საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველი გუნდი საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის ტურნირის სტარტისთვის მზადებას განაგრძობს. 19 მარტს "ზესტაფონს" ჩოხატაურის "ბახმაროსთან" სპარინგ-მატჩი უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ეს შეხვედრა საქართველოში უხვად მოსული თოვლის გამო ჩაიშალა...
ამასობაში გუნდს კიდევ ერთი ახალწვეული შეუერთდა - ამიერიდან ზემოიმერელთა რიგებში 25 წლის მცველი გიორგი გოცაძე იასპარეზებს. გასულ სეზონში მარგველთა ახალწვეული თბილისის საფეხბურთო კლუბ "თბილისი სითის" ღირსებას იცავდა...
უნდა ითქვას, რომ "თბილისი სითის" შემადგენლობაში ასპარეზობის გარდა, გიორგის ზურგს რუსთავის "მეტალურგში", ტყიბულის "მეშახტეში", დუშეთის "არაგვსა" და საფეხბურთო კლუბ "რუსთავში" თამაშის გამოცდილებაც უმაგრებს.
გიორგი გოცაძე იმერელთა საკლუბო ფერებს, სულ მცირე, 2022 წლის ბოლომდე დაიცავს. ფეხბურთელი უკვე შეუერთდა გუნდს და მასთან ერთად შეუდგა სეზონის მოახლოვებული სტარტისთვის მზადების პროცესს...