Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

29.10.2021

 

 

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ "ზესტაფონის" მფლობელ ილია კოკაიასთან

 

 

 

 

 

2021 წლის 29 ოქტომბერს ინტერნეტგამოცემა "პოპსპორტმა" გამოაქვეყნა ჟურნალისტ სანდრო ცნობილაძის ინტერვიუ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელ ბატონ ილია კოკაიასთან, რომელშიც საუბარი ქართული ფეხბურთისათვის ბევრ საჭირბოროტო საკითხს ეხება. ჩვენ ამ პუბლიკაციას უცვლელად გთავაზობთ...


საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაია საკმაოდ კონტროვერსული ფიგურაა. მის იდეებს და მოსაზრებებს მხარდამჭერებთან ერთად მოწინააღმდეგეებიც ყოველთვის ჰყავდა. ქართული ფეხბურთის ინვესტორთა შორის ის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია.

 

"პოპსპორტი" ილია კოკაიას შეხედულებებით, არა მარტო ქართულ ფეხბურთში ამჟამად არსებულ ვითარებაზე, არამედ რამდენიმე წლის წინანდელ მოვლენებთან დაკავშირებითაც დაინტერესდა...

 

- ინტერვიუ "ზესტაფონით" უნდა დავიწყოთ. რა მდგომარეობაა ახლა კლუბში?

 

- დღეს ზესტაფონი მეოთხე ლიგაშია, მაგრამ მიზანი, რა თქმა უნდა, უმაღლესში დაბრუნებაა. ჩვენი გუნდის დირექტორი ჯაბა დვალია. კლუბს აქვს თავისი პროგრამა, რომლის განხორციელებაც ფაქტობრივად ნულიდან დაიწყო. თუმცა, მთავარი ეს არაა. მთავარი ქართული ფეხბურთის განვითარებაა. თბილისის ზღვაზე ბავშვთა საფეხბურთო სკოლა გვაქვს, რომელიც, ჩემი აზრით, უახლოეს მომავალში ქართულ ფეხბურთს ძალიან გამოადგება. ბავშვები ბუნებრივსაფარიან მინდვრებზე ვარჯიშობენ.

 

ვფიქრობ, ხელოვნურსაფარიანი მოედნები ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ამდენი კარგი მოთამაშე გვყავს და ადრეულ ასაკში, არასწორი ფიზიკური განვითარების გამო, ყველა ტრავმებისკენაა მიდრეკილი. ბუნებრივსაფარიანი მოედანი ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ქართული ფეხბურთისადმი ეს ხარკი ვინმემ უნდა გაიღოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არსებობს ისლანდიის მაგალითი, სადაც წელიწადში შვიდი თვე თოვლია, მაგრამ იქ უპირატესობას მაინც ბუნებრივსაფარიან მოედნებს ანიჭებენ

 

- 2017 წელს, სფფ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ზესტაფონის საკითხი უნდა განხილულიყო. თქვენც მიწვეული იყავით, მაგრამ სხდომას არ დაესწარით, რის შემდეგაც ლევან კობიაშვილმა განაცხადა: "ილია კოკაიას მოუწევს, ზესტაფონის გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე, რომ მას ფეხბურთში დაბრუნების არანაირი სურვილი არ აქვს". რატომ თქვით უარი დასწრებაზე?

 

- სფფ მიიჩნევდა, რომ ზესტაფონს მეორე ლიგაში უნდა ეთამაშა, მაგრამ ეს ვარიანტი ჩვენთვის მიუღებელი იყო. თავის დროზე გუნდი, რომელსაც გარიგებულ მატჩში მონაწილეობა არასდროს მიუღია, სრულიად უსამართლოდ დაისაჯა. ლევან კობიაშვილი ჩამოსული იყო ზესტაფონში და ძალიან შეწუხებულმა მითხრა, რომ უმაღლეს ლიგაში გუნდის ინტეგრირება არ შეეძლო.

 

სანაცვლოდ, მან მეორე ლიგაში თამაში შემოგვთავაზა. ჩემთვის გაუგებარი იყო, რას ეფუძნებოდა ეს გადაწყვეტილება. ვერც იმ აღმასკომზე ჩემი ყოფნის აუცილებლობა დავინახე, მით უმეტეს, რომ მე აღმასრულებელი კომიტეტის წევრიც კი არ ვიყავი. რა უნდა მექნა? უნდა მივსულიყავი და აღმასკომისთვის დამეჩოქა, რომ ზესტაფონი უმაღლეს ლიგაში დაებრუნებინათ? ასევე ვერ გავიგე, უჩემოდ ეს საკითხი რატომ არ განიხილეს.

