04.04.2022
ახალი სეზონის სასტარტო შეხვედრა
მიმდინარე წლის 4 აპრილს სტარტი აიღო საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს ტურნირმა. საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ქალაქ საჩხერის "ძველ სტადიონზე" გამართულ ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ "ჩიხურას" დაუპირისპირდა.
წლების წინ საჩხერის "ჩიხურასა" და "ზესტაფონს" ერთმანეთში არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ეროვნული პირველობის უმაღლეს ლიგასა და თასის გათამაშებაში ჩაუტარებიათ. დღესდღეობით კი ორივე გუნდი საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 3-ში ასპარეზობს და "ძველ ნაცნობთა" მორიგი დაპირისპირება სწორედ ახალი სეზონის სტარტს დაემთხვა...
თუკი ზესტაფონელებმა შარშანდელი შემადგენლობის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება და კიდევ უფრო გაძლიერება მოახერხეს, საჩხერელთა გუნდში ზამთარში ბევრი საკადრო ცვლილება მოხდა და საბოლოოდ, "ჩიხურა" ახალ სეზონს საკმაოდ გადახალისებული შემადგენლობით შეეგება...
ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრა სტუმართათვის მარტივი არ გამოდგა. პირველ ტაიმში ზესტაფონელები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და 24-ე წუთზე, პაატა ჭანტურიას უზუსტესი გამოზომილი დარტყმის შემდეგ, დაწინაყრდნენ კიდეც...
ამის შემდეგ გოლის გატანა მართებდათ დავით მოსიძეს (ზედიზედ 2 ეპიზოდში), დავით იონანიძეს, გოგი გოგიჩაიშვილსა და გიგა ამბროლაძეს (ამ უკანასკნელს 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა მასპინძელთა კიპერმა აუღო), თუმცა ასეთ ვითარებაში მიმდინარე შეხვედრაში პირველი ტაიმი სტუმართა მხოლოდ მინიმალური უპირატესობით 1-0 დასრულდა...
სახიფათო მომენტების გაცუდების საქმეში "ხელგაშლილ" ზესტაფონელებს პრობლემები მეორე ტაიმის დაწყებისთანავე დაეწყოთ - 52-ე წუთზე მატჩის არბიტრმა ირაკლი ხერხაძემ ბოლო იმედის ჯარიმის მიღების გამო მოედნიდან გააძევა ჩვენი გუნდის ცენტრალური მცველი ზურაბ გელაშვილი. რა გასაკვირია, რომ გაძევებას სტუმართა რიგებში იძულებითი ხასიათის ცვლილებები და ზოგადად თამაშის სცენარის შეცვლა მოყვა...
79-ე წუთზე მოსალოდნელი სასჯელიც განხორციელდა - სტუმართა საჯარიმოში "ჩიხურას" ერთ-ერთი ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაშისას წესის დარღვევის გამო ზესტაფონელთა კარის მიმართულებით დაინიშნა 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა, რომელიც საჩხერელმა ნიკა ხარაიშვილმა გოლად ცივსისხლიანად აქცია...
გაშვებულმა გოლმა უკვე სტუმრებზე იმოქმედა გამაღიზიანებლად - კაცნაკლულმა ზესტაფონელებმა მძლავრად შეუტიეს "ჩიხურას" კარს. ზედიზედ ორ ეპიზოდში გოლის გატანასთან ახლოს დავით მოსიძე გახლდათ, თუმცა საჩხერელთა გოლკიპერმა გოდერძი ქურდაძემ ორივე შემთხვევაში სასწაულებრივ იხსნა საკუთარი კარი...
დამაინც, ზესტაფონელებმა მოახერხეს დღევანდელ მატჩში გამარჯვებისა და 3 ქულის მომტანი გოლის გატანა. 90-ე წუთზე მასპინძელთა კართან დაინიშნა კუთხური, რომლის ჩაწოდება საკუთარ თავზე გუნდის კაპიტანმა ნოდარ გაჩეჩილაძემ აიღო, საჯარიმოში კი ყველას 2021 წლის სეზონში "ზესტაფონისა" და ეროვნული ლიგა 4-ს საუკეთესო ბომბარდირმა გიგა ამბროლაძემ აჯობა და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა - 1-2.
|
04.04.2022. ”ჩიხურა” (საჩხერე) - ”ზესტაფონი” 1-2 |
"ზესტაფონი": ნუცუბიძე, გოცაძე, გელაშვილი, ნიკოლაძე, მოსიძე, კაკუშაძე (გოგობერიშვილი, 85), გაჩეჩილაძე, გოგიჩაიშვილი, ჭანტურია (წამალაშვილი, 66), ამბროლაძე, იონანიძე (სამხარაძე, 57).
დაწვრილებით:
|
შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 11 აპრილს გამართავს - საქართველოს XXXIV-ე ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მეორე ტურის შეხვედრაში მარგველები თბილისის საფეხბურთო კლუბ "ვარკეთილს" უმასპინძლებენ. მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება...
|