Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

18.02.2022

 

 

 

 

 

 

 

 

"ლელო": დიდი დანაკლისით და ახალი იმედებით!

 

 

 

 

 

 

საქართველოს ორგზის ჩემპიონი, თასისა და სუპერთასის მფლობელი - "ზესტაფონი" ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. ყველას გვახსოვს ის დღე - ნოემბრის ბოლოს კლუბს დამაარსებელი, მფლობელი და მთავარი მეოხი ილია კოკაია მოუკვდა...

 

ილია კოკაია და "ზესტაფონი" წლების განმავლობაში განუყოფლები იყვნენ ერთმანეთისგან. პრეზიდენტმა კლუბთან ერთად ბევრი უსამართლობებიც გადაიტანა, გარკვეული პაუზის შემდეგ ისევ ძალუმად იღვწოდა კლუბის აღორძინება-განვითარებისთვის. "ზესტაფონმა" ჯერ რეგიონული ლიგა მოიტოვა უკან, მერე კი, გასულ სეზონში, რანგით მეოთხე ლიგაშიც წარმატებით ითამაშა და ლიგა 3-ის კარი შეაღო.

 

თქმა რად უნდა: კოკიაია დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, "ზესტაფონი" სხვა ამბიციებისა და გაქანების გუნდი იქნებოდა, თუმცა ცხოვრება გრძელდება და კლუბი ყველანაირად ეცდება, ანგარიშგასაწევი გუნდი იყოს ლიგა 3-ში, სადაც დიდი კონკურენციაა და ქართული საზომით არაერთი ცნობილი ფეხბურთელი ითამაშებს.

 

ვიცით, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ კლუბს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ამას თუნდაც ეს ფაქტი ადასტურებს - ცოტა ხნის წინ კლუბის ოფიციალური საიტი, რიგი მიზეზების გამო, დროებით გაითიშა. ბევრი გვიკავშირდებოდა და შიშობდა, ხომ არ შეწყვიტა "ზესტაფონმა" არსებობა.

 

არაფერი ამის მსგავსი! რა თქმა უნდა, ისეთი ადამიანის გამოკლება, ვინც წლების განმავლობაში მართლაც მყარ კედლად ედგა კლუბს, უდავოდ დაასვამს დაღს მის დღევანდელობას, მაგრამ კლუბი ყველანაირად ცდილობს, სირთულეების მიუხედავად, მის წინაშე არსებულ გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდეს.

 

...ახლა რაც შეეხება ახალი სეზონისთვის მზადებას. გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე კვლავ ლევან ჯოხაძე იმუშავებს. ამ ახალგაზრდა, თავის საქმეზე გადაგებულმა სპეციალისტმა ჯერ ლიგა 4-ში შეუნარჩუნა ადგილი რთულ მდგომარეობაში მყოფ კლუბს, მერე კი იმავე ლიგაში წარმატებით ათამაშა და ერთი რანგით დაწინაურდა.

 

ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ორგზის ჩემპიონმა შეძლო შემადგენლობის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება. გუნდმა ახლახან დაიწყო ვარჯიში და იქნებიან ახალწვეულებიც, რის თაობაზეც ოპერატიულად გაცნობებთ. უახლოეს მომავალში იმერული კლუბი ამხანაგურ მატჩებსაც დაგეგმავს და ჩაატარებს.

 

ჩვენ პერიოდულად გიამბობთ ხოლმე ლიგა 3-ში მოასპარეზე გუნდებზე. ორი აზრი არ არის - წინ ერთობ საინტერესო სეზონი გველის. "ზესტაფონის" გარდა, ამ ლიგაში იასპარეზებენ - "თბილისი სიტი", "ვარკეთილი", "მერანი 2", "საბურთალო 2", "დინამო 2", "ირაო", "არაგვი", "გორი", "ბორჯომი", "გურია", "ბახმარო", "მეშახტე", "კოლხეთი" (ფოთი), "ჩიხურა", "კოლხეთი" (ხობი).

 

ბრძოლა მართლაც უშეღავათო იქნება. მართალია, ჯერ ზუსტად არ ვიცით, როგორი იქნება ტურნირის რეგლამენტი, მაგრამ აქედანვე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბრძოლა ბოლომდე გასტანს როგორც ცხრილის ზედა, ისე ქვედა ნაწილში.

 

ამბიციები კი ძალიან ბევრს გუნდს აქვს. მაგალითად, აქ არის ფოთის "კოლხეთი", რომელშიც დიდი ინვესტიცია ჩაიდო. ფოთელებმა არაერთი ისეთი ფეხბურთელი გადაიბირეს, რომელთა სამსახურზე თვით უმაღლესლიგელები არ იტყოდნენ უარს.

 

რა თქმა უნდა, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს "დინამო 2" - ძალიან საინტერესო და ახალგაზრდული გუნდი, რომელიც თურქულ შეკრებაზე იმყოფება. როგორც ვიცით, ძალიან სერიოზული გეგმები ექნება კობა ჟორჟიკაშვილის მიერ გაწვრთნილ დუშეთის "არაგვს".

 

ამასწინათ გიამბეთ ლანჩხუთის "გურიაში" მიმდინარე პროცესების შესახებ. მას მერე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ონიანმა კიდევ რამდენიმე გამოცდილი და კლასიანი ფეხბურთელი დაიმატა. ასე რომ, "გურიასაც" გვარიანი ამბიციები ექნება მომავალ სეზონში.

 

თავისთავად, ტურნირის ფავორიტთა შორის უნდა მოვიაზროთ ლადო ბურდულის მიერ გაწვრთნილი "თბილისი სიტიც". მართალია გუნდი რამდენიმე გამოცდილმა ფეხბურთელმა დატოვა, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, შესაბამისი შევსებაც არის.

 

რა თქმა უნდა, არც სხვა გუნდები უნდა დავივიწყოთ, მაგალითად - "ვარკეთილი", რომელიც მუდამ წარმატებისკენაა მომართული და "საბურთალო 2-ის" მეტად საინტერესო, ახალგაზრდული კრებული, რომელიც კარგ ფეხბურთს აჩვენებს და რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების არაერთი წევრი თამაშობს.

 

მოკლედ, ორი ზედა ლიგის მსგავსად, ლიგა 3-შიც დიდი ბრძოლა იქნება. მარათონი 4 აპრილს დაიწყება.

 

სპორტული გაზეთი "ლელო"

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2022