდა.

 

მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ შეხვედრის დასკვნით ნაწილში გაიბრძოლეს და სტუმართა კარში ორი გოლის გატანაც მოახერხეს - 86-ე წუთზე ერთი გოლი ბექა ჩხაბერიძემ გაიტანა, დღევანდელი სათასო დუელის ბოლო ეპიზოდი კი არბიტრის მიერ კომპენსირებულ ბოლო, 90+5-ე წუთზე მოხდა - მარგველთა საჯარიმოს მისადგომებთან დანიშნული სტანდარტი გოლად ზურაბ ბედოშვილმა აქცია. ზესტაფონელთა გამარჯვება ანგარიშით 3-2.

 

აქვე აუცილებლად უნდა მოგახსენოთ ერთი ფრიად საინტერესო ფაქტის შესახებ - დღევანდელი მატჩის მეორე ნახევრის მიმდინარეობისას მოედანზე შევიდნენ და "ზესტაფონის" მთავარი გუნდის მაისურით სადებიუტო შეხვედრები გამართეს ჩვენი კლუბის 17-წლამდელთა გუნდის წევრებმა ნიკა მღარიშვილმა და ტატო ცხადაძემ. ორივე ამ ჭაბუკს სულ რამდენიმე კვირის წინ 16-16 წელი შეუსრულდა...

 

26.05.2022. ”სამგურალი-2” (წყალტუბო) - ”ზესტაფონი” 2-3

"ზესტაფონი": აბრამიშვილი, გელაშვილი (ნიკოლაძე, 71), გაჩეჩილაძე, პირველი (ჭანტურია, 71) , მოსიძე (ცხადაძე, 85), სამხარაძე, წამალაშვილი, ამბროლაძე, იონანიძე (მღარიშვილი, 77), მაცაბერიძე, წიქარიშვილი.

დაწვრილებით:

 

მორიგ შეხვედრას "ზესტაფონი" 30 მაისს გამართავს - საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მეცხრე ტურის შეხვედრაში მარგველები ლანჩხუთის "გურიას" ესტუმრებიან. ეს მატჩი ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება...

 

გამოყენებულია წყალტუბოს საფეხბურთო კლუბ "სამგურალის" ოფიციალური facebook-გვერდის ფოტომასალა
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2022