Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

23.03.2022

 

 

 

 

 

 

 

 

"ლელო": ტრადიციების ჯახი ზესტაფონში...

 

 

 

 

 

უკვე არაერთხელ დავწერეთ და ვივარაუდეთ, რომ კარსმომდგარი სეზონი ლიგა 3-ში ერთობ დაძაბული იქნება. იქ არაერთი ამბიციური გუნდია, მათ შორის, გია გიგატაძის მიერ გაწვრთნილი ფოთის "კოლხეთი", რომელიც ფინანსურად კიდევ უფრო გაძლიერდა, არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატა და სპეციალისტების აზრით, ლიგის მთავარ ფავორიტადაც ითვლება.

 

ფოთელებმა არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატეს საინტერესო ახალგაზრდა მოთამაშეებთან ერთად. მაგალითად, ზღვისპირელთა რიგებში ითამაშებენ ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც არაერთი მატჩი ჩაუტარებით საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგასა და უცხოურ კლუბებში - დიმიტრი ტატანაშვილი, დათა სიჭინავა, გიორგი კახელიშვილი, ბექა გაბისკირია, თორნიკე მუმლაძე... ამას დავამატოთ ის მოთამაშეებიც, რომლებიც უკვე კარგა ხანია, გუნდში არიან კაპიტან ლაშა გვალიას მეთაურობით.

 

რაც შეეხება "ზესტაფონს", ლევან ჯოხაძის მიერ გაწვრთნილი გუნდი არსებობის ახალ ეტაპზე გადავიდა მას შემდეგ, რაც ტრაგიკულად დაიღუპა კლუბის დამაარსებელი, მფლობელი და უპირველესი მეოხი - ილია კოკაია. მარგველებმა რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატეს.

 

დავით იონანიძის შემდეგ, გუნდში ჩაირიცხა ამპლუით მცველი გიორგი გოცაძე, ვინც ბოლოს "თბილისი სიტიში" ასპარეზობდა, სხვადასხვა დროს კი უთამაშია რუსთავის "მეტალურგში", ტყიბულის "მეშახტეში", დუშეთის "არაგვსა" და საფეხბურთო კლუბ "რუსთავში". ის გუნდში, სულ მცირე, 2022 წლის ბოლომდე დარჩება.

 

ზესტაფონში, ადგილობრივი კლუბის საწვრთნელ ბაზაზე, სწორედ ეს ორი ტრადიციული კლუბი დაუპირისპირდა ერთმანეთს. როგორც მოსალოდნელი იყო, "ზესტაფონისა" და "კოლხეთის" შეხვედრა დაძაბულ ორთაბრძოლაში წარიმართა. გუნდები ორმხრივ იერიშებში ცდიდნენ ბედს და მოსამზადებელი პერიოდის კვალობაზე მაღალ ტემპსაც ინარჩუნებდნენ.

 

პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი გავიდა და ის "ზესტაფონის" ახალწვეულმა დავით იონანიძემ შეაგდო - ფორვარდმა, ვინც ახლო წარსულში შესანიშნავი ქართველი მეგოლის, ზურაბ იონანიძის ვაჟია.

 

დავითს არაერთი შეხვედრა ჩაუტარებია უმაღლეს ლიგაში, მათ შორის, "ტორპედოში", "ჩიხურაში"... ბოლოს ის "გაგრასა" და "სამტრედიაში" ასპარეზობდა. ორივე გუნდის კართან იყო არაერთი მომენტი, თუმცა პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

 

რა თქმა უნდა, ფოთელები არ შეურიგდნენ მოვლენათა ასეთ განვითარებას და მეორე ნახევარში ზედიზედ გაიტანეს ორი ბურთი - ჯერ ბექა კაკუშაძემ გაათანაბრა ანგარიში, მერე კი ბექა გაბისკირიამ გაიტანა, ვინც "კოლხეთს" ბოლნისის "სიონიდან" შეუერთდა.

 

ამის შემდეგ უკვე "ზესტაფონმა" აღადგინა წონასწორობა - გიგა ამბროლაძემ, ვისაც ასევე არაერთხელ უთამაშია უმაღლეს ლიგაში, რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა და "ზესტაფონის" თბილისური აკადემიის აღზრდილს, ზაზა წამალაშვილს გაატანინა.

 

"კოლხეთმა" მაინც მოიგო. ფოთელთა შემადგენლობაში გადამწყვეტი გოლი ალჟირელმა ლეგიონერმა - მუჰამედმა გაიტანა - 3:2. ეს გუნდები ოფიციალურ მატჩებშიც შეხვდებიან ერთმანეთს და უკვე ჩანს, რომ დაძაბულობა იმთავითვე გარანტირებულია.

 

ალეკო კაკაურიძე, სპორტული გაზეთი "ლელო"

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2022