Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

26.11.2021

 

 

 

 

 

 

 

 

”ლელო”: ილია კოკაია ყველას და ყველაფერს დააკლდა...

 

 

 

 

 

ქართულმა ფეხბურთმა ილია კოკაია დაკარგა - მისი ერთ-ერთი მოამაგეთაგანი. ის ტრაგიკულად დაიღუპა მაშინ, როცა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ მწვერვალზე ფეხი დაუცდა, დიდი სიმაღლიდან გადმოვარდა და თავი დაუზიანდა...

 

ეს სრულიად თავზარდამცემი გარდაცვალება ცხადყოფს ისედაც მრავალგზის გამოცდილ ჭეშმარიტებას, რომ ამ ქვეყნად ყველაფერი წამია. ილია კოკაიამ სხვადასხვა დროს არაერთი მწვერვალი დაიპყრო, მათ შორის - ჯომოლუნგმა, თუმცა... ბედის ირონიით, გაცილებით პატარა წინაღობას ვერ გადააბიჯა.

 

ვინც მას იცნობდა, კარგად იცის - ბოლო წლებში ეს უზომოდ ენერგიული, დაუცხრომელი კაცი მთამსვლელობით გატაცებული გახლდათ. ისიც ვიცით, რომ ბოლო დროს, ბევრი სუბიექტური და ცოტა ობიექტური მიზეზის გამოც, საშუალება არ ჰქონდა, საფეხბურთო მწვერვალები დაეპყრო. ასე გვგონია: ის იმადაც შეეჩვია მთას, რომ ბოლო წლებში ფეხბურთისგან ადრენალინს ვეღარ იღებდა...

 

კოკაიას სახელს უკავშირდება საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ყველა დიდი წარმატება - საქართველოს ორგზის ჩემპიონობა, თასისა და სუპერთასის მოგება, სხვა ქართული ტიტულები, ევროთასებზე ჩატარებული დასამახსოვრებელი მატჩები... ყველაფერი ის, რის გამოც "ზესტაფონი" გამორჩევით შეიყვარა ქართველმა გულშემატკივარმა.

 

კოკაია არ ყოფილა მხოლოდ კლუბის მფლობელი. ის წარმატებული ბიზნესმენი და ფიფას ლიცენზირებული აგენტიც გახლდათ. თავის დროზე, სანამ "ზესტაფონი" დაარსდებოდა, რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს გვარიანად დაეხმარა სასურველი კლუბის პოვნაში...

 

მოგეხსენებათ, თავის დროზე "ზესტაფონი" ისე გააქრეს ქართული საფეხბურთო რუკიდან, გუნდი უმაღლესი ლიგიდანაც კი არ გავარდნილა. კოკაიას მეოხებით იყო, "ზესტაფონი" თავიდან რომ დაიბადა. აგერ, სულ რამდენიმე დღის წინ იმერულმა კლუბმა ლოკალური წარმატება იზეიმა - მესამე ლიგაში გადავიდა. კოკაიას ოცნება ზესტაფონში ჩემპიონთა ლიგის ზეწრის ჩამოტანა იყო და სულ თავიდან ისე შეუყვა ამ გზას, ზესტაფონში ყველას სჯეროდა - ეს ჩანაფიქრი აუცილებლად შესრულდებოდა...

 

ახლა ცოტა ხნით შევცვალოთ ჩვენი წერილის ვექტორი და ვთქვათ, რომ კოკაია არ იყო ლოკალური მიზნებისა და ამოცანების კაცი. მას ქართული ფეხბურთი უზომოდ უყვარდა და მისი უკეთესი ხვალინდელი დღისთვის იღვწოდა.

 

ზესტაფონში არსებული ბაზა, თბილისის ზღვის ბაზა და იქვე საფეხბურთო აკადემია - ეს არასრული ჩამონათვალია მის მიერ განხორციელებული პროექტებისა. ის არასოდეს ყოფილა საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი კაცი - სხვადასხვა დროს, არცთუ შორეულ წარსულში, არაერთხელ შეუშველებია ხელი საქართველოს ნაკრებისთვის...

 

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას - საქართველოს ერთ რიგით ქალაქში ილია კოკაიამ დაწერა ამ ქალაქისათვის სრულიად უცხო, ხანგრძლივი და ორნაწილიანი საფეხბურთო ისტორია. ისტორია, რომელმაც ამ ქალაქს ბევრი რამით არგო - უამრავი ბავშვი ააცილა ქუჩას, ბევრი ადამიანი დააბრუნა შინ და დაანახა, რომ ამ ქალაქშიც შეიძლება რაღაც კარგის გაკეთება და შეძლო ის, რომ "ზესტაფონის" თამაშებზე სტადიონი მთელი საქართველოდან ჩამოსულ ქომაგებს ვეღარ იტევდა...

 

"ზესტაფიონი" არ იყო რეალობას მოწყვეტილი პროექტი: სტადიონზე ქალაქის ყველა ფენა ერთიანდებოდა. ძველი ამბები რად გვინდა, აგერ ახალი ფორმაციის "ზესტაფონი" რომ აღდგა, სტადიონზე რეგულაციების გამო ვერშესული ხალხი ღობეებზე ძვრებოდა, ახლო-მახლო სიმაღლეებისკენ ისწრაფვოდა და ასე უცქერდა ხოლმე საყვარელი გუნდის თამაშებს...

 

რა თქმა უნდა, საფეხბურთო კლუბმაც, თავად ზესტაფონმაც და მთლიანად ქართულმა ფეხბურთმა დიდი დანაკლისი განიცადა. ფაქტია - საქართველოს ორგზის ჩემპიონს გვარიანი საყრდენი გამოეცალა. რას ვიზამთ, ასეთია ცხოვრება და ამ ცხოვრებში ჩვენ მხოლოდ უბრალო პაიკების როლს ვთამაშობთ, არასასურველ რეალობაში ბევრს ვერაფერს ვცვლით.

 

გვინდა, გვჯეროდეს - "ზესტაფონი" ღირსეულად გადაიტანს ამ დიდ დარტყმას და იქნება ისეთივე წარმატებული, ძლიერი და ამბიციური, როგორც ამ დროის განმავლობაში იყო. სურვილი, რომლის ასრულებამდეც ილია კოკაიას ძალიან ცოტა დააკლდა, აუცილებლად უნდა აღსრულდეს!

 

ეს ყველაფერი მომავლის საქმეა, ახლა კი უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ კაცს, ვინც წარუშლელი კვალი დატოვა "ზესტაფონისა" და ქართული ფეხბურთის ცხოვრებაში. კაცს, ვისაც იმდენად უყვარდა ფეხბურთი, რომ მაშინაც კი არ გაეცალა მას, როცა უსამართლოდ დასწყვიტეს გული...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021