23.02.2022
სფფ-ს აღმასკომმა ჩემპიონატის დებულება დაამტკიცა
მიმდინარე წლის 22 თებერვალს გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის მორიგი სხდომა. გუშინდელ სხდომაზე გამოტანილი ძირითადი საკითხი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სხვადასხვა ლიგის დებულების დამტკიცება გახლდათ.
როგორც იცით, 2022 წლის საფეხბურთო სეზონში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონი" საქართველოს ეროვნულ ლიგა 3-ში თბილისურ "თბილისი-სითისთან", "ვარკეთილთან", "მერანი-2"-თან, "საბურთალო-2"-თან, "დინამო-2"-თან და "ირაოსთან", დუშეთის "არაგვთან", "გორთან", "ბორჯომთან", ლანჩხუთის "გურიასთან", ჩოხატაურის "ბახმაროსთან", ტყიბულის "მეშახტესთან", ფოთის "კოლხეთთან", საჩხერის "ჩიხურასთან" და ხობის "კოლხეთთან" იასპარეზებს...
აღმასკომის მიერ დამტკიცებული დებულების თანახმად, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ს გუნდები ერთმანეთში ორ წრედ ითამაშებენ (შინ და გარეთ, სულ - 30 მატჩი). ორწრიანი ტურნირის შედეგების მიხედვით საუკეთესო ორი გუნდი პირდაპირ მოიპოვებს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის საგზურს, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილებზე გასული გუნდები ორმატჩიან პლეიოფში დაუპირისპირდებიან ლიგა 2-ში მეშვიდე-მერვე ადგილზე გასულ გუნდებს.
ლიგა 3-ის გათამაშებაში მეთოთხმეტე, მეთხუთმეტე და მეთექვსმეტე ადგილზე გასული გუნდები ეროვნულ ლიგა 4-ში დაქვეითდებიან. შესაბამისად, ლიგა 4-ში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები ლიგა 3-ის საგზურს მოიპოვებენ. საინტერესოა ისიც, რომ ახალი სეზონიდან პლეიოფის მატჩებში სტუმრად გატანილი გოლის წესი გაუქმდა...
ამასთან, აღმასკომმა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების დებულებაც დაამტკიცა. ახალი გათამაშება სტარტს აპრილში აიღებს. საწყის ეტაპებზე ლიგა 3-ის, ლიგა 4-ის, რეგიონული ლიგის გუნდებთან ერთად, ისტორიაში პირველად, მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი მსკ „ბასიანი“ მიიღებს მონაწილეობას. ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები თასის გათამაშებაში მეთექვსმეტედფინალური ეტაპიდან ჩაერთვებიან, რომელიც 6 და 7 აგვისტოს გაიმართება. მერვედფინალური მატჩები კი 20 და 21 აგვისტოს შედგება.
მომზადებულია gff.ge-ს პუბლიკაციის მიხედვით...
|