Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

22.10.2021

 

 

 

 

 

 

 

 

წარმატებული ვიზიტი სამეგრელოში

 

 

 

 

 

2021 წლის 22 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მორიგი მატჩი გამართა - საშა კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის სტადიონზე გამართულ ეროვნული ლიგა-4-ს "ზედა ჯგუფის" მეოთხე ტურის შეხვედრაში მარგველები ადგილობრივ "სქურს" დაუპირისპირდნენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ზესტაფონელებს კვლავაც აწუხებთ ტრავმებით გამოწვეული გარკვეული საკადრო დანაკლისი (ირაკლი საღარეიშვილის, ავთო სირაძისა და ვანო წილოსანის იძულებით უქმობას დღევანდელი მატჩის დებიუტში თორნიკე კაკუშაძის დაზიანებაც დაემატა), წალენჯიხელებთან დაპირისპირება სტუმართა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5-0 დასრულდა.

 

ზემოიმერლებმა თავიდანვე შეუტიეს მასპინძელთა კარს და ორიოდე სახიფათო მომენტის განიავების შემდეგ, შეხვედრის მე-14 წუთზე, ყოფილი გუნდის კარის ბადე "სქურის" ყოფილმა ნახევარმცველმა და დღესდღეობით საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" შემტევმა პაატა ჭანტურიამ შეარხია...

 

ზესტაფონელები ანგარიშში დაწინაურების შემდეგაც აქტიურობდნენ და წალენჯიხელთა საჯარიმოში დავით მოსიძის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი 30-ე წუთზე გოლად გიგა ამბროლაძემ აქცია. 36-ე წუთზე პაატა ჭანტურიამ საკუთარ ანგარიშს "ასისტიც" შემატა - მისი მახვილგონივრული გადაცემის შემდეგ "სქურის" მეკარე ტარიელ ხარჩილავასთან პირისპირ გასულმა კობა გოგობერიშვილმა ყველაფერი ცივსისხლიანად შეასრულა...


სტუმრები არც ამაზე შეჩერდნენ და ანგარიშში საკუთარი უპირატესობა შესვენებამდე ოთხ ბურთამდე გაზარდეს - ნოდარ გაჩეჩილაძის გადაცემის შემდეგ ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან გიგა ამბროლაძემ მიიღო, "მრგვალი საგანი" მეტოქეს თავზე ოსტატურად გადაუგდო და მიმდინარე სეზონში მე-14 გოლი ლამაზად გაიტანა.

შეხვედრის პირველ ნახევარში დაფიქსირებული ანგარიშის გათვალისწინებით, მეორე ტაიმში თამაში ოდნავ დამშვიდდა. თუმცა, მოედანზე მიმდინარე მოვლენებს ისევ სტუმრები აკონტროლებდნენ და 54-ე წუთზე, გიგა ამბროლაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ, დღევანდელი მეგრულ-იმერული რანდევუს საბოლოო ანგარიში დავით მოსიძის ზუსტი დარტყმის შემდეგ დაფიქსირდა...

 

ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "თეთრი ჯგუფის" მეხუთე ტურის მატჩს "ზესტაფონი" 27 ოქტომბერს გამართავს. ამ დღეს ჩვენი გუნდი მცხეთას ეწვევა და ადგილობრივ "მცხეთა-პარკზე" საფეხბურთო კლუბ ”ბორჯომს” დაუპირისპირდება.

 

22.10.2021. ”სქური” (წალენჯიხა) - ”ზესტაფონი” 0-5

"ზესტაფონი": აბრამიშვილი, კაკუშაძე (გოგობერიშვილი, 8), გელაშვილი (სამხარაძე, 68), ნიკოლაძე, ხუჯაძე, მოსიძე (ჩხიკვაძე, 62), გაჩეჩილაძე, გოგიჩაიშვილი, გრიგალაშვილი, ჭანტურია, ამბროლაძე (წამალაშვილი, 68).

დაწვრილებით:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021