30.04.2022
გაზეთი "ლელო": პირველად "ზესტაფონის" ისტორიაში...
მოგეხსენებათ, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ამჟამად საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის III ლიგაში ასპარეზობს და გარდამავალი პერიოდი უდგას მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა მისი მფლობელი და უპირველესი მეოხი - ილია კოკაია.
დიდწილად, სწორედ ამით უნდა აიხსნას ის, რომ საქართველოს ორგზის ჩემპიონმა, თასისა და სუპერთასის ორგზის მფლობელმა არცთუ სახარბიელოდ დაიწყო სეზონი, თუმცა ჯერ მხოლოდ სტარტია და დაკარგული პოზიციების დაბრუნება კიდევ შეიძლება.
ჩვენი დღევანდელი წერილი კი სხვა თემას ეძღვნება. საფეხბურთო კლუბ "გორთან" შეხვედრის ტექსტურ რეპორტაჟში, რომელიც კლუბის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული, გვხვდება ერთი მეტად საინტერესო და დამაფიქრებელი აბზაცი, სადაც ვკითხულობთ:
.
"აუცილებლად უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ პირველად საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თითქმის 18-წლიანი ისტორიის განმავლობაში ჩვენი გუნდის სათამაშო მაისურებზე არ იყო დატანილი გენერალური სპონსორის ლოგოტიპი. როგორც მოგეხსენებათ, ზემოიმერული კლუბის დაარსების დღიდან ის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ("ფერო") ლოგოს მქონე ფორმებით ასპარეზობდა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში კლუბი გენერალური სპონსორის გარეშეა დარჩენილი და მაისურების დიზაინის ცვლილებაც სწორედ ამითაა განპირობებული".
დიახ, სწორედ ფეროშენადნობთა ქარხნის სპონსორობით მოიპოვა "ზესტაფონმა" არაერთი დასამახსოვრებელი გამარჯვება საშინაო თუ საგარეო ასპარეზზე. შემთხვევითი არ არის, რომ კლუბის ერთ-ერთი მეტსახელი სწორედ "ფეროელებია".
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - ამ ეტაპზე ეს თანამშრომლობა შეჩერებულია და მისი განახლება ან ახალი გენერალური სპონსორის გამოჩენა კლუბისთვის სასიცოცხლო აუცილებლობას შეაგდენს.
რა თქმა უნდა, ილია კოკაიას გარდაცვალება კლუბისთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო. ეს ცალსახაა და ისიც ფაქტია, რომ ქართული ფეხბურთის ინტერესებშია, "ზესტაფონმა" ახალი ამბიციებით გააგრძელოს ასპარეზობა, ახალ გამოწვევებს შეეჭიდოს და კვლავ შეუტიოს მწვერვალებს.
ბოლოს და ბოლოს, ეს იმ ადამიანის ხსოვნის პატივისცემა იქნება, ვინც საქართველოს შეაყვარა და ევროპას გააცნო ეს იმერული კლუბი, რომელსაც დღესაც სიამოვნებით იხსენებენ...
ალეკო კაკაურიძე, სპორტული გაზეთი "ლელო"
|