17.11.2021
"ლელოს" პუბლიკაცია: "ზესტაფონის აღზევება, ნაბიჯი პირველი"…
2021 წლის 17 ნოემბერს სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ჟურნალისტ გია ტუხაშვილის პუბლიკაცია, რომელიც საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 4-ის დასასრულს მიახლოვებული გათამაშებისა და ამ ტურნირის ფარგლებში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ასპარეზობის შესახებ მოგვითხრობს. ჩვენი ვებგვერდის მომხმარებელს ამ პუბლიკაციას უცვლელად გთავაზობთ:
"ლიგა 4-ს დასრულებამდე ერთი ტურიღა დარჩა, თუმცა თითქმის ყველაფერი გარკვეულია და ერთადერთი ინტრიგა ისღაა, თუ რომელი გუნდი დაქვეითდება რეგიონულ ლიგაში "ეგრისთან", "იმერეთსა" და "თბილისთან" ერთად. ხოლო, რაც შეეხება ლიგა 3-ში აღზევებულებს, ამ შემთხვევაში ყველაფერი კანონზომიერად მოხდა: "დინამო 2" (თბილისი), "ბორჯომი", "ზესტაფონი" და "ირაო" სეზონის დაწყებამდეც მიიჩნეოდნენ გამოკვეთილ ფავორიტებად და ოთხივე გუნდმა გაამართლა კიდეც თავისი სტატუსი...
თბილისის "დინამო 2" შარშანწინ აღადგინეს. ვლადიმერ კაკაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა შარშან ჯერ რეგიონულ ლიგაში იყოჩაღა, წლეულს კი ერთი რანგითაც დაწინაურდა და უნდა ვივარაუდოთ, რომ ერთი-მეორეზე ნიჭიერი ბიჭებით დაკომპლექტებული ეს ახალგაზრდული გუნდი მომავალ წელს ლიგა 3-ის ფავორიტებს შორის იქნება...
...ისევე, როგორც გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული "ბორჯომი". ასევე გამოცდილი სპეციალისტის, მალხაზ ლაცაბიძის დამოძღვრილმა გუნდმა სტაბილურად იასპარეზა მთელი სეზონის განმავლობაში და სავსებით დამსახურებულად აღზევდა ლიგა 3-ში.
აქვე, შეგახსენებთ, რომ არცთუ შორეულ წარსულში "ბორჯომი" უმაღლეს ლიგაში 4 სეზონის განმავლობაში გამოდიოდა და ჯერ სოსო ფრუიძის, შემდეგ კი ვლადიმერ ხაჩიძის ხელმძღვანელობით, არაერთი სენსაციის ავტორიც გახლდათ...
...ბოლოსწინა ტურის ცენტრალური მატჩი "ირაოსა" და "ბეთლემს" შორის გაიმართა, სადაც, ახალდაარსებულმა თბილისურმა გუნდმა მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა და ასევე დამსახურებულად აღზევდა რანგით მაღალ ლიგაში. სხვათა შორის, ბოლო ორ მატჩში "ირაოს" დებიუტანტი მწვრთნელი გიორგი თექთუმანიძე მოძღვრავდა - ახლო წარსულში თბილისის "დინამოსა" და ცხინვალის "სპარტაკის" ნიჭიერი ნახევარმცველი...
...და ბოლოს, კიდევ ერთ და, რაც მთავარია, ყველაზე ცნობად აღზევებულზეც - ისევე, როგორც პირველ ეტაპზე, "ზესტაფონმა" მეორე ეტაპიც დამაჯერებლად ჩაატარა და კიდევ უფრო მიუახლოვდა იმ (უმაღლეს) ლიგას, სადაც ამ უკვე 6 წელიწადია ველოდებით!
ახალგაზრდა სპეციალისტმა ლევან ჯოხაძემ საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი შექმნა და ზემძლავრი ფინიშის (ბოლო სამ მატჩში "ზესტაფონმა" მეტოქეთა კარში 15 გოლი გაიტანა, რომელთა უმრავლესობაც შემტევების, გიგა ამბროლაძისა და პაატა ჭანტურიას ანგარიშზე იყო) წყალობით უკანასკნელი ტური ფორმალობად აქცია.
როცა "ზესტაფონზე" ვსაუბრობთ, ალბათ, ისიც უნდა შევახსენოთ "ლელოს" მკითხველს, რომ ეს იმერული კლუბი სულ ახლო წარსულში საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული და, რაც მთავარია, წარმატებული გუნდი იყო! შეგახსენებთ, რომ ილია კოკაიას (დღესაც პატრონობს კლუბს) მიერ 2004 წელს დაარსებულმა კლუბმა უმაღლეს ლიგაში ზედიზედ 11 სეზონი გაატარა და ვიდრე ჩემპიონატიდან სკანდალურად (და დაუმსახურებლად) მოიხსნებოდა, სეზონი V ადგილზე ქვემოთ არ დაუსრულებია...
ეს კიდევ არაფერი - საქართველოს ორგზის ჩემპიონი, საქართველოს თასის მფლობელი (პლუს - ოთხგზის ფინალისტი) და საქართველოს სუპერთასის ორგზის გამარჯვებული "ზესტაფონი" მუდამ ღირსეულად ასპარეზობდა ევროტურნირებზეც, სადაც არაერთი დასამახსოვრებელი მატჩიც ჩაატარა.
სხვათა შორის, "ზესტაფონის" ზეობის პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი და იმ წარმატებების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ჯაბა დვალი დღესაც ამ კლუბში საქმიანობს. მან ამჯერადაც დიდი წვლილი შეიტანა თავისი უსაყვარლესი გუნდის აღზევებაში - საქართველოში ყველა გუნდური ტიტულის მომგებმა და საქართველოს ორგზის საუკეთესო ბომბარდირმა არ ითაკილა ქვედა ლიგაში ასპარეზობა და რამდენიმე მატჩი "ზესტაფონმა" სწორედაც ამ უბერებელი გოლეადორის წყალობით მოიგო!
არადა, ჯაბა დვალმა საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად შარშან, სწორედ "ზესტაფონში" დაასრულა და ამავე კლუბის გენერალურ დირექტორად მოგვევლინა, მაგრამ, როცა გუნდს სერიოზული საკადრო პრობლემები მოეძალა, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი, უკვე 36 წლის, კვლავ მოედანზე ვიხილეთ!
"ზესტაფონს" და ამ გუნდის ერთგულ გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ ვულოცავთ ზედა ლიგაში დაწინაურებას! ასევე ვულოცავთ ამ წარმატების ერთ-ერთ მთავარ შემომქმედს, კლუბის მენეჯერ სერგო ფუტკარაძეს და, რა თქმა უნდა, ამ გუნდის, ალბათ, ყველაზე მომთხოვნ და, ამავდროულად, გამორჩეულად ემოციურ ქომაგს, ჩვენს კოლეგასა და მეგობარ ალეკო კაკაურიძეს!"
|