27.10.2021
ფრე პრინციპულ შეხვედრაში
2021 წლის 27 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მორიგი შეხვედრა გამართა - "მცხეთა-პარკზე" გამართულ საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "ზედა ჯგუფის" მეხუთე ტურის შეხვედრაში იმერლები ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს, საფეხბურთო კლუბ "ბორჯომს" დაუპირისპირდნენ...
ზესტაფონელებმა დღევანდელი შეხვედრა დებიუტშივე გაშვებული კიდევ ერთი გოლით დაიწყეს - მე-4 წუთზე ზუსტი დარტყმით თავი ბორჯომელმა ლაშა მჭედლიშვილმა გამოიჩინა. სტუმრებს უკვე საპასუხო შეტევაში მართებდათ ანგარიშის გათანაბრება, თუმცა ახლო მანძილიდან ნოდარ გაჩეჩილაძის დარტყმული მასპინძელთა კარის ზედა ძელმა აისხლიტა.
ამის შემდეგ გოლის გატანის შანსი ისევ მასპინძელ ბორჯომელებს მიეცათ, თუმცა იმერლები ძალიან დიდ ხიფათსა და კიდევ უფრო დიდ უსიამოვნებეს ახალგაზრდა გოლკიპერმა გიორგი აბრამიშვილმა გადაარჩინა. ამის შემდეგ კი სტუმართა უპირატესობა ძალიან თვალსაჩინო გახდა და ამან შედეგი პირველი ტაიმის მიწურულს მოიტანა...
წონასწორობის აღდგენა შემდეგნაირად მოხერხდა - 45-ე წუთზე ზესტაფონელთა მორიგი იერიშისას გოგი გოგიჩაიშვილმა მასპინძელთა საჯარიმოში გაკეთებული ზუსტი გადაცემით დავით მოსიძემ მოამარაგა, რომელსაც კარისაკენ დარტყმაში ხელი ლაშა მჭედლიშვილმა წესის დარღვევით შეუშალა, მატჩის არბიტრმა გიორგი ვარდიძემ ის დაუყოვნებლივ მოედნიდან გააძევა, მისი კარის მიმართულებით კი დანიშნა პენალტი, რომელიც გიგა ამბროლაძემ მისთვის დამახასიათებელ მშვიდ მანერაში გოლად აქცია.
ანგარიშის გათანაბრებიდან ზუსტად ერთ წუთში მოვლენათა ამგვარი განვითარებით შოკირებული მასპინძლები უკვე მდევრის როლში აღმოჩნდნენ. მარგველთა რიგით მეორე საგოლე კომპინაციაში მონაწილეობა იმავე "ფიგურანტებმა", დავით მოსიძემ და გიგა ამბროლაძემ მიიღეს - ამათგან პირველმა შეტევის მარცხენა ფლანგიდან ბორჯომელთა საჯარიმოში სოლო-რეიდი განახორციელა, ხოლო მეორემ პარტნიორის გადაცემა მშვენივრად შეირგო...
მეორე ნახევარი ზესტაფონელებმა ძალიან მშვიდად დაიწყეს, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ისინი თამაშის მიმდინარეობას დამაჯერებლად აკონტროლებდნენ. თუმცა, ტაიმის მეორე ნახევრიდან თამაში გაიხსნა - კაცნაკლული ბორჯომელები თამაშის გადასარჩენად გააქტიურდნენ, სტუმრები კი მათ ასეთ თამაშში აყვნენ და რამდენიმე ეპიზოდში ძალიან ახლოს იყვნენ დღევანდელ ჯახში გამარჯვებულის ვინაობის საბოლოოდ გამოვლენასთან...
საბოლოოდ კი მოხდა ისე, როგორც ფეხბურთში ძალიან ხშირად ხდება - სტუმართა მიერ გამოუყენებელი მომენტების მთელ კასკადს ბორჯომელთა საპასუხო, თუმცა შედეგიანი იერიში მოყვა. 90-ე წუთზე დღევანდელ შეხვედრაში მასპინძელთა ფაქტიურად უკანასკნელი იერიში იმერელთა საჯარიმოში მაღალი ჩაწოდებითა და დავით ქიმერიძის ზუსტი თავურით დარტყმით დასრულდა. დასანანი ფრე 2-2.
|
27.10.2021. ”ბორჯომი” - ”ზესტაფონი” 2-2 |
"ზესტაფონი": აბრამიშვილი, გრიგალაშვილი, გელაშვილი, ნიკოლაძე, ხუჯაძე, მოსიძე, გაჩეჩილაძე, გოგიჩაიშვილი, გოგობერიშვილი (წილოსანი, 54), ჭანტურია, ამბროლაძე.
დაწვრილებით:
|
ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "თეთრი ჯგუფის" მეექვსე ტურის მატჩს "ზესტაფონი" 1 ნოემბერს გამართავს. ამ დღეს ჩვენი გუნდი თბილისს ეწვევა და ადგილობრივ "სპაერზე" საფეხბურთო კლუბ ”ირაოს” დაუპირისპირდება. შეხვედრა 13:30 საათზე დაიწყება...
|