Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

25.10.2021

 

 

 

 

 

 

 

 

მეტოქე - ძველი ნაცნობი ბორჯომელები

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი "ბორჯომი"
 

ოთხშაბათს, 27 ოქტომბერს, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს „ზედა ჯგუფის“ ტურნირის მორიგ მატჩს გამართავს - ამ დღეს ჩვენი გუნდი მცხეთას ეწვევა და ადგილობრივ "მცხეთა-პარკზე" საფეხბურთო კლუბ ”ბორჯომს” დაუპირისპირდება.

 

საფეხბურთო კლუბების "ბორჯომისა" და "ზესტაფონის" დაპირისპირებათა ისტორია 2005-2006 წლების სეზონის უმაღლესი ლიგის ტურნირიდან იღებს სათავეს. ამ გუნდების შეხვედრები თავიდან მეტად პრინციპული ხასიათისა გახლდათ და ძალიან დაძაბულად და უკომპრომისოდ მიმდინარეობდა...

 

უმაღლესი ლიგის ტურნირში გამართული პირველი შეხვედრა თბილისის "ასკ"-ს სტადიონზე 2005 წლის 20 სექტემბერს გაიმართა და ბორჯომელთა ერთადერთი, მინიმალური გამარჯვებით 1-0 დასრულდა. 2005-2006 წლების სეზონში ზესტაფონში გამართულ საპასუხო მატჩში კი უგოლო ფრე 0-0 დაფიქსირდა...

 

ამის შემდეგ სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა - 2006-2007 წლების სეზონში მარგველებმა ორივე შეხვედრაში დაამარცხეს (4-0 და 2-1) ოპონენტი, რასაც მომდევნო, 2007-2008 სეზონში მოპოვებული კიდევ 2 გამარჯვება (1-0 და 2-0) მიაყოლეს და მეტოქესთან პირად შეხვედრებში დადებითი ბალანსი შეიქმნეს.

 

2008-2009 წლების სეზონში გუნდები ერთმანეთს სამჯერ ეპაექრნენ. ბორჯომში ნათამაშებ ფრეს 1-1 იმერლებმა შინ მოპოვებული მინიმალური გამარჯვება 1-0 მოაყოლეს. ზესტაფონელთა და ბორჯომელთა სადღეისოდ ბოლო შეხვედრაც, რომელსაც 2009 წლის 3 მაისს ბორჯომმა უმასპინძლა, ნიკოლოზ გელაშვილის ჰეთ-თრიკის წყალობით, იმერელთა გამარჯვებით ანგარიშით 3-1 დასრულდა.

 

სულ, ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის შეხვედრებში, "ზესტაფონსა" და "ბორჯომს" ერთმანეთთან 9-ჯერ უასპარეზიათ. აქედან 6 შეხვედრაში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა, 2 მატჩი დასრულდა ფრედ, 1-ხელაც მოიგეს ბორჯომელებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი გახლავთ 14:4 იმერელი ფეხბურთელების სასარგებლოდ.

 

რაც შეეხება დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებას, აქ ბორჯომელთა და მარგველთა გზები ერთადერთხელ გადაიკვეთა - თასის 2006-2007 წლების გათამაშების მეოთხედფინალში ზესტაფონელებმა ორი მატჩის ჯამში (2-1 და 1-1) დაამარცხეს მეტოქე...

 

შესაბამისად, ჯამში ამ გუნდების დაპირისპირებათა ისტორია სადღეისოდ 11 შეხვედრას ითვლის, რომელთაგან იმერლებმა 7 მოიგეს, 3-ჯერ დაფიქსირდა ფრე, ბორჯომელთა აქტივს კი 1 გამარჯვება შეემატა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 17:6 ზესტაფონელთა სასარგებლოდ.

 

საინტერესოა ის გარემოებაც, რომ "ბორჯომის" კარში ზესტაფონელთაგან ყველაზე ხშირად ნიკოლოზ გელაშვილს გაუტანია - იმერული კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირს ოპონეტთა კარის ბადე 4-ჯერ აქვს შერხეული. 3 გატანილი გოლი კი გაგა ჩხეტიანის ანგარიშზეა...

 

საფეხბურთო კლუბ "ბორჯომთან" "მცხეთა-პარკზე" 27 ოქტომბერს გასამართი შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021