22.03.2022
ამხანაგური მატჩი ფოთის "კოლხეთთან"
მიმდინარე წლის 22 მარტს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ქალაქ ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე ზემოიმერლებმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის წარმომადგენელ ფოთის საფეხბურთო კლუბ "კოლხეთს" უმასპინძლეს.
კარსმომდგარ სეზონში სპეციალისტთა მიერ ეროვნული ლიგა 3-ის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულ ფოთელებთან შეხვედრაში "ზესტაფონის" სასტარტო შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა: ნუცუბიძე, გოცაძე, გელაშვილი, ნიკოლაძე, მოსიძე, გაჩეჩილაძე, გოგიჩაიშვილი, გოგობერიშვილი, ჭანტურია, ამბროლაძე, იონანიძე. მეორე ტაიმში კი მასპინძელთა რიგებში აბრამიშვილი, სამხარაძე, კაკუშაძე, წამალაშვილი და პირველი გამოჩნდნენ...
მატჩი უშეღავათო ბრძოლაში და ორმხრივი იერიშების თანხლებით წარიმართა. შეხვედრის პირველი ნახევარი ზესტაფონელებმა დავით იონანიძის გოლით მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარი უფრო აქტიურად ფოთელებმა დაიწყეს და თამაშის განახლებიდან სულ რამდენიმე წუთში მასპინძელები ზედიზედ ორი გოლით (ბექა კაკუშაძე და ბექა გაბისკირია (პენ.)) დაამწუხრეს.
მეორე ტაიმის შუაწელს ზესტაფონელებმა ანგარიში ისევ თანაბარი გახადეს - შეტევის მარჯვენა ფლანგიდან გიგა ამბროლაძის კარგ გარღვევასა და საჯარიმოში ჩაწოდებულს ზაზა წამალაშვილი გამოეხმაურა და ზუსტი დარტყმით ბურთი ზღვისპირელთა კარის ბადეში გადაგზავნა. დღევანდელი საკონტროლო მატჩის საბოლოო "აკორდი" მაინც ფოთელებმა შეასრულეს - "კოლხეთის" ალჟირელმა ლეგიონერმა მუჰამედმა თავის გუნდს გამარჯვება 3-2 გაუფორმა.
|