Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

06.11.2021

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონი" ლიგა 3-ს მიუახლოვდა

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს ტურნირის „ზედა ჯგუფის“ მეშვიდე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ვანის "სულორს" უმასპინძლა.

 

როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლის საფეხბურთო სეზონი დასასრულს უახლოვდება და შესაბამისად, სატურნირო ამოცანების შესასრულებლად გაჩაღებული ბრძოლა გადამაწყვეტ ფაზაშია შესული. ზესტაფონელები მიმდინარე სეზონში საკუთარი მიზნის შესრულებასთან ძალიან ახლოს კი არიან, თუმცა ქულების დაკარგვის "ფუფუნება" ჩვენს გუნდს ნამდვილად არა აქვს...

 

როგორც იცით, ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს მიმდინარე ტურნირში ეროვნული ლიგა-3-ს ოთხი საგზური თამაშდება და ამ ოთხიდან ერთ-ერთის გასანაღდებლად ზემოიმერლებს ამ ტურის წინ 7 ქულის მოპოვება ესაჭიროებოდათ. აქედან გამომდინარე, ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გამო ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლების მიუხედავად, მასპინძლები ძალიან სერიოზულად მოეკიდნენ ვანელებთან დაპირისპირებას და თავიდანვე ხელთ იგდეს მატჩის სადავეები.

 

ანგარიში შეხვედრის 23-ე წუთზე გაიხსნა - ვანელთა საჯარიმოში გიგა ამბროლაძის წაქცევისათვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა გოლად თავად დაზარელებულმა აქცია. 27-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაიზარდა - მასპინძელთა ხანგრძლივი შეტევა სტუმართა კარში ულამაზესი და აუღებელი დარტყმით პაატა ჭანტურიამ დააგვირგვინა.

 

შესვენებამდე ზესტაფონელებმა კიდევ ერთხელ შეძლეს ვანელთა დამწუხრება - 45-ე წუთზე მასპინძელთა კაპიტანმა ნოდარ გაჩეჩილაძემ ზუსტი გადაცემით "სულორის" გოლკიპერ ავთანდილ ნედელკინთან პირისპირ დატოვა ფორვარდი ვანო წილოსანი და ამ უკანასკნელმა ბურთი კარის ბადეში მშვიდად გადაგზავნა.

 

დღევანდელი დაპირისპირების მეორე ნახევარი შედარებით მშვიდად წარიმართა. აღსანიშნავია, რომ მატჩის მიმდინარეობისას დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მწვანე მინდორზე ჩვენი საკლუბო აკადემიის აღსაზრდელები ზაზა წამალაშვილი (90-ვე წუთი) და დადუ დადუნაშვილი (მოედანზე მეორე ტაიმში შემოვიდა) გამოჩნდნენ და საკუთარი თავი საკმაოდ კარგადაც წარმოაჩინეს. მატჩი კი მარგველთა დამსახურებული გამარჯვებით, დიდი ანგარიშით 3-0 დასრულდა.

 

შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 11 ნოემბერს გამართავს - საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "ზედა ჯგუფის" მერვე ტურის შეხვედრაში ჩვენი გუნდი თანაქალაქელ "მარგვეთი-2006"-ს დაუპირისპირდება. მატჩი საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" იმერეთში მდებარე ბაზაზე გაიმართება და 13:30 საათზე დაიწყება …

 

06.11.2021. ”ზესტაფონი” - ”სულორი” (ვანი) 3-0

"ზესტაფონი": ასათიანი, გრიგალაშვილი, ხუჯაძე, ნიკოლაძე, მოსიძე, გაჩეჩილაძე, სამხარაძე (გოგიჩაიშვილი, 55 ), წამალაშვილი, ჭანტურია, ამბროლაძე, წილოსანი (დადუნაშვილი , 76).

დაწვრილებით:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021