16.02.2022
”ზესტაფონმა” ახალი სეზონისათვის მზადება დაიწყო
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXXIV ეროვნული ჩემპიონატის სტარტისთვის მზადებას შეუდგა. ზემოიმერული გუნდი 16 თებერვალს მშობლიურ ქალაქში შეიკრიბა - ზამთრის არდადეგების შემდეგ გამართული პირველი ვარჯიში ზესტაფონში მდებარე საფეხბურთო ბაზაზე გაიმართა.
როგორც იცით, 2022 წლის საფეხბურთო სეზონში ჩვენი კლუბის პირველი გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის ტურნირში იასპარეზებს. ტურნირის ფორმატის თანახმად, მეტოქეობას საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" თბილისური გუნდები "თბილისი-სითი", "ვარკეთილი", "მერანი-2", "საბურთალო-2", "დინამო-2" და "ირაო", დუშეთის "არაგვი", "გორი", "ბორჯომი", ლანჩხუთის "გურია", ჩოხატაურის "ბახმარო", ტყიბულის "მეშახტე", ფოთის "კოლხეთი", საჩხერის "ჩიხურა" და ხობის "კოლხეთი" გაუწევენ...
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მთავარმა მწვრთნელმა ლევან ჯოხაძემ თავის გუნდი უკვე შეკრიბა და ახალი სეზონისათვის მზადების პროცესი თადარიგიანად დაიწყო. მოსამზადებელი შეკრების გავლას მარგველთა დამრიგებელი სწორედ ზესტაფონში, ჩვენი კლუბის სპორტული კომპლექსის მინდვრებზე გეგმავს...
რაც შეეხება პირველ ვარჯიშს, მასში მონაწილეობა 16 ფეხბურთელმა მიიღო. კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება. დეტალურად ამ და სხვა სიახლეების შესახებ ჩვენი გვერდი მომდევნო პუბლიკაციებში მოგითხრობთ...
|