Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

18.11.2021

 

 

 

 

 

 

 

 

Adjarasport: "ზესტაფონს" არცერთი წლის დაკარგვა აღარ უნდა!

ჯაბა დვალისა და ლევან ჯოხაძის პირველი კომენტარები...

 

 

 

 

მიმდინარე წლის 17 ნოემბერს ინტერნეტპორტალზე adjarasport.com გამოქვეყნდა საინტერესო მასალა, რომელიც საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ეროვნულ ლიგა 3-ში დაწინაურებას მიეძღვნა. მკითხველს ამ მასალაში შესაძლებლობა ეძლევა გაეცნოს ჩვენი კლუბის გენერალური დირექტორის ჯაბა დვალისა და გუნდის დამრიგებლის ლევან ჯოხაძის პირველ კომენტარებს...

 

"ზესტაფონმა ლიგა 3-ის საგზური მოიპოვა. საქართველოს ორგზის ჩემპიონმა რანგით მაღალ საფეხურზე ანაცვლება ლიგა 4-ის დასრულებამდე 1 ტურით ადრე გაინაღდა, დაამარცხა რა წალენჯიხის სქური 6-1. 

 

ზესტაფონი, რომელიც ყველა ქართულ ტიტულს ფლობს, 2015 წლიდან მოყოლებული, მას მერე, რაც რანგით უმაღლესი ლიგიდან დააქვეითეს, რეგიონულ ლიგაში 2019 წლის ჩათვლით ასპარეზობდა. 2019 წელს იმერული გუნდი ლიგა 4-ში აღზევდა და 2020 წლის სეზონში თეთრ ჯგუფში მე-6 ადგილზე გასვლით, კვლავ რეგიონულ ლიგაში დაქვეითებას თავი 6 ქულით აარიდა. წელს კი, იმ გაცხადებული მიზნისკენ სვლა დაიწყო, რომელსაც ეროვნულ ლიგაში დაბრუნება ჰქვია.

 

წელს იმერულმა გუნდმა, რომელსაც ახალგაზრდა ლევან ჯოხაძე წვრთნის, ჯერ თეთრ ჯგუფში მეორე პოზიცია დაიკავა, ხოლო შემდეგ ლიგა 4-ის ზედა ჯგუფში საუკეთესო ოთხეულში ადგილი გაინაღდა. 

 

adjarasport.com გუნდის გენერალურ დირექტორს ჯაბა დვალსა და მთავარ მწვრთნელს, ლევან ჯოხაძეს დაუკავშირდა და დაფიქსირებულ შედეგსა და კლუბის სამომავლო გეგმებზე გაესაუბრა. აღსანიშნავია, რომ 36 წლის ჯაბა დვალმა, რომელმაც კარიერა ოფიციალურად გასულ წელს სწორედ ზესტაფონში დაასრულა, წელს ერთ შეხვედრაში მონაწილეობა მაინც მიიღო (გამარჯვების მომტანი გოლიც გაიტანა!), რადგან გუნდს შეტევის ხაზში სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდა.

 

 

ჯაბა დვალთან საუბარი მოვლენის მნიშვნელობასა და ემოციურ ნაწილზე დავიწყეთ. ვეტერანი ქართველი ფორვარდის აზრით, რომელსაც 1 შეხვედრა სალაჰის ეგვიპტის წინააღმდეგაც აქვს ჩატარებული, ლიგა 3-ში დაწინაურება როგორც გუნდისთვის, ასევე ქალაქისთვის მნიშვნელოვანი იყო.

 

"ეს პირველ რიგში ქალაქისთვის იყო ძალიან კარგი. ამ ქალაქში ბევრი მოტივირებული ქომაგია, მათ კლუბის კარგი დრო ახსოვთ. ყველა შემართულია, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გადავიდეთ უმაღლეს ლიგაში. შედეგი ასეთივე მნიშვნელობის იყო გუნდისთვისაც. ჩვენი მიზანია, რომ წელი არ დავკარგოთ და ყოველ ახალ წელს ერთი ლიგით მაღლა ავინაცვლოთ. ეს შედეგი ყველას საერთო მუშაობის დამსახურება იყო. ახალი ფორმატით ჩატარებულ სეზონში, ბევრი ვიშრომეთ და მოხარულები ვართ, რომ ეს შრომა დაგვიფასდა.

