Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

11.11.2021

 

 

 

 

 

 

 

 

ზესტაფონური დერბი და სტუმარ-მასპინძლის ამბები

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 11 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს ტურნირის „ზედა ჯგუფის“ მერვე ტურის შეხვედრები. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" იმერეთში მდებარე საწვრთნელ ბაზაზე ჩვენი გუნდი თანაქალაქელ საფეხბურთო კლუბ "მარგვეთი-2006"-ს დაუპირისპირდა.

 

საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს „ზედა ჯგუფის“ კალენდრის თანახმად, დღევანდელ შიდაზესტაფონურ დაპირისპირებაში მასპინძლის სტატუსით ასპარეზობდა "მარგვეთი-2006", რომელმაც, მხარეთა მიერ ხელმოწერილი საიჯარო შეთანხმების საფუძველზე, ჩვენს ბაზაზე ზედიზედ მეორე საშინაო მატჩი გამართა (პირველი თბილისის "დინამო-2"-თან ამასწინანდელი შეხვედრა გახლდათ).

 

მატჩი თავიდანვე ნომინალური სტუმრის სტატუსით მოასპარეზე ზესტაფონელთა უპირატესობით წარიმართა და უკვე მე-7 წუთზე ისინი დავით მოსიძემ დააწინაურა. შეხვედრის მე-17 წუთზე ჩვენი გუნდის კიდევ ერთი სახიფათო იერიში ზუსტი დარტყმით პაატა ჭანტურიამ დაასრულა, ხოლო 32-ეზე თავი უკვე გიგა ამბროლაძემ გამოიჩინა.

 

მეორე ტაიმის დებიუტში "მარგვეთი-2006" გააქტიურდა და 59-ე წუთზე 11-მეტრიანის შესრულების უფლებაც მოიპოვა - პენალტის შესრულება საკუთარ თავზე ლაშა ბუბულაშვილმა აიღო, თუმცა მეკარე დავით ასათიანმა კარის მშრალად შენახვა მოახერხა. მალევე თამაში დაახლებით 15 წუთით შეჩერდა - ამის მიზეზი გახდა ბაკურ ნიკოლაძის ტრავმა, რომელმაც თავის არეში დაზიანება მიიღო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მიერ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი...


თამაშის განახლებიდან რამდენიმე წუთში ნომინალურ სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა - 84-ე წუთზე გატანილი გოლით თავი გიორგი ხუჯაძემ გამოიჩინა. მატჩის არბიტრმა პაპუნა მაჭარაძემ ძირითად დროს მთელი 16 წუთი დაამატა და დროის ამ მონაკვეთში კიდევ 2 გოლი გავიდა - 90+2-ე წუთზე დუბლი პაატა ჭანტურიამ მიითვალა, ხოლო 90+13-ეზე თანაგუნდელს "მხარი აუბა" გიგა ამბროლაძემ, რომლისთვისაც ეს გოლი მიმდინარე სეზონში მე-19 გახლდათ...


საბოლოოდ, მატჩი "ზესტაფონის" გამარჯვებით, ანგარიშით 6-0 დასრულდა და ჩვენს გუნდს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-3-ს საგზურის ოფიციალურად გასაფორმებლად წალენჯიხის "სქურთან" (16 ნოემბერს) და საფეხბურთო კლუბ "ბორჯომთან" (22 ნოემბერს) დარჩენილ 2 საშინაო შეხვედრაში ორი ქულის მოპოვება ესაჭიროება...

 

11.11.2021. ”მარგვეთი-2006” (ზესტაფონი) - ”ზესტაფონი” 0-6

"ზესტაფონი": ასათიანი, გელაშვილი (მამაცაშვილი, 90+7), ხუჯაძე, ნიკოლაძე (სამხარაძე, 51), მოსიძე, გოგიჩაიშვილი, გაჩეჩილაძე (სეხნიაშვილი, 90+3), წამალაშვილი (კაკუშაძე, 46), გრიგალაშვილი, ჭანტურია (დადუნაშვილი, 90+7), ამბროლაძე.

დაწვრილებით:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021