06.12.2021
"ზესტაფონმა"გურამ გაბისკირიას სახელობის თასი მოიპოვა
განვლილი ერთი კვირის განმავლობაში თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლის სპორტკომპლექსმა გურამ გაბისკირიას თასის გათამაშებას უმასპინძლა. ეს ტრადიციულად ქცეული ტურნირი წელს 2011-12 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის გაიმართა და, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა, გამარჯვება საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" წარმომადგენელ გუნდს დარჩა.
3 დეკემბერს გამართული ტურნირის ნახევარფინალური დაპირისპირება, რომელშიც 35-ე საფეხბურთო სკოლის გუნდმა „ზესტაფონს“ (მწვრთნელი - ბექა მელიქიძე) უმასპინძლა, ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ზესტაფონელებმა თავიდანვე უფრო მწვავედ შეუტიეს მასპინძლებს და თავიანთი შანსებიც გამოიყენეს. იმერლებმა პირველი ტაიმი 3:0 მოიგეს, შესვენების შემდეგ მეოთხეც გაიტანეს. მერე კი „35-ეტელთა“ ჯერ დადგა - მასპინძლებმა სამი ბურთი გაქვითეს და გათანაბრებასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ საბოლოოდ ზესტაფონელებმა დაძაბულ ბრძოლაში 4:3 მოიგეს და ფინალში გავიდნენ.
კვირას, 5 დეკემბერს კი ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა - „ზესტაფონი“ თბილისის „ავაზას“ კოლექტივს დაუპირისპირდა. 35-ე საფეხბურთო სკოლის სპორტკომპლექსში, გურამ გაბისკირიას სახელობის თასის გათამაშების დასკვნითი მატჩისთვის სათანადო აჟიოტაჟი და ატმოსფერო შეიქმნა. ეროვნული გმირის სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრა ეროვნული ჰიმნის შესრულებით გაიხსნა...
საგულისხმოა ის, რომ ტურნირის ფინალურ აკორდს ქართული ფეხბურთის სხვადასხვა თაობის ვეტერანები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოკლედ, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანადგომითა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით გამართული ტურნირის ფინალს არაერთი ცნობილი და გამორჩეული პერსონა ესტუმრა.
ფინალური მატჩი დაძაბული და საინტერესო რომ გამოვიდა, ამაზე თამაშის შედეგიც მეტყველებს - ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა... როგორც პირველი, ასევე მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. საგოლე მომენტები ორივე გუნდს შეექმნა, თუმცა შეხვედრაში ერთადერთი ბურთი გაიტანა და საბოლოოდ მინიმალური ანგარიშით 1-0 იმარჯვა „ზესტაფონმა“.გამარჯვებისა და თასისი მომტანი გოლის ავტორი კი გაბრიელ კახიშვილი გახლდათ.
ჩვენმა გუნდმა ფინალურ შეხვედრაში ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: ოთო ნებიერიძე, ნიკა შახაძე, დავით დანელია, გიორგი აზრუმელაშვილი (კაპ.), გაბრიელ კახიშვილი, საბა დოლიძე, გიორგი მანველიანი, გაბრიელ ბასილაშვილი, ნიკა შუკაკიძე, თემო გალოგრე, ნიკა მოწონელიძე, ერიკ სარქისიანი.
რაღა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბისკირიას სახელობის ტურნირის კულმინაცია გახლდათ დაჯილდოების ცერემონია, რომელიც 35-ე საფეხბურთო სკოლის სპორტკომპლექსში ფინალური მატჩის დამთავრებისთანავე გაიმართა. ორგანიზატორებმა ტურნირის ყველა მონაწილე გუნდიდან გამორჩეული ფეხბურთელები დაასახელეს. შემდეგ კი პრიზიორთა დაჯილდოების ჯერიც დადგა:
მე-3 საპრიზო ადგილის მფლობელი „გლდანი“ თასით, დიპლომებითა და ბრინჯაოს მედლებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ დააჯილდოვა.
ვიცე-ჩემპიონ „ავაზას“ თასი, დიპლომები და ვერცხლის მედლები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეგიონული და ბავშვთა ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელმა გოჩა თამაზაშვილმა გადასცა.
ტურნირის გამარჯვებული და ჩემპიონი „ზესტაფონი“ თასით, დიპლომებითა და ოქროს მედლები აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ დააჯილდოვა;
ორგანიზატორებმა 6 სხვადასხვა ნომინაციაში ტურნირის რჩეული მოთამაშეები გამოავლინეს, რომლებსაც შესაბამისი პრიზები, ცერემონიალში მონაწილე და ზემოთ დასახელებულმა, ცნობილმა პერსონებმა გადასცეს. ტურნირის მონაწილე პატარების შესანიშნავი ექვსეული ასეთია:
1. ტურნირის საუკეთესო მეკარე - საბა ბასარია (ავაზა);
2. ტურნირის საუკეთესო მცველი - დემეტრე ფანცულაია (გლდანი);
3. ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველი - გაბრიელ კახიშვილი (ზეტაფონი);
4. ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელი - ანდრია ღარიბაშვილი (ავაზა);
5. გულშემატკივრის სიმპათია - მაქსიმე სილაგაძე (35-ე საფ. სკოლა);
6. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე - ერიკ სარქისიანი (ზესტაფონი).
მომზადებულია აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის fb-გვერდის პუბლიკაციის მიხედვით
|