18.04.2022
მძიმე მარცხი მესამე ტურის გასვლით შეხვედრაში
მიმდინარე წლის 18 აპრილს გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მორიგი შეხვედრები - დედაქალაქურ საფეხბურთო კომპლექს "მარაკაზე" გამართულ მესამე ტურის შეხვედრაში დუშეთის საფეხბურთო კლუბმა "არაგვმა" "ზესტაფონს" უმასპინძლა.
ახლადდაწყებულ სეზონში სპეციალისტთა მიერ ეროვნული ლიგა 3-ის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულ "არაგვთან" შეხვედრა "ზესტაფონისთვის" არ გამოდგა მარტივი. დუშელები თამაშს თავიდანვე აკონტროლებდნენ, უფრო მეტს უტევდნენ და შედეგად, 21-ე წუთზე თენგიზ ბრეგვაძემ მასპინძელთა გუნდის დაწინაურება მოახერხა.
ზესტაფონელებს ანგარიშის გათანაბრების შანსი მალევე მიეცათ, თუმცა გიგა ამბროლაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან გატანა ვერ მოახერხა. ტაიმის ბოლო, 45-ე წუთზე კი ანგარიში ორამდე გაიზარდა - "არაგვის" კიდევ ერთი კარგი იერიში ზუსტი დარტყმით გოჩა ცირდავამ დააგვირგვინა.
შეხვედრის მეორე ნახევარი იმერლებმა გაცილებით აქტიურად დაიწყეს და ზედიზედ რამდენიმე ეპიზოდში გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყვნენ. თუმცა, 61-ე წუთზე მათ მასპინძელთა სწრაფი კონტრშეტევა გაეპარათ და ცოტნე ქებურიას ზუსტი დარტყმის შემდეგ ანგარიში დიდამდე გაიზარდა.
მატჩის დასკვნით ნაწილში სტუმართა კარში კიდევ 2 გოლი გავიდა და ორივე ეს გოლი ექს-ზესტაფონელებმა გაიტანეს - 73-ე წუთზე თავი გურამ სამუშიამ გამოიჩინა, ხოლო 89-ეზე ვაჟა ლომაშვილმა "არაგვის" უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი 5-0 გახადა.
|
18.04.2022. ”არაგვი” (დუშეთი) - ”ზესტაფონი” 5-0 |
"ზესტაფონი": ნუცუბიძე, გოცაძე, გელაშვილი, ნიკოლაძე (მაცაბერიძე, 64), მოსიძე, კაკუშაძე (სამხარაძე, 77), გაჩეჩილაძე, საღარეიშვილი (გოგიჩაიშვილი, 46), ჭანტურია (წამალაშვილი, 46), ამბროლაძე, იონანიძე (წიქარიშვილი, 77).
დაწვრილებით:
|
შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ, 28 აპრილს გამართავს - საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მეოთხე ტურის შეხვედრაში მარგველები საფეხბურთო კლუბ "გორს" უმასპინძლებენ. მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება...
|