 

რაც შეეხება მესამე ლიგას, გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენი მიზანი უმაღლესში თამაშია. ყველა წელს თითო ნაბიჯი უნდა გავიაროთ. რა თქმა უნდა, ბირთვი შენარჩუნდება, დავიმატებთ ახალ ფეხბურთელებსაც. წარმატებისთვის შესაბამის სელექციას და მზადების პროცესს გავივლით.

 

ამ გუნდს აქვს რესურსი, რათა იბრძოლოს კიდევ უფრო მაღალ დონეზე დაწინაურებისთვის, თუმცა გაძლიერებაც აუცილებელია. ყველაფერი, რაც საჭიროა, გაკეთდება. ასევე ვიმედოვნებ, რომ რეგულაციები აღარ იქნება და სტადიონზე დასწრებას გულშემატკივრები შეძლებენ. დღეს რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ აბსოლუტურად ყველა, სტაფიც და ფეხბურთელებიც მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს გაიღებენ", - გვითხრა ჯაბა დვალმა.

 

ერთით მაღალ ლიგაში დაწინაურების მნიშვნელობაზე ისაუბრა გუნდის მთავარმა მწვრთნელმაც. ლევან ჯოხაძის განცხადებით, ზესტაფონს სეზონის დასაწყისშივე ჰქონდა ლიგა 3-ში აღზევების მიზანი დასახული და საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკური სცენარით განვითარდა:

 

"თავიდანვე მიზნად დავისახეთ ლიგა 3-ში გადასვლა. ამისთვის საწყისი ნაბიჯები გადაიდგა. მერე ეტაპობრივად მივყევით გეგმას. პრინციპში, სეზონის მიმდინარეობისას კითხვებიც არ გაჩენილა და ყველაფერი ლოგიკას დაექვემდებარა.

 

დიდი მოლოდინი იყო ქალაქში, ხელმძღვანელობაში, გუნდში. საბოლოო მიზანი კი, ცხადია, ის არის, რომ გუნდი დაუბრუნდეს მის პირვანდელ მდგომარეობას და პირვანდელ პოზიციებს. ეს ყველაფერი წაადგება არა მარტო ზესტაფონს, არამედ მთლიანად ქართულ ფეხბურთს.

 

მომავალ გეგმებს რაც შეეხება, ჯერ ჩავამთავრებთ ბოლო ტურს, შემდეგ ხელმძღვანელობასთან ერთად დავსხდებით და ვისაუბრებთ. მიზანი წლიდან წლამდე ლიგებში ზემოთ ასვლაა და შესაბამისი იქნება კლუბის რეაგირებაც. გუნდი საჭიროებს გაძლიერებას, იმ მიზნების შესაბამისად, რომელიც გვაქვს, გაძლიერდება კიდეც.

 

ბოლოს, მსურს, მივულოცო მთელ ზესტაფონს და ვუსურვებ, რომ გააკეთოს ის ნახტომები, რაც გუნდს მიზნის მიღწევაში დაეხმარება. მე ჩემი მხრივ არაფერს დავიშურებ".

 

ზესტაფონმა 2015 წელს შესაძლო გარიგებულ მატჩში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და მატჩის გადადება ითხოვა. უარის მიღების მიუხედავად იმერულმა გუნდმა შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო და საბოლოოდ ის რეგიონულ ლიგაში აღმოჩნდა. 

 

სეზონის ბოლო მატჩს იმერული გუნდი, შინ, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, 22 ნოემბერს ბორჯომს უმასპინძლებს. საინტერესოა, რომ ლიგა 3-ის საგზური ზესტაფონთან ერთად, უმაღლესი ლიგის კიდევ ერთმა ყოფილმა ბინადარმა ბორჯომმა მოიპოვა, რანგით ერთით მაღალ ლიგაში ასევე დინამო 2 და ირაო დაწინაურდნენ". 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021