 

კლუბს ჰყავს აღმასრულებელი დირექტორი, ჰყავს იურისტები. იმ სხდომაზე მე კი არა, სწორედ ეს ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ. მე მხოლოდ ამ გუნდის მეპატრონე ვარ. თუ არ მინდა, რომ ზესტაფონის და ქართული ფეხბურთის ცხოვრებაში მონაწილეობა მივიღო, დღემდე რატომ ვარ ამ საქმით დაკავებული? მერწმუნეთ, ახლაც კი გაცილებით დიდ თანხებს ვხარჯავ, ვიდრე უმაღლესი ლიგის ზოგიერთი კლუბის მფლობელი.

 

- როგორ მოხერხდა, რომ არათბილისურმა კლუბმა, არა ერთჯერად, არამედ ხანგრძლივ წარმატებას მიაღწია და რამდენად დიდი როლი აქვს ამ წარმატებაში სწორ სატრანსფერო პოლიტიკას?

 

- ზესტაფონში ფეხბურთი ძალიან უყვართ. ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ევროტურნირების ერთ-ერთი მატჩის წინ ჩემთან აღშფოთებული თანამშრომელი მოვიდა და მითხრა, რომ ბილეთებს გადამყიდველები ყიდდნენ. გამეცინა. ვუპასუხე, რომ კი არ უნდა აღშფოთებულიყო, არამედ გახარებოდა, რადგანაც ზესტაფონის თამაშზე ადამიანები მზად იყვნენ, გადაეხადათ იმაზე მეტი თანხა, ვიდრე ბილეთის ფასად დავადგინეთ.

 

რაც შეეხება სატრანსფერო პოლიტიკას: რასაც ვხედავ, დღეს ეს პროცესი ძალიან არაკვალიფიციურად მიმდინარეობს. არადა, დღეს ყველაფერი ძალიან ადვილია. ნებისმიერ მოთამაშეზე ინფორმაციის მოძიება უმოკლეს დროშია შესაძლებელი. შერიფის მაგალითი ამის ნათელი დადასტურებაა. ამოსავალი წერტილი ამა თუ იმ ქვეყნის ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელის გადაბირება უნდა იყოს.

 

გასაგებია, რომ წამყვანი ქვეყნების ნაკრების მოთამაშეებს ვერ გავწვდებით, მაგრამ არსებობს ქვეყნები, რომელთა ნაკრების მოთამაშეებიც საქართველოში სათამაშოდ სიამოვნებით ჩამოვლენ. ალან ჟირესმა, რომელიც თავის დროზე საქართველოს ნაკრებში მუშაობდა, გაბონიდან რამდენიმე მშვენიერი ფეხბურთელი შემოგვთავაზა - მაგალითად, იმ პერიოდში გაბონის ეროვნული ნაკრების კაპიტანი კესანი, აკუასაგა, ოვონო, რომელიც დინამო თბილისის მეკარე იყო. ასეთი მოთამაშეები მოტივირებულნი არიან. დღეს ჩვენთან ჩამოდიან ესპანელი ფეხბურთელები, რომლებსაც სეგუნდა დივიზიონიც კი არ აქვთ ნათამაშები. ზესტაფონშიც თამაშობდა გერმანელი, რომელსაც თავისი ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებში ჰქონდა ნათამაშები. საქართველოს ჩემპიონატის დონეზე ურიგო მოთამაშე არ იყო, მაგრამ ევროტურნირებზე ვერ დაგვეხმარა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ლეგიონერი რომელი ქვეყნიდან მოგყავს, მაგრამ მხოლოდ ქვეყნის სახელს არ უნდა გამოვეკიდოთ.

 

 

- ზესტაფონის მოთამაშეები სარფიანად იყიდებოდნენ, მაგრამ მერე დგებოდა რეალობა, რომ ვერ თამაშობდნენ. რა იყო ამის მიზეზი?

