11.04.2022
დასანანი საშინაო მარცხი
მიმდინარე წლის 11 აპრილს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირის მეორე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის არენაზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" თბილისის "ვარკეთილს" უმასპინძლა.
ახალი სეზონის იმერელთათვის სადებიუტო საშინაო მატჩი მეტოქე გუნდებმა ერთგვარი დაზვერვით დაიწყეს - ზესტაფონელებიც და მათი სტუმარი თბილისელებიც მეტწილად ფრთხილობდნენ და შეცდომის დაშვებისაგან მაქსიმალურად იკავებდნენ თავს. მართალია, პირველი ნახევრის დასკვნით ნაწილში მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა, თუმცა საბოლოოდ ტაიმი უშედეგოდ 0-0 დასრულდა...
შეხვედრის მეორე ნახევრის საწყისი წუთები იმერელთა აქტიურობის აკომპანემენტით წარიმართა და 51-ე წუთზე, სტუმართა საჯარიმოში დავით იონანიძის წაქცევის გამო "ვარკეთილის" კარის მიმართულებით დაინიშნა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა, რომლის გოლად ქცევა გიგა ამბროლაძემ სამწუხაროდ ვერ მოახერხა...
ამ ეპიზოდის შემდეგ მცირე ხანში ტრავმა მიიღო მარგველთა ნახევარმცველმა გოგი გოგიჩაიშვილმა და ამის გამო რიცხობრივ უმრავლესობაში აღმოჩენილმა სტუმრებმა თამაშის სწორედ ამ მონაკვეთში მოახერხეს ანგარიშში დაწინაურება - 64-ე წუთზე ვარკეთილელთა სწრაფი კონტრიერიში გოლად გიორგი გოგობერიშვილმა აქცია...
77-ე წუთზე ანგარიში 0-2 გახდა - მოედნის ცენტრთან ახლოს სტუმრებმა ერთ-ერთი ზესტაფონელის არაზუსტი გადაცემა ჩაჭრეს და შედეგად ზაქარია ბასილაშვილს გატანა არ გასჭირვებია. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ზემოიმერლებმა მიმდინარე სეზონში პირველი, თანაც მეტად დასანანი მარცხი იწვნიეს...
* * *
შეხვედრას "ზესტაფონი" 18 აპრილს გამართავს - საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს მორიგი, მესამე ტურის შეხვედრაში ჩვენი გუნდი დუშეთის საფეხბურთო კლუბ "არაგვს" დაუპირისპირდება. ეს მატჩი თბილისში, "მარაკანას" სახელწოდებით ცნობილი სპორტულ კომპლექსის ხელვნურსაფარიან მოედანზე გაიმართება და 14:30 საათზე დაიწყება…
|
11.04.2022. ”ზესტაფონი” - ”ვარკეთილი” (თბილისი) 0-2 |
"ზესტაფონი": ნუცუბიძე, გოცაძე, პირველი (საღარეიშვილი, 55), ნიკოლაძე, მოსიძე (მაცაბერიძე, 78) , კაკუშაძე, გაჩეჩილაძე, გოგიჩაიშვილი (სამხარაძე, 64), ჭანტურია (წამალაშვილი, 64), ამბროლაძე, იონანიძე (გოგობერიშვილი, 78).
დაწვრილებით:
|
|