Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

20.12.2021

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონის" ყველა ოფიციალური მატჩი

 

 

 

 

 

 

სულ რამდენიმე კვირის წინ დასრულდა მორიგი სეზონი. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩვენი გუნდის მიერ ახლახან დასრულებულ სეზონში ჩატარებული მატჩების სტატისტიკა უკვე შემოგთავაზათ. დღეს კი მარგველთა მიერ გამართული ყველა ოფიციალური მატჩის შესახებ მოგითხრობთ.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”, რომელიც დაარსებულია 2004 წლის 18 ივნისს, ზედიზედ 11 სეზონის განმავლობაში იასპარეზა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში და ამ ტურინირის ეგიდით გამართა 350 მატჩი; აქედან 188 დასრულდა ზესტაფონელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 72 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 90-ში კი დაფიქსირდა ზესტაფონელთა მეტოქეთა გამარჯვება; ბურთების სხვაობაა 562-331. ამ მატჩებში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” მოპოვებული აქვს 636 ქულა.

 

ორი სეზონის განმავლობაში (2018 და 2019 წლებში) ჩვენი გუნდი ასპარეზობდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონულ ლიგაში, სადაც გამართა 55 მატჩი, აქედან 37 დასრულდა ზესტაფონელების გამარჯვებით, 7 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 11-ში კი მოიგეს ზესტაფონელთა მეტოქეებმა; ბურთების სხვაობაა 160-62. ამ მატჩებში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” მოპოვებული აქვს 118 ქულა.

 

ასევე ორი სეზონი (2020 და 2021 წლებში) საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონმა” ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ში იასპარეზა, სადაც ჯამში 42 შეხვედრა ჩაატარა - აქედან 22 დასრულდა ზესტაფონელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 11 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 9-ჯერ კი იმარჯვეს ჩვენმა მეტოქეებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა - 88-41.

 

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში ზესტაფონელთა საუკეთესო მეგოლეები ნიკოლოზ გელაშვილი (63 გატანილი გოლით), ჯაბა დვალი (62 გოლი) და ზურაბ იონანიძე (48 გოლი) არიან...

 

შეგახსენებთ, რომ თბილისურ "დინამოსთან", "ვიტ-ჯორჯიასთან", "საბურთალოსთან", ქუთაისის "ტორპედოსთან" და უკვე ბათუმის "დინამოსთან" ერთად, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” წარმოადგენს ქართული კლუბების ექვსეულს, რომელსაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის არსებობის ხანაში სამივე ქართული ტიტულის (ჩემპიონის ოქრო, ეროვნული თასი და სუპერთასი) მოპოვება მოუხერხებია. ზემოთნახსენები "სიქსტეტის" გარდა, ასეთი შედეგისათვის არც ერთ ქართულ კლუბს არ მიუღწევია...

 

აქვე გეტყვით იმასაც, რომ შექმნის დღიდან ”ზესტაფონს” გამართული აქვს 80 მატჩი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში, რომელთაგან 46 დასრულდა მარგველთა გამარჯვებით, 17 დასრულდა ფრედ, 17-ჯერ კი ზესტაფონელები დამარცხდნენ, ბურთების სხვაობაა 147-64 იმერელთა სასარგებლოდ.

 

აუცილებლად უნდა ითქვას სათასო შეხვედრებში ზესტაფონელთა ბომბარდირთა შესახებ - საუკეთესო შედეგის მფლობელი სადღეისოდ გახლავთ ზურაბ იონანიძე, რომლის ანგარიშზეც მარგველთა მეტოქეთა კარში გატანილი 14 გოლია. მას სულ მცირედით ჩამორჩება გოგი ფიფია, რომლის პირადი მონაგარი 12 გოლს შეადგენს. 9 გოლის ავტორი გახლავთ ბექა გოცირიძე, ხოლო ჯაბადვალს იმერელთა მეტოქეთა კარის ბადე 7-ჯერ აქვს შერხეული...

 

საქართველოს სუპერთასის გათამაშებაში იმერლებს 3-ჯერ უთამაშია - ამ მატჩებში მათ 2 ტიტული, თითო გამარჯვება, ფრე, მარცხი და გატანილ-მიღებული ბურთების დადებითი ბალანსი 3-2 დაუგროვდათ...

 

ორიოდე სიტყვით შევეხებით ევროსარბიელსაც - ევროპულ საკლუბო ტურნირებში მარგველებს გამართული აქვთ 24 მატჩი, რომელთაგან 6 დასრულდა მათი გამარჯვებით, 7 დასრულდა ფრედ, 11-ჯერ კი იმარჯვეს ზესტაფონელთა ოპონენტებმა. ბურთების სხვაობაა 35-31 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. ევროტურნირებში ზემოიმერელთა საუკეთესო მეგოლეები ჯაბა დვალი (12 გატანილი გოლით) და ნიკოლოზ გელაშვილი (10 გოლი) არიან...

 

საინტერესოა, რომ ევროპული საკლუბო ტურნირებიდან ერთ-ერთის, კერძოდ ევროპა ლიგის გათამაშების ისტორიაში პირველი ჰეთ-თრიკი სწორედ "ზესტაფონის" ფეხბურთელმა, კერძოდ ჯაბა დვალმა შეასრულა. მარგველთა ფორვარდმა ჩრდილოირლანდიურ "ლისბერნთან" 2009 წლის 9 ივლისს ზესტაფონში გამართულ შეხვედრაში ბრიტანელთა კარი 3-ჯერ დალაშქრა...

 

თქვენს სამსჯავროზე გამოტანილი დღევანდელი პუბლიკაციის შეჯამებისას კი გეტყვით, რომ სულ, 2021 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” გამართული აქვს 554 ოფიციალური მატჩი, მოპოვებული აქვს ზუსტად 300 გამარჯვება და 115 ფრე, განცდილი აქვს 139 მარცხი, მეტოქეთა კარში აქვს გატანილი 995 და საკუთარში მიღებული 532 ბურთი...

 

აღნიშვნის ღირსია სხვადასხვა ტურნირის (ეროვნული ჩემპიონატი, თასისა და სუპერთასის გათამაშება, ევროტურნირები) ეგიდით გამართულ ყველა ოფიციალურში შეხვედრაში კლუბის საუკეთესო გოლეადორთა ”ჭიდილიც” - 2021 წლის სეზონის შედეგების გათვალისწინებით ზესტაფონელ მეგოლეთა დავას სათავეში 81 გატანილი გოლით ერთპიროვნულად ჯაბა დვალი უდგას, მეორე ადგილზე 77 ზუსტი დარტყმით ქვეყნის 2009 და 2011 წლების საუკეთესო ბომბარდირი ნიკოლოზ გელაშვილია მოკალათებული, ხოლო 62 გოლით მესამე შედეგი ლეგენდარულ ზურაბ იონანიძეს ეკუთვნის...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021