Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

17.10.2021

 

 

 

 

 

 

 

 

პირველი გამარჯვება მეორე ეტაპზე

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს ტურნირის „ზედა ჯგუფის“ მესამე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" თანაქალაქელ საფეხბურთო კლუბ "მარგვეთი-2006"-ს უმასპინძლა.

 

სეზონის გადამწყვეტი, მეორე ეტაპის საწყის ორ ტურში განცდილი ორი, რბილად რომ ვთქვათ, კურიოზული მარცხის შემდეგ, ეროვნული ლიგა-3-ს საგზურისათვის მებრძოლ მასპინძლებს დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებისა და 3 ქულის გარდა, საკუთარი გულშემატკივრის თვალში რეაბილიტაციაც ესაჭიროებოდათ...

 

უნდა ითქვას, რომ თანაქალაქელებთან შეხვედრამდე "ზესტაფონს" საკმაოდ სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნა - ავთანდილ სირაძისა და ირაკლი საღარეიშვილის რამდენიმეკვირიან იძულებით უქმობას ყვითელი ბარათების ლიმიტის გადამეტების გამო გიგა ამბროლაძის დისკვალიფიკაცია და ვანო წილოსანის ტრავმა დაემატა...

შეტევის ხაზში წარმოქმნილი საკადრო დეფიციტის შესავსებად გუნდის დამრიგებელმა ლევან ჯოხაძემ ზესტაფონელთა უბერებელ გოლეადორ ჯაბა დვალს უხმო. როგორც მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე თვის წინ ჯაბამ სპორტული კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა და ჩვენი კლუბის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაიწყო მოღვაწეობა, თუმცა პირველივე საჭიროებისას ის გუნდს ისევ გვერდით დაუდგა...

 

წინა 2 შეხვედრის მსგავსად, მასპინძლებმა დღევანდელი მატჩიც დებიუტშივე გაშვებული გოლით დაიწყეს - მე-4 წუთზე ზუსტი დარტყმით თავი სტუმარმა ავთანდილ ქოიავამ გამოიჩინა. წონასწორობის აღდგენა მხოლოდ ტაიმის მიწურულს დავით მოსიძემ მოახერხა - 39-ე წუთზე მან სტუმართა მცველებს დასწრებაზე აჯობა და ბურთი ბადეში გადაგზავნა...

მეორე ტაიმი მთლიანად მასპინძელთა კარნახით წარიმართა და 61-ე წუთზე დავით მოსიძის წაქცევისათვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა გოლად მწვანე მოედანზე დაბრუნებულმა ჯაბა დვალმა აქცია. დარჩენილ დროში მასპინძლებს ანგარიშში სხვაობის კიდევ უფრო გაზრდაც შეეძლოთ, თუმცა სტუმრები თავს მედგრად იცავდნენ და საბოლოოდ, მატჩი მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით 2-1 დასრულდა.

 

შემდეგ შეხვედრას "ზესტაფონი" 22 ოქტომბერს  გამართავს - საქართველოს XXXIII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ს "ზედა ჯგუფის" მეოთხე ტურის შეხვედრაში მარგველები წალენჯიხაში ადგილობრივ "სქურს" ესტუმრებიან…

 

17.10.2021. ”ზესტაფონი” - ”მარგვეთი-2006” (ზესტაფონი) 2-1

"ზესტაფონი": აბრამიშვილი, კაკუშაძე, გელაშვილი, ხუჯაძე (გოგუაძე, 46), ნიკოლაძე, მოსიძე, გოგიჩაიშვილი, გაჩეჩილაძე, გრიგალაშვილი, ჭანტურია (გოგობერიშვილი, 80), დვალი.

დაწვრილებით:

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2021