Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

17.05.2022

 

 

 

 

 

 

 

 

დასანანი და დაუმსახურებელი მარცხი

 

 

 

 

 

2022 წლის 16 მაისს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი, მეშვიდე ტურის შეხვედრები - პაატა თათარიშვილის სახელობის ხობის სტადიონზე ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა "კოლხეთმა" საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" უმასპინძლა.

 

დასაწისში უნდა ვთქვათ იმის შესახებ, რომ გუშინდელ შეხვედრას იმერლები დიდი დანაკლისით შეხვდნენ - წინა მატჩებში მიღებული დაზიანებებისა და სხვა მიზეზების გამო გუნდს დავით მოსიძე, ზურაბ გელაშვილი, ირაკლი საღარეიშვილი და კობა გოგობერიშვილი გამოაკლდენენ...

 

ამის მიუხედავად, ხობში გამართული შეხვედრის საწყისი წუთები სტუმართა საგრძნობი უპირატესობით წარიმართა და მე-18 წუთზე ხობელთა კართან ჩამოწოდებული კუთხურის, ხანგრძლივი გათამაშებისა და პაატა ჭანტურიას კარგი გადაცემის შემდეგ გიგა ამბროლაძემ უძლიერესი დარტყმით წინ "ზესტაფონი" გაიყვანა...

 

მასპინძელთა რიგებში აქტიურობით ორი ძალიან გამოცდილი ფეხბურთელი, გიორგი ჭედია და გოგი ფიფია გამოირჩეოდნენ - სწორედ ამ უკანასკნელმა, 29-ე წუთზე უკვე ზესტაფონელთა კართან ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ, დიდოსტატური აუღებელი თავურით ბურთი თავის ყოფილი გუნდის კარში გადაგზავნა...

 

შეხვედრის მეორე ნახევრის დაწყებისთანავე სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა ხელთ ზესტაფონელებმა იგდეს და გეგმაზომიერად დაიწყეს მეტოქე გუნდის "კარის გასაღების" ძიება. ხობელები სწრაფი კონტრაქციებით ცდილობდნენ აპელირებას, თუმცა 72-ე წუთამდე აქედან სახეიროს ვერაფერს ღებულობდნენ...

 

72-ე წუთზე კი მოხდა ეპიზოდი, რომელმაც გუშინდელი მეგრულ-იმერული დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა - ხობელთა მორიგი კონტრშეტევისას "კოლხეთის" ერთ-ერთმა შემტევმა ბურთი საჯარიმოში შეიგდო და იქვე მყოფ ზესტაფონელთა კაპიტან ნოდარ გაჩეჩილაძეს შეეჯახა და ეს უკანასკნელი წააქცია კიდეც.

 

სტუმრები მატჩის არბიტრის მიერ მასპინძელთა მხრიდან წესის დარღვევის ლოგიკურ დაფიქსირებასა და საჯარიმო დარტყმის დანიშვნას ელოდნენ, თუმცა ირაკლი შენგელიამ ზესტაფონელთათვის გაუგებარი (ხოლო "კოლხეთისათვის" გამარჯვების მომტანი) გადაწყვეტილება მიიღო და სტუმართა კარში დანიშნა არარსებული პენალტი, რომელიც გოლად უკვე ნახსენებმა გიორგი ჭედიამ მშვიდად აქცია...

 

აქედან სულ რაღაც ხუთიოდე წუთში მასპინძლები მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ. ზესტაფონელებს თითქოს თამაშში გარდატეხის შეტანა უნდა შეძლებოდათ, თუმცა დავით იონანიძის მეტად სახიფათო თავურს თუ არ ჩავთვლით, მატჩის დასკვნითი ნაწილი სტუმართა აქტივში შესატანი მაინცდამაინც ვერ გამოდგა. დასანანი და დაუმსახურებელი მარცხი ანგარიშით 2-1.

 

 

16.05.2022. ”კოლხეთი” (ხობი) - ”ზესტაფონი” 2-1

"ზესტაფონი": ნუცუბიძე, გოცაძე, კაკუშაძე, ნიკოლაძე, გაჩეჩილაძე, მაცაბერიძე (წიქარიშვილი, 78), წამალაშვილი, გოგიჩაიშვილი, ჭანტურია, ამბროლაძე, იონანიძე.

დაწვრილებით:

 

შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 23 მაისს გამართავს - საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მერვე ტურის შეხვედრაში მარგველები ტყიბულის "მეშახტეს" უმასპინძლებენ. მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:30 საათზე დაიწყება...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2022