 

- ეს ჩვენი სამწუხარო რეალობაა, თუმცა ზესტაფონის მაგალითზე სხვა ფაქტებიც მომხდარა. ავიღოთ უჩა ლობჟანიძე, რომელიც ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იყო. დნეპრმა მასში 2 მილიონი გადაიხადა. უჩამ უკრაინის საკმაოდ რთულ ჩემპიონატში ნორმალურად ითამაშა. იყო ასევე გელაშვილის მაგალითიც, რომელიც ბოხუმში გავუშვით. თავდაპირველად ყველა აღფრთოვანებული იყო. პირველ მატჩში გოლი გაიტანა, მომდევნო შეხვედრაში პენალტი გამოიმუშავა, მაგრამ შემდეგ თავი ძველმა ტრავმამ იჩინა, მეტოქეებმაც მისი თამაშის მანერა გაშიფრეს და თამაშს მოუკლო. ბავშვობაში გელაშვილს ძალიან ცუდი, სპეციფიკური ტრავმა ჰქონდა მიღებული - მყესი ჰქონდა გაწყვეტილი, რამაც თავი გერმანიაში გაახსენა.

 

გვყავდა ბექა გოცირიძე, რომელიც ავარიაში მოყვა და კარიერა ვეღარ გააგრძელა. იყო ხიდეშელი, რომელიც უცხოურ კლუბში მხოლოდ იმიტომ ვერ წავიდა, რომ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. არადა, ეს ტრავმა ბავშვობაში მისმა არასწორმა ფიზიკურმა განვითარებამ გამოიწვია. ასეთი ტრავმის შემდეგ თუ მოახერხე და შენი პოტენციალის 60 პროცენტი გამოავლინე, მიღწევაა. ხიდეშელს ზუსტად ის ტრავმა ჰქონდა, რომელიც თავის დროზე ბრაზილიელმა რონალდომ მიიღო, მაგრამ რონალდოს 60 პროცენტი სუპერვარსკვლავობისთვის საკმარისი იყო.

 

- ნოდარ ახალკაცი უმცროსის ერთ-ერთი წარმდგენი და მასთან ძალიან დაახლოებული პირი იყავით. რატომ არ გაამართლა მისმა პროექტმა?

 

- მე უფროსი ნოდარ ახალკაცის თაყვანისმცემელი ვარ. მსგავსად ერუდირებული და შრომისმოყვარე ადამიანი არ შემხვედრია. ის მარტო დინამო თბილისის კი არა, ქვეყნის მართვასაც შეძლებდა. უმცროსი ნოდარიც უაღრესად განათლებული და კარგი იურისტია. მისი დღევანდელი სტატუსი ამის დადასტურებაა. პირველი, რაც უმცროს ნოდარს ვუთხარი, ის იყო, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა ურთულესი საქმე იქნებოდა. ჩემი წინასწარმეტყველება ახდა. ბევრი დაპირებიდან, რომელიც მაშინ სახელმწიფომ გასცა, თითქმის არაფერი შესრულდა.

 

ერთ მაგალითს გავიხსენებ. დანიაში თამაშზე ეროვნული გუნდის გამგზავრება ჩემი დაფინანსებულია. იყო შემთხვევა, როდესაც ფიფამ საქართველოში ინფრასტრუქტურის მშენებლობა დააფინანსა, მაგრამ ამ დროს კერძო პირმა თბილისში დიეგო მარადონა ჩამოიყვანა, რომელსაც შემდეგ ამ ადამიანმა თანხა ვერ გადაუხადა და ისიც მაშინდელი სფფ-ის გასასტუმრებელი გახდა. ოღონდ, მარადონამ თავისი ჰონორარი ფიფას მიერ გამოყოფილი სახსრებიდან მიიღო. გარდა ამისა, კიდევ უამრავი წინააღმდეგობა იქმნებოდა, რამაც საბოლოოდ ნოდარს პოსტის დატოვება გადააწყვეტინა და მიმაჩნია, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო.

 

- ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის არსებობას თუ ემხრობით და რამდენად სწორად იხარჯება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა?

 

- სანამ დაფინანსების პროგრამა დაიწყებოდა, სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში მეც ვიყავი. პირველივე შეხვედრაზე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია - სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა არ უნდა მოხმარებოდა ფეხბურთელების პრემიებსა და ხელფასებს. ეს რესურსი უნდა ყოფილიყო მიმართული ინფრასტრუქტურის, სპორტული მედიცინის, საფეხბურთო განათლების განვითარებაზე. პირველი დღიდანვე დავინახე, რომ ეს თანხა გარკვეული ადამიანების პირადი ამბიციების დაკმაყოფილებას მოხმარდებოდა.

