Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

16.11.2021

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონმა" ლიგა 3-ის საგზური მოიპოვა

 

 

 

 

მიმდინარე წლის 16 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს ტურნირის „ზედა ჯგუფის“ ბოლოსწონა, რიგით მეცხრე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" წალენჯიხის "სქურს" უმასპინძლა.

 

როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლის საფეხბურთო სეზონი დასასრულს უახლოვდება და შესაბამისად, სატურნირო ამოცანების შესასრულებლად გაჩაღებული ბატალიები გადამწყვეტ ფაზაშია შესული. ეროვნული ლიგა-4-ს ტურნირის ბოლო ორი ტურის წინ შექმნილი სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, ზესტაფონელებს საკუთარი მიზნის შესასრულებლად "სქურთან" და "ბორჯომთან" გასამართ ორ საშინაო შეხვედრაში ორად-ორი ქულის მოპოვება ესაჭიროებოდათ...

 

რა გასაკვირია, რომ საშინაო კედლებში მოასპარეზე ზემოიმერლების გეგმებში დასახული ამოცანის შესრულების ბოლო ტურის შეხვედრისათვის გადადება სულაც არ შედიოდა, ამიტომ წალენჯიხელებთან მატჩის დაწყებისთანავე მათ სტუმართა კართან ნამდვილი "ქარიშხალი" დაატრიალეს...

 

ანგარიში მატჩის დებიუტშივე გაიხსნა - მე-3 წუთზე ზესტაფონელთა შეტევის მარცხენა ფლანგიდან განვითარებული შეტევა სტუმართა საჯარიმოში თორნიკე კაკუშაძის ჩაწოდებითა და დავით მოსიძის უძლიერესი, თუმცა სტუმართა გოლკიპერის მიერ მოგერიებული დარტყმით გაგრძელდა, სამაგიეროდ დამატებაზე ყველას დაასწრო პაატა ჭანტურიამ და იმერული გუნდი წინ გაიყვანა.

21-ე წუთზე ანგარიში 2-0 გახდა - თორნიკე გრიგალაშვილმა მოედნის ცენტრთან ახლოს ბურთი მეტოქეს აართვა და ზუსტი პასით გიგა ამბროლაძე მოამარაგა, ამ უკანასკნელს კი გატანა არ გასჭირვებია. 30-ე წუთზე კი პაატა ჭანტურიამ, მას შემდეგ რაც თორნიკე კაკუშაძის გამოზომილი პასი შეირგო, "დუბლის" შესრულება მოახერხა.

 

მეორე ტაიმის დებიუტში თავის გამოჩენა თორნიკე გრიგალაშვილმა მოახერხა - მან 52-ე წუთზე გოლად გიგა ამბროლაძის კარგი გადაცემა აქცია. 67-ე წუთზე გიგა ამბროლაძემ წალენჯიხელთა საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა და ანგარიშში სხვაობა ხუთამდე გაზარდა...

 

მართალია, 75-ე წუთზე სტუმარმა ირაკლი კვარაცხელიამ "პრესტიჟის გოლის" გატანა მოახერხა, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში "ბოლო სიტყვა" მაინც მასპინძლებს დარჩათ - 80-ე წუთზე ზაზა წამალაშვილის ძალიან კარგი გადაცემის შემდეგ გიგა ამბროლაძემ "ჰეთ-თრიკიც" შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც 6-1 დააფიქსირა.

 

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მიმდინარე სეზონში გიგა ამბროლაძის პირადი მონაგარი სადღეისოდ 22 გატანილ გოლს შეადგენს და ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ზესტაფონელთა ფორვარდი ეროვნული ლიგა-4-ის ბომბარდირთა სიას ერთპიროვნულად უდგას სათავეში...


დღევანდელი შეხვედრის არბიტრის ბექა კუნჭულიას საფინალო სასტვენის შემდეგ კი მასპინძლებმა მოედანზე მცირე იმპროვიზირებული ზეიმი მოაწყვეს - მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მარგველებმა ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-3-ის საგზური დამსახურებულად მოიპოვეს!

 

* * *

მიმდინარე სეზონის დასკვნით შეხვედრას კი "ზესტაფონი" 22 ნოემბერს გამართავს - საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "ზედა ჯგუფის" დასკვნით, მეათე ტურის შეხვედრაში ჩვენი გუნდი საფეხბურთო კლუბ "ბორჯომს" უმასპინძლებს. ეს მატჩიც დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 13:30 საათზე დაიწყება …

 

16.11.2021. ”ზესტაფონი” - ”სქური” (წალენჯიხა) 6-1

"ზესტაფონი": ასათიანი, კაკუშაძე (გოგობერიშვილი, 57), გელაშვილი, ხუჯაძე, ნიკოლაძე, მოსიძე, გაჩეჩილაძე, გოგიჩაიშვილი (წამალაშვილი, 72), გრიგალაშვილი (სეხნიაშვილი, 84), ჭანტურია (წილოსანი, 46), ამბროლაძე.

დაწვრილებით:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021