 

დაფინანსების არსებულმა ფორმამ, თანხების მოზიდვის კუთხით კლუბის ხელმძღვანელების უუნარობა გამოიწვია. რა მივიღეთ? თუ ამ პროგრამის ამუშავებამდე კერძო სექტორი ფეხბურთში 20-25 მილიონს დებდა, პროგრამის ამუშავების შემდეგ კერძო სექტორიდან ყველა კლუბმა ერთად 800 000 მოიზიდა. არადა, ამ ფონდის შექმნის იდეა კერძო სექტორის მიერ ფეხბურთში დაბანდებული ფულის რაოდენობის გაზრდა იყო. რა თქმა უნდა, ვერანაირი შედეგი ამ მიდგომით ვერ მივიღეთ. ერთადერთი, რაც ახალი გაკეთდა, ხელოვნურსაფარიანი მოედნებია, რომელთა გაკეთებასაც სფფ-ის ხელმძღვანელი გვამადლის. ძალიან არ მომეწონა მისი შოთა არველაძისადმი მიმართვა. კოლეგას, თან ისეთს, როგორიც შოთა არველაძეა, ასეთი სიტყვები არ უნდა უთხრა.

 

ჩემთვის მუჯირიც და კობიაშვილიც საკმაოდ ახლობელი ადამიანები არიან. ვცხოვრობ პრინციპით - "მოყვარეს პირში უძრახე". კრიტიკას არც უმცროს ნოდარ ახალკაცს ვაკლებდი. მაქვს ჩემი მოსაზრება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მიმაჩნია, რომ საავტომობილო ტრასის მიმდებარედ საფეხბურთო აკადემიის გახსნა, სადაც ვარჯიშის დროს ბავშვი დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს, მართებული არაა. ჯერ კიდევ დიდმა ნოდარ ახალკაცმა მითხრა, რომ თასების მფლობელთა თასის მომგებ დინამოს ის თბილისის ზღვაზე სისტემატიურად ავარჯიშებდა, რადგანაც იმ ტერიტორიაზე განსხვავებული ჰაერია. სხვათა შორის, ჩვენს ცენტრში, რომელიც თბილისის ზღვაზე მდებარეობს, ერთი წელი საბურთალომ ივარჯიშა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. ამ დროს სფფ-ის აკადემიის ბაზა რუსთავის ბაზრობის გვერდითაა.

 

- საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისევ პრობლემები აქვს. რა არის ამის მიზეზი?

 

- არ გვყავს საჭირო რაოდენობისა და დონის ფეხბურთელები. გამოჩნდა ჩაკვეტაძე და მიიღო ტრავმა, გამოჩნდა კვარაცხელია და სატრანსფერო პრობლემები შეექმნა. ამ ვითარებაში მთავარი მწვრთნელი უძლურია. ვერც ვილი სანიოლი და ვერც მასზე ბევრად გამოცდილი, ავტორიტეტული სპეციალისტი დადებით შედეგს ვერ მოგვიტანს.

 

- ხვიჩა კვარაცხელია ახსენეთ. ხომ არ გეჩვენებათ, რომ მის ირგვლივ არსებული ვითარება სპეციფიკურია?

 

- ჩემი გამოცდილებიდან ერთს ვიტყვი: თუ რომელიმე დიდ გუნდს ფეხბურთელის ყიდვა ნამდვილად სურს, აუცილებლად იყიდის. არ ვფიქრობ, რომ კვარაცხელია, რომელიც არაჩვეულებრივი ტალანტის მქონეა, აგენტმა ან კლუბმა დააკავა და არ გაუშვა. ასეთ ქმედებას უბრალოდ აზრი არ აქვს. მოთამაშეს ჯაჭვით ხომ ვერ დააბამ? ახლა მთავარია, ხვიჩამ ყურები არ ჩამოყაროს და ეს დროებითი რთული პერიოდი გადალახოს. დარწმუნებული ვარ, რომ გადალახავს.

 

2004 წელს ილია კოკაიამ თანამოაზრეებთან ერთად საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი დააფუძნა. 2010-11 და 2011-12 წლების სეზონებში ზესტაფონმა საქართველოს ჩემპიონატი მოიგო. ზესტაფონელებმა ასევე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი (2008 წელს) და საქართველოს სუპერთასი (2011 და 2012 წლებში) მოიგეს.

